ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1706

TDI-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

2017 წლის 21 ნოემბერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გამგეობამ TDI-ს უარი უთხრა სოფელ მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე.

TDI-მ სარჩელით მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჯარო ინფორმაციის გაცემა. 5 დეკემბერს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.                                            

2017 წლის 19 ოქტომბერს TDI-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან  სოფელ მოხეში მშენებარე ახალი მეჩეთის თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის, მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამართალწარმოების მასალები. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ 25 ოქტომბრის წერილში დაადასტურა, რომ სოფელ მოხეში მეჩეთი შენდება და დასრულებულია ნაგებობის პირველი სართული. წერილში არ არის პასუხი გაცემული მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე და არც საქმის წარმოების შესაბამისი დოკუმენტაციაა დართული, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობის კანონიერებას დაადასტურებდა.

2017 წლის 2 ნოემბერს TDI-მ ხელმეორედ მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა ამჯერადაც, გამგებელმა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი გაცემულად ჩათვალა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ მასალა არ/ვერ დაურთო წერილს.[1]

2014 წელს, სოფელ მოხეში, ე. წ. “სადავო მეჩეთთან” დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ “მოხის კომისია” შექმნა[2], რომელსაც შენობის კონფესიური წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენა დაევალა.

ორწლიანი არსებობის მანძილზე, კომისიას დაკისრებული მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც შენობის  წარმომავლობის დასადგენად ჩატარებულა შესაბამისი სამუშაოები. სააგენტოს უმოქმედობამ გააჩინა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კომისიის შექმნა მოხის მეჩეთთან დაკავშირებით საკითხის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად და  მისი რეალური მესაკუთრის დადგენა სახელმწიფოს ინტერესში არ შედიოდა.[3]

შედეგად, 2017 წლის 11 მაისს, კომისიამ მიიღო გაადწყვეტილება, რომლის საფუძველზე ე.წ. სადაო ნაგებობა ისტორიულ მესაკუთრეს არ გადაეცა, შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადავიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში  და შევიდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, სახელწოდებით “სადავო ნაგებობა”. სახელმწიფოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციულია. 

ე.წ. მოხის კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილება, შენობის სახელმწიფოს ბალანსზე გადასვლის და მისთვის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსის მინიჭების გარდა, შეიცავდა კიდევ რამდენიმე პირობას. კერძოდ, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში, რომელზეც უნდა აშენებულიყო ახალი მეჩეთი. აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

TDI-თვის ახალი მეჩეთის მშნებლობის ნებართვის საქმისწარმოების მასალების მიწოდებაზე უარმა კიდევ უფრო მეტად გაუმჭირვალე გახადა მოხეში მიმდინარე პროცესები.

 

[1] ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ TDI-ისთვის გამოგზავნილი წერილი #5906/09 (09/11/2017)

[2] სრული სახელი: “„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“

[3] ინფორმაცია მოხეში განვითარებული მოვლენებზე დეტალურად იხილეთ აქ: http://www.tdi.ge/ge/statement/arasamtavroboebis-ertoblivi-gancxadeba-moxeshi-muslimta-uplebebis-uxeshi-dargvevis-taobaze http://www.tdi.ge/ge/statement/tdi-sopel-moxeshi-muslimta-uplebebis-shezgudvis-morigi-paktis-shesaxeb

http://www.tdi.ge/ge/statement/tdi-batumisa-da-moxes-mechetebis-sakitxs-exmaureba