ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1601

ტაბულა ადიგენში TDI-ის საქმიანობის შესახებ

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ ადიგენში, მათი საქმიანობის მიმართ ხელის შეშლის მცდელობას ჰქონდა ადგილი. 

"TDI სწავლობს სოფელ ადიგენში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და არსებულ ვითარებას. TDI-ს იურისტები ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან, ხვდებიან დაზარალებულებს და მათ სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

ცოტა ხნის წინ, როდესაც TDI-ს თანამშრომლები ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში იმყოფებოდნენ და ახსნა-განმარტებებს იღებდნენ, შენობაში შეიჭრა აგრესიულად განწყობილი სამი პიროვნება. მათი გაღიზიანება ადგილზე TDI-ს იურისტების ყოფნამ გამოიწვია. აცხადებდნენ, რომ „სოფელი თავის სამართალს თვითონ გადაწყვეტს“. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომელმაც აღნიშული პირები გაარიდა ადგილიდან.

TDI-ის ერთი იურისტი ამ წუთებში ესწრება დაზარალებულების დაკითხვას, ხოლო მეორე იურისტი მოწმეებისგან ახსნა-განმარტებებს იღებს.

ა.წ. 29 თებერვალს სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მუსლიმთა დევნის, რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლისა და მათი უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). სახელმწიფოს არცერთ აღნიშნულ შემთხვევაში არ მოუხდენია ადეკვატური რეაგირება და არ დამდგარა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.

ტაბულას ორგანიზაციის იურისტმა შოთა თუთბერიძემ უთხრა, რომ კოლეგებთან ერთად მუსლიმი თემის წარმომადგენლებისგან განმარტებებს იღებდა, როცა სახლში სამი აგრესიული მამაკაცი შეიჭრა და აგრესია გამოხატა. თუთბერიძის თქმით, ისინი მუსლიმებს ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ იურისტები გაეყარათ. 

გუშინ მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც "ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით" დევნას ითვალისწინებს".

იხილეთ სრულად: http://www.tabula.ge/ge/story/105199-tdi-adigenshi-adgili-hqonda-chveni-saqmianobistvis-xelis-sheshlis-mcdelobas