ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1827

TDI-ის ვიზიტი ბოლნისსა და მარნეულში

23 თებერვალს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები ქვემო ქართლში ადგილობრივ რელიგიურ გაერთიანებებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მოსახლეობას შეხვდნენ. ვიზიტი პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში შედგა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

შეხვედრების მიზანია ადგილობრივი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის აღნიშნული პროექტის გაცნობა, იურიდიული დახმარების შეთავაზება, ქვემო ქართლში რელიგიური და ეთნიკური კუთხით საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და ანალიზი.

TDI-ის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - სავანეთში,  ტალავერში, ქვემო ბოლნისში და ქალაქ მარნეულში.

სოფელ სავანეთში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა - დაახლოებით 420 ოჯახი ცხოვრობს. მათი განმარტებით, სოფელში არ არის მეჩეთი, რის გამოც დღესასწაულებზე მოსახლეობას სალოცავად წასვლა მეზობელ სოფელში არსებულ საკულტო ნაგებობაში უწევს. მათი თქმით, ძველი მეჩეთის აღდგენის რამდენიმე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ვერ მოხერხდა მშენებლობისთვის აუცილებელი მიწის ნაკვეთის შესყიდვა.

სოფელ ტალავერში მეჩეთი უკვე არსებობს, თუმცა, გასულ წლებში, მშენებლობას სირთულეები ახლდა თან. კერძოდ, მეჩეთის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე, პროცესის ხელშეშლას შეეცადნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები, რომელთა აქტიური მონაწილეობის შედეგად, მშენებლობა რამდენიმე წლით შეყოვნდა. საბოლოოდ, მეჩეთის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა.

სოფელ ქვემო ბოლნისში TDI-ს წარმომადგენლები ადგილობრივ მუსლიმ სასულიერო პირსა და მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მეჩეთში გაიმართა და მონაწილეებმა თემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ქალაქ მარნეულში TDI-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ორგანიზაცია აჰლიბეითის ხელმძღვანელს, რასიმ მამედოვსა და ორგანიზაციის სხვა წევრებს. შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიმართ. ყურადღება გამახვილდა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო ნაგებობების მშენებლობის, საბჭოთა ოკუპაციის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და სახელმწიფოს მიერ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემებზე. რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა თქმით, განსაკუთრებით მწვავეა საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ჩამორთმეული ქონების, განსაკუთრებით კი საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი. ჩამორთმეული მეჩეთების დიდი ნაწილი დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო რელიგიური გაერთიანებებისთვის მისი დაბრუნება, სამართლებრივის გარდა, სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.

მარნეულში TDI-ს წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ა(ა)იპ Dream Partner-ის დირექტორს, ქალბატონ კატია ბითელს, რომელმაც ორგანიზაციის საქმიანობაზე ისაუბრა. ორგანიზაცია ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, მარნეულში მცხოვრებ ახალგაზრდებს სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური და გერმანული), ხელოვნების და მუსიკის შემსწავლელ კურსებს. შეხვედრაზე განხილული იყო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, ინტეგრაციის პრობლემა და სხვა საკითხები.