ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/1422

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტელეკომპანია "კავკასიის" თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს

22 მაისს საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია "გატამ", მედიის განვითარების ფონდმა (MDF), საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა  (TDI) ტელეკომპანია კავკასიის თვითრეგულირების ორგანოს მიმართეს.
 
მიმართვის საფუძველი 14 მაისის თოქ-შოუ "სპექტრში" გადაცემის წამყვანის დავით აქუბარდიას მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა:
 
დავით აქუბარდია, წამყვანი: "აზერბაიჯანული ქალაქი გახდება 15-20 წელიწადში ეს ქალაქი [რუსთავი], თუ ეს არ გადავარჩინეთ... რუსთავი უნდა გადარჩეს, როგორც ქართულ ქალაქად და ეს იდეა ჩემი იდეა არ არის, ეს სტალინის იდეაა არის...
 
ეს უხერხული თემებია, მცოცავი ანექსიაა ეს იცი, ნელა-ნელა მოდიან, ეს ქალაქი იჭერს, თორემ აგერ ორთაჭალასთან სხვა ქვეყნის საზღვარი გვექნებოდა... შემცირდა მოსახლეობა თქვენთან, განახევრდა, პირველი სართულები ვინც იყიდეს, სუყველას აქვს ბაქოში ბინები...
 
წმინდა ეკონომიური დისკრიმინაცია მიდის იქ ქართველების... ორი აზერბაიჯანული ბანკი მარტო აზერბაჯანლებს აძლევს კრედიტს, რომ ბინები იყიდონ... ჩაგრავენ ქართველებს და ქართველების შემცირება ხდება... ეროსი, აქედან იწყება მერე დაკარგვა ტერიტორიების, მეტი კი არაფერი იყო - რეალური მოსახლეობის პრინციპი - კახი, ბელაქანი, ზაქათალა, ნახე რა, 20 წლის მაისის ხელშეკრულება რუსეთთან. აღიარებდნენ, იმას საქართველოს ტერიტორიად. მერე ატეხეს, რეალური მოსახლეობის პრინციპიო და წაგვართვეს. ასე წაგვართმევენ იმ რუსთავსაც, თუ არ გამოვიფხიკეთ ყურები."

 
განცხადების ავტორთა აზრით, გადაცემის წამყვანის მხრიდან დარღვეულია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი, რადგან მისი განცხადებები აღვივებს სიძულვილს და არატოლერანტობას როგორც ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების, ასევე გეოგრაფიული წარმომავლობის მიხედვით, რუსთავში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.
 
გადაცემის წამყვანმა ასევე დაარღვია კოდექსის 33.1 მუხლი, რომლის თანახმად, 
"მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან."
 
საგულისხმოა, რომ დავით აქუბარდია მაყურებელს სთავზობს რამოდენიმე ფაქტობრივ გარემოებას (მაგ. აზერბაიჯანული ბანკები მხოლოდ ეთნიკური ნიშნით გასცემენ კრედიტებს) ისე, რომ არ უთითებს ინფორმაციის არც ღია, არც დახურულ წყაროს ან სხვა რამე ფაქტობრივ მტკიცებულებას, რაც მნიშვნელოვანია ჯეროვანი სიზუსტისთვის და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან ასაცილებლად.
 
ქცევის კოდექსი (მუხლი 17.2) ასევე ავალდებულებს საავტორო პროგრამის წამყვანს, არ გამოიყენოს  მისი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის,  რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.
 
დავით აქუბარდიას მიერ გადაცემა სპექტრში გაკეთებული განცხადებები ქსენოფობიურია და საქართველოს მოქალაქეების ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით სეგრეგაციას უწყობს ხელს.
 
სამირა ისმაილოვა
საქართველოს აზერბაიჯანელ სტუდენტთა ასოციაცია "გატას" თავმჯდომარე
 
თამარ კინწურაშვილი
მედიის განვითარების ფონდის (MDF) გამგეობის თავმჯდომარე
 
გიორგი მშვენიერაძე
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) დანფუძნებელი
 
ეკა ჭითანავა
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დირექტორი