ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/1622

რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან

14-21 სექტემბრის პერიოდში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ მხარდაჭერით, გამართა რელიგიური გაერთიანებების წინასაარჩევნო შეხვედრათა ციკლი ხუთ პოლიტიკურ პარტიასთან: თავისუფალ დემოკრატები (ირაკლი ალასანია, მიხეილ ავაქიანი, ბენიამინ კასიმოვი), საქართველოს რესპუბლიკურ პარტია (თამარ კორძაია და დავით ზურაბიშვილი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (სერგი კაპანაძე, გიორგი ტუღუში, სერგო რატიანი), ქართული ოცნება (თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა) და პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის (იაგო ხვიჩია, ტორესა მოსი და ვახტანგ მეგრელიშვილი).  

პოლიტიკურმა პარტიებმა რელიგიურ გაერთიანებებს გააცნეს საკუთარი ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

შეხვედრებზე განხილული იყო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი საკითხები: რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევები და მათზე სახელმწიფოს რეაგირება, ამ კუთხით შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების პრობლემა, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და მათ შორის, კონკრეტულად, რელიგიის საკითხთა სახელმწოფო სააგენტოს მუშაობის ხარვეზები, საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევისა და ინდოქტრინაციის პრობლემები, მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემები და დისკრიმინაციული მოპყრობა, საკულტო ნაგებობებთან, მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ბარიერები, რელიგიური გაერთიანებებისთის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის კომპენსაციის, ასევე ჩამორთმეული ქონების დაბრუნების საკითხი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევა, სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პოლიტიკა და პრაქტიკა, უთანასწორო საგადასახადო რეჟიმისა და სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის საკითხები.

რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მგავსი ფორმატით პირველად გაიმართა.