ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/1804

ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში - შეხვედრა რელიგიური გაერთიანებების მონაწილეობით

25-26 აპრილს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით  კაჭრეთში გაიმართა შეხვედრა რელიგიური გაერთიანებების ლიდერებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით. ღონისძიება ჩატარდა პროექტის “ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.

შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რელიგია და განათლება, რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემა და ინტერპრეტაციები, რელიგიური დიალოგის გამოცდილება, რელიგია და სოციალური მსახურება.

ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ საკუთარ მოხსენებაში მიმოიხილა საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ნეიტრალობის დაცვის კუთხით არსებული პრობლემები. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სკოლებში რელიგიის ცალკე საგნად სწავლების ინიციატივაზე და შეიმუშავეს საერთო პრინციპები და სამოქმედო გეგმა.

სესიაზე, რომელიც რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემას მიეძღვნა, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს წარმომადგენელმა ოქტაი ქაზუმოვმა ისაუბრა ძალადობის საკითხზე ისლამის პერსპექტივიდან და პრობლემაზე, როდესაც გამიზნულად ხდება რელიგიური ტექსტების ძალადობრივი შინაარსით ინტერპრეტირება. მონაწილეებმა განიხილეს ამა თუ იმ რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემა როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ კონტექსტში.

შეხვედრის მესამე ნაწილი რელიგიური დიალოგის საკითხს დაეთმო. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ისაუბრა რელიგიური დიალოგის მნიშვნელობაზე ისლამში, ასევე, მიმოიხილა საქართველოში მუსლიმებსა და სხვა აღმსარებლობებს შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და დიალოგის მაგალითები. რელიგიათმცოდნე ირაკლი ცხადაძემ ისაუბრა დიალოგის შესახებ თეორიული პერსპექტივიდან: რა არის დიალოგი, როგორ გვესმის იგი, რაზე შეიძლება დავაფუძნოთ დიალოგი, რა გამოწვევები არსებობს და რა შეიძლება იყოს საბოლოო მიზნები. დამსწრე რელიური გაერთიანებების ლიდერებმა გამოთქვეს მოსაზრებები დიალოგის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა რელიგიური გაერთიანებების სოციალური მსახურება იყო. კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ისაუბრა თანამედროვე ეპოქაში რწმენის პერსონალიზაციაზე, რელიგიური ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სოციალური მსახურების მნიშვნელობაზე. ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა კი მიმოიხილა ეკლესიის საქველმოქმედო და სოციალური პროექტები, მათ შორის დიაკონური სამსახური და პალიატიური მზრუნველობის კუთხით გაწეული საქმიანობა. მან ისაუბრა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან სოციალურ პროექტებში თანამშრომლობაზე, ასევე ამ კუთხით არსებულ პრობლემებსა და საზოგადოებრივ განწყობებზე.

რელიგიურმა გაერთიანებებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალში ერთმანეთს, ასევე ფართო საზოგადოებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორს მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია მათ მიერ გაწეული სოციალური სერვისების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ რეფერირება.

რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ასევე იმსჯელეს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას დანაშაულად აცხადებს. დამსწრე რელიგიური გაერთიანებები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა მიადგეს საფრთხე, ხოლო შეუწყნარებლობას და შეურაცხყოფას, მათ საგანმანათლებლო საქმიანობა, შეგონება და სამოძღვრო მზრუნველობა უნდა დაუპირისპირონ.


ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ახორციელებს პროექტს "ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში", რომელიც მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრობლემატიკაზე მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობას.პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.