ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1713

სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი

12 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)  გამართა კვლევის, “სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი” პრეზენტაცია. კვლევა გამოცემულია ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ რელიგიური და ეთნიკური გაერთიანებების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კვლევა მიმდინარეობდა 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, საქართველოს ექვსი ქალაქის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში: თელავი, გორი, ახალციხე, თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. შეირჩა ფოკუს ჯგუფის (ჯგუფური დისკუსიის), სიღრმისეული ინტერვიუსა და  კაბინეტური კვლევის მეთოდი. ამ მეთოდიკის საფუძველზე გამოიკითხა ორი ძირითადი ჯგუფი: კონკრეტული ქალაქების უნივერსიტეტების სტუდენტები და მედიაექსპერტები.

კვლევა შედგება ორი კომპონენტისგან: ერთი ნაწილი მიმოიხილავს ეთნიკური, რელიგიური  უმცირესობების, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისა და ლგბტ თემისადმი საქართველოს ექვსი ქალაქის უნივერსიტეტის სტუდენტებში არსებულ განწყობებს, ხოლო მეორე ნაწილში შეფასებულია უმცირესობების მიმართ მედიის ზოგადი დისკურსი და სტუდენტების  განწყობებზე მედიის გავლენა.

კვლევის ძირითადი მიგნებები

უმცირესობათა საკითხები

  • რელიგიური იდენტობა დომინირებს სხვა სახის იდენტობებზე;
  • უმცირესობათა და უცხო ჯგუფთა მიმღებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებების, მოდერნულობის დისკურსსა და ქართული ტრადიციული შეხედულებების დიქოტომიაში.

      მიმღებლობა:

  • ნაცნობი „უცხოსადმი“ ტოლერანტობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცნობია და არა იმიტომ, რომ მისი არსებობა არის მისაღები („ჩემი მეგობარი გეი“, „ჩემი ნათესავი იეჰოვას მოწმე“...)
  • უცხოს მიმღებლობა, როგორც ქართული ტრადიცია („სტუმართმოყვარეობა ქართული ტრადიციაა“, „ქართველი ერი ოდითგანვე შემწყნარებელი იყო უცხოს მიმართ“)
  • უცხოსადმი მიმღებლობა, როგორც ევროპული/მოდერნული მიდგომა და ცივილიზაციური ნიშანი („ევროპაშიც ასეა“, „თუ ევროკავშირში გვინდა, მაშინ...“)
  • საჯარო სივრცე, როგორც ტოლერანტობის ჩარჩო („იყვნენ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი...“)

მიუღებლობა:

  • უცხოსადმი მიუღებლობა მისი არცოდნის გამო („არ ვიცი, არ მსმენია არაფერი“).
  • უცხოსადმი მიუღებლობა მისი არცნობის გამო („მე არ მაქვს მაგათთან შეხება“)
  • უცხოსადმი მიუღებლობა, როგორც კოლექტიური საფრთხისგან თავდაცვა („ეგრე გადავშენდებით ქართველები...“)
  • უცხოსადმი მიუღებლობა, როგორც ტრადიციისადმი ერთგულება („ქართულ ტრადიციაში ეს არაა მიღებული...“)

რესპონდენტების მხრიდან ჯგუფური დისკუსიებისას გამოიკვეთა უმცირესობებისადმი ხუთი ყველაზე გავრცელებული პოზიცია:

  • დემოგრაფიული საფრთხე - იგულისხმება მართლმადიდებელთა სიმცირე და სხვა რელიგიის აღმსარებლებთან შედარებით მართლმადიდებელთა შემცირების ტენდენცია.
  • უმცირესობად ქცევის შიში/საფრთხე (უმრავლესობის პოზიციიდან საუბარი) - ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი ადამიანისთვის უმცირესობები და მათი სოციალური აქტივობა საფრთხის შემცველად და უმცირესობად ქცევის შიშად აღიქმება.
  • „იყვნენ თავისთვის, ჩარჩოში“ - უმცირესობების იზოლაციის, „ჩარჩოში“ მოქცევის სურვილი, რაც წარმოსახვით სივრცეებად ყოფს გარემოსა და საზოგადოებას, რომელშიც მთავარი სივრცე ისევ უმრავლესობას, ე.წ. დომინანტ ჯგუფებს ეკუთვნით.
  • ნაცნობი - ტენდენცია, იყვნენ მიმღებლები არამართლმადიდებელი, არაქართველი ან არაჰეტეროსექსუალი ადამიანების (და არა ჯგუფების) მიმართ თუ ისინი მათი მეგობრები და ნაცნობები არიან
  • გიყვარდეს მტერი შენი, როგორც ტოლერანტობის ფორმა- მათი ინტერპრეტაციით, რელიგიური უმცირესობისადმი შემწყნარებლობა ქრისტიანული რელიგიური დოგმის მიხედვით „მტრის სიყვარულითა“ და სტუმართმოყვარეობის ტრადიციით ახსნეს.

უმცირესობათა ჯგუფებისადმი ტოლერანტობა იერარქიულია, რაც ზოგიერთი რელიგიური ჯგუფისადმი უფრო მეტად ნეგატიურ დამოკიდებულებაში ვლინდება.

მედია

  • რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქება დანაშაულს, კონფლიქტს ან ტერორისტულ აქტებს უკავშირდება;
  • ლგბტ თემის (სექსუალური უმცირესობების) შესახებ საკითხები მედიაში აქტიურდება საკანონმდებლო ინიციატივებთან, არჩევნებთან და 17 მაისთან დაკავშირებით;
  • კრიმინალის ან დანაშაულის გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლები ეჭვმიტანილის ეთნიკურ და რელიგიურ მიკუთვნებულობას უსვამენ ხაზს, მაშინ, როცა ამის საჭიროება შეიძლება არ არსებობდეს;
  • მედიას, ხშირად, არ აქვს საკმარისი და ადეკვატური ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა ჯგუფების შესახებ, რაც შესაძლო დისკრიმინაციული გაშუქების რისკებს ზრდის;
  • უმცირესობათა საკითხები ზოგჯერ მიეწერება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს, გამოიყენება პოლიტიკური მანიპულაციისთვის და ხელს უწყობს საზოგადოებაში უმცირესობათა მიმართ ნეგატიური განწყობების გავრცელებას;
  • რელიგიური უმცირესობების საკითხი შუქდება უმეტესად, კონფლიქტის შემთხვევაში.
  • ქსენოფობიური და სიძულვილის ენა უმცირესობებს უკავშირდება მათი სოციალური, პოლიტიკური ან კულტურული აქტივობის შემთხვევაში;
  • უმცირესობათა საკითხებზე მედია ხშირად კომენტარს სთხოვს იმ რესპონდენტებს, რომლებიც მკვეთრად გამოხატული სიძულვილის ენით გამოირჩევიან უმცირესობათა მიმართ.

 

კვლევა ხელმისაწვდომია TDI-ის ვებგვერდზე:

►ქართულად: http://tdi.ge/…/default/files/tdi-research-cover-geo-web.pdf

►ინგლისურად: http://tdi.ge/…/default/files/tdi-research-cover-eng-web.pdf