ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
იან/1809

მოხეში ახალი მეჩეთი ნებართვის გარეშე შენდება

TDI-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ახალი მეჩეთი მშენებლობის ნებართვის გარეშე შენდება. საკულტო ნაგებობის უკანონოდ აშენება არასტაბილურ სამართლებრივ პირობებს ქმნის როგორც ახალი მეჩეთისთვის, ისე მორწმუნეებისათვის, ვინაიდან უკანონოდ აგებული მეჩეთი შესაძლოა სამომავლოდ სახელმწიფოს მხრიდან დემონტაჟს დაექვემდებაროს და ადგილობრივი მუსლიმები კვლავ სალოცავის გარეშე დარჩნენ.

2017 წლის 21 ნოემბერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, ადიგენის მერიას დავალებოდა TDI-სთვის სოფელ მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდება.  2018 წლის 8 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი განიხილა.                                              

2017 წლის 19 ოქტომბერს TDI-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან  სოფელ მოხეში მშენებარე ახალი მეჩეთის თაობაზე საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მათ შორის, მეჩეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და სამართალწარმოების მასალები. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ 25 ოქტომბრის წერილში დაადასტურა, რომ სოფელ მოხეში მეჩეთი შენდება და დასრულებულია ნაგებობის პირველი სართული. წერილში არ არის პასუხი გაცემული მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხზე და არც საქმის წარმოების შესაბამისი დოკუმენტაციაა დართული, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობის კანონიერებას დაადასტურებდა.

2017 წლის 2 ნოემბერს TDI-მ ხელმეორედ მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, თუმცა ამჯერადაც, გამგებელმა მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი გაცემულად ჩათვალა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის შესახებ მასალა არ/ვერ დაურთო წერილს.[1]

2018 წლს 8 იანვარს  ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაიმართა სასამართლო სხდომა, სადაც ადიგენის მუნიციპლიტეტის მერიის  წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მეჩეთი, რომლის აშენების საჯარო პირობა პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოქმედმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და   სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ 2017 წლის 11 მაისის პრეკონფერენციაზე[2] დადეს, უკანონოდ, შესაბამისი ნებართვის გარეშე შენდება.

ახალციხის სასამართლომ 12 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა TDI-ის სასარჩელო მოთხოვნა და ადიგენის მერიას დაავალა, მიაწოდოს ორგანიზაციას ინფორმაცია ახალი მეჩეთის თაობაზე. აღნიშნული გულისხმობს, მოსარჩელე მხარის წერილობით ეცნობოს ის გარემოება, რომ მშენებლობის ნებართვა სოფელ მოხეში მეჩეთის აშენების თაობაზე გაცემული არ არის. 

როგორც ცნობილია, სოფელ მოხეში მდებარე ისტორიული მეჩეთის დაბრუნებას ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა სახელმწიფოსგან წლებია მოითხოვდა. 2014 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ნაგებობის დემონტაჟი დააპირა, რასაც მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენდა, შექმნა საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია, რითაც სადაო ნაგებობის ისტორიული მესაკუთრის დადგენის და საკითხის რეალურად მოგვარების პროცესი, თითქმის სამი წლით გააჭიანურა. 2017 წლის 11 მაისს სახელმწიფომ მიიღო გაადწყვეტილება, რომ ე.წ. სადაო ნაგებობა ისტორიულ მესაკუთრეს არ უნდა გადასცემოდა, შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადასულიყო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში  და შესულიყო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, სახელწოდებით “სადავო ნაგებობა”. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში, რომელზეც უნდა აშენებულიყო ახალი მეჩეთი. აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია კი საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებულმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საკუთარ თავზე აიღო.[3]

სახელმწიფოს სურვილი, სრულად აკონტროლოს საქართველოს მუსლიმი თემი, არაერთ დისკრიმინაციულ და ბუნდოვან გადაწყვეტილებაში გამოიკვეთა. მაგალითად, ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას სახელმწიფომ არაერთი წინააღმდეგობა შეუქმნა. ბათუმში მხოლოდ ერთი მეჩეთი მოქმედებს, რომელიც ვერ უზრუნვეყოფს მლოცველებს სათანადო სივრცით; მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშნებლობისათვის განმცხადებლებმა დაიცვეს ყველა სამართლებრივი მოთხოვა, მერიამ მათ მშენებლობის ნებართვა არ მისცა.[4] ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში კი, სახელმწიფომ თავი აარიდა ისტორიული საკუთრების დაბრუნების საკითხს, პროცესი ყოველგვარი შედეგის გარეშე გააჭიანურა და თავადვე მიიღო სანაცვლოდ ახალი მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც გაირკვა, შესაბამისი სამართლებრივი რეგულირების გვერდის ავლით შენდება.

 

 

 

 

 

 

 

[1] ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ TDI-თვის გაგზავნილი წერილი #5906/09 (09/11/2017)

[2] http://religion.geo.gov.ge/geo/news/moxes-komisiam-gadatsyvetileba-miigho

[3] იხ. TDI-ის მიერ მომზადებული ანალიზი სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებზე http://www.tdi.ge/ge/news/126-sopel-moxeshi-ganvitarebuli-movlenebis-analizi

http://tdi.ge/ge/statement/tdi-sopel-moxeshi-muslimta-uplebebis-shezgudvis-morigi-paktis-shesaxeb

[4] ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე TDI-მ და EMC-მ სასამართლოს მიმართეს

http://tdi.ge/ge/news/433-batumshi-mechetis-msheneblobis-nebartvaze-tdi-m-da-emc-m-sasamartlos-mimartes