ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1608

დისკუსია "არა ქალზე ძალადობას"

1 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით გაიმართა დისკუსია „არა ქალზე ძალადობას.“ ასევე, შედგა ამავე თემაზე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით გადაღებული სოციალური ვიდეო რგოლების პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ვიდეო რგოლების ჩვენების შემდეგ, მათში მონაწილე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა გააკეთეს მოკლე მოხსენებები რელიგიის სახელით ძალადობის დაუშვებლობასა და რელიგიურ დისკურსში თანასწორობის მნიშვნელობაზე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და გენდერის საკითხების მკვლევარი, რუსუდან გოცირიძე.  

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ოჯახში ძალადობის პრობლემას, რომელიც დღეს საქართველოში ძალიან გავრცელებულია. მისი თქმით, ოჯახში ძალადობა არსებობს ისეთ ოჯახებშიც, სადაც მამაკაცები ღვთისმსახურები არიან. ეპისკოპოსმა მიმოიხილა აბრაამულ რელიგიებში ქალებზე ძალადობის მიმართ დამოკიდებულებები და აღნიშნა, რომ კონფესიები ცალსახად გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას. შესაბამისად, პრობლემა არსებობს არა რელიგურ დოქტრინებში, არამედ კულტურასა და ტრადიციებში, რაზეც ქართული ანდაზა კარგად მეტყველებს, „ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო“. ეპისკოპოს სონღულაშვილის თქმით, სასულიერო პირებმა უნდა უზრუნველყონ რელიგიური ტექსტების სწორად მიწოდება რელიგიური თემებისთვის.

ჭელას მეჩეთის წინამძღვარმა, იმამმა ჯამბულ აბულაძემ ისაუბრა ისლამში ქალზე ძალადობის დაუშვებლობაზე. მისი თქმით, ისლამი ქადაგებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში სხვადასხვა უფლების განხორციელებისას. “ღმერთმა ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი შექმნა. ისინი ღმერთის წინაშე მხოლოდ თავიანთი რწმენისა და პატიოსნებით განირჩევიან”  - აღნიშნა იმმამა. მისი თქმით, ქალი და მამაკაცი თანასწორები არიან ღვთისმსახურებაში - ქალს, ისევე როგორც მამაკაცს ევალება ლოცვა, მარხვა, მოწყალების გაცემა, პილიგრიმობა მექაში და სხვ. ისლამი იძლევა ქალის ეკონომიკური თავისუფლების გარანტიებს. ქალს აქვს უფლება განახორციელოს კომერციული საქმიანობა, ფლობდეს და განკარგავდეს საკუთარ ქონებას საკუთარი სურვილისამებრ ნებისმიერი პირის ჩარევის გარეშე. ქალს შეუძლია იმსახუროს ჯარში, თუ ამას საჭიროება მოითხოვს; ქალს შეუძლია დაქორწინდეს მისი არჩევანის შესაბამისად, სხვათა ჩარევის გარეშე და ასევე განქორწინდეს, თუკი ის ამას საჭიროდ მიიჩნევს. ჯამბულ აბულაძემ, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსაც გაუსვა ხაზი - გოგონებს აქორწინებენ თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, რასაც ისლამური სწავლება გმობს. მისი თქმით, ისლამი ავალდებულებს ქალს, რომ მიიღოს განათლება - ცოდნის მიღება ყველა მუსლიმის ვალია.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ახალგაზრდული მსახურების ხელმძღვანელმა გურამ იმერლიშვილმა ისაუბრა ქალზე ძალადობის წინააღმდეგ დისკუსიებისა და მათში სხვადასხვა ასაკის, სოციალური ფენისა და რელიგიური ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა ქალზე ძალადობის ორ ასპექტზე: ქალზე ძალადობა ზოგადად საზოგადოებაში და ძალადობა რელიგიურ ჯგუფებში. მისი თქმით, აუცილებელია რომ თავად სასულიერო პირებს კარგად ესმოდეთ რელიგიის არსი და პირნათლად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობებს. იმერლიშვილის თქმით, აუცილებელია წმინდა წერილებისა და ზოგადად რელიგიის სწორად ინტერპრეტირება და შინაარსის საზოგადოებამდე მიტანა, რადგან ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა და გმობს ძალადობას. მისი აზრით, სასულიერო პირებისა და რელიგიური ლიდერების მოვალეობაა, რომ ამ თემაზე  მრევლთან ისაუბრონ და იმსჯელონ, რაც პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, დიმიტრი ფირბარმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა რელიგიური ტექსტების სწორად აღქმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში, სასულიერო პირებს უდიდესი როლი ეკისრებათ.  ფირბარის თქმით, ხშირად საზოგადოებაში რელიგიაზე უფრო დიდი გავლენა, ტრადიციებს აქვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ თემაზე მრევლთან რეგულარული საუბარი. ეზიდურ ტრადიციაში მრავლად იყვნენ ქალი სასულიერო ლიდერები. XX საუკუნის დასაწყისში ეზიდებს სათავეში ედგათ ქალი, მაიან ხათუნი, რაც ახლო აღმოსავლეთისთვის იშვიათი მოვლენაა. არსებობს ეზიდური ანდაზა, “ლომი ლომი არის, გინდა მამრი იყოს, და გინდა მდედრი.”ფირბარის თქმით, სასულიერო საბჭოში განიხილება, რომ ახლო მომავალში, ქალ სასულიერო პირებს საბჭოში გაწევრიანების უფლება მიეცეთ, რაც თანასწორობის უზრუნველყოფისთვის  წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

მოხსნენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვნენ დამსწრე სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომდგენლებიც.   

კათოლიკე ეკლესიის წარმომადგენელმა მანანა ანდრიაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია შეიცვალოს თავად ქალების დამოკიდებულება ძალადობის საკითხის მიმართ, და მათ თვითონაც იზრუნონ საკუთარი უფლებების დაცვაზე. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორმა შმაგი ჭანკვეტაძემ განაცხადა, რომ  ქალზე ძალადობის გამომწვევი არის არა რელიგია, არამედ მისი მიზეზები უნდა ვეძიოთ განათლების ნაკლებობაში. ევანგელური ეკლესიის “სიცოცხლის სიტყვის” პასტორის, მამუკა ჯებისაშვილის თქმით, წმინდა წერილის მიხედვით, ღმერთმა ქალი და კაცი თანასწორად შექმნა, და პრობლემა კულტურაში ტექსტების არასწორი აღქმა და ინტერპრეტაციაა.

დისკუსიის დროს, ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ დასვა შეკითხვა, თუკი წმინდა წერილებში არსებობს საკმარისი რესურსი ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე სასაუბროდ, რატომ არსებობს ეს პრობლემა დღეს ჩვენს საზოგადოებაში?

ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის თქმით, რელიგიური ტექსტები შექმნილი და ინტერპრეტირებულია პატრიარქალურ საზოგადოებებში.  ზოგიერთი ციტატა დროსთან შესაბამის რეინტერპრეტაციას საჭიროებს, რაც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რელიგიური ტექსტების გადააზრება, კულტურული ნორმების შეცვლა და პოზიტიური მაგალითების ჩვენება, რომელთა მეშვეობით საზოგადოება დაინახავს, რომ რომ ქალს შეუძლია იყოს ეპისკოპოსი, სულიერი ლიდერი და აშ.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ინფორმირებულები არიან მუსლიმი ქალები საკუთარი უფლებების შესახებ, იმამმა ჯამბულ აბულაძემ უპასუხა, რომ საბჭოთა პერიოდში არსებული რეპრესიებისა და შეზღუდვების გამო, რელიგიური განათლების კუთხით დღეს ბევრი პრობლემა არსებობს, სასულიერო პირებს სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება და ისლამის ფუნდამენტური პრინციპების უკეთ შესწავლა.

დისკუსიაზე დასმული ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა სამოქალაქო განათლების სწავლებას რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. იმამმა ჯამბულ აბულაძემ ხაზი გაუსვა არაფორმალური განათლების, მათ შორის, დისკუსიებისა და ტრენინგების მნიშვნელობას.

ვიდეო რგოლების მომზადებას კოორდინირება გაუწია TDI-ის პარტნიორი ორგანიზაციის "რელიგიები მშვიდობისათვის" და საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა ლელა ხონელიძემ. TDI-მ ვიდეო რგოლებში მონაწილეობის მიღება შესთავაზა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. თავდაპირველად, საქართველოს საპატრიარქო დაინტერესდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, თუმცა, საბოლოოდ, მართლმადიდებელი სასულიერო პირის ჩაწერის საკითხთან დაკავშირებით, პროექტის მომზადების განმავლობაში, თანხმობის მიღება ვერ მოხერხდა.

ღონისძიება "არა ქალზე ძალადობას" წარმოადგენს ერთ-ერთ კომპონენტს პროექტისა "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა", რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ. ვიდეო-რგოლების შინაარსი არ ასახავს USAID, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

ვიდეო რგოლები "არა ქალზე ძალადობას" შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://goo.gl/Ypr9LD