ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1728

დისკუსია: რელიგიური დიალოგის გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში

22 დეკემბერს, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა დისკუსია “რელიგიური დიალოგის გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში”.

მისასალმებელ სიტყვაში TDI-ის გამგეობის წევრმა, მარიამ ღავთაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიების მიზანი რელიგიურ გაერთიანებებს შორის ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ინტერრელიგიური დიალოგისა და კონსტრუქციული დისკუსიის წარმართვის ხელშეწყობა იყო.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ ისაუბრა ცენტრის აქტიურ მუშაობაზე ევროინტეგრაციის პროცესში სასულიერო პირების ინფორმირების კუთხით.

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა წარმოადგინა მოხსენება თემაზე “ინტერკონფესიური დიალოგის საერთაშორისო გამოცდილება - პარადიგმის ცვლილება: ფუფუნებიდან აუცილებლობამდე”. მან მიმოიხილა როგორც ქრისტიანულ ეკლესიებს შორის ეკუმენური თანამშრომლობის ისტორია, ასევე ისაუბრა სხვადასხვა რელიგიებს შორის დიალოგის გამოცდილების შესახებ, ხაზი გაუსვა რელიგიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის იმ პერსპექტივას, რომელიც დაფუძნებულია არა თეოლოგიურ პოსტულატებზე, არამედ საერთო ეთიკურ პრინციპებზე.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა, ქეთევან ჩაჩავამ მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა რელიგიური დიალოგის ხელშეწყობასთან მიმართებით სამოქალაქო სექტორის გამოცდილებაზე, მიმოიხილა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ვიზიტები, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინტერკონფესიური ჯგუფის შეხვედრები, ისაუბრა მათ მნიშვნელობაზე დასავლური ორიენტაციის განმტკიცების კუთხით, ასევე სამომავლო გეგმებსა და საქართველოში ინტერრელიგიური დიალოგის საზღვრების გაფართოების აუცილებლობის შესახებ.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა რელიგიათა საბჭოს შექმნის ისტორიაზე, ასევე იმ ფორმასა და შინაარსზე, რომელიც განსაზღვრავს რელიგიათა საბჭოს საქმიანობის წარმატებას როგორც რელიგიურ გაერთიანებებს შორის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობის კუთხით.

იხილეთ დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ბმულზე

დისკუსია გაიმართა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ,  საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).