ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/1812

შეხვედრა თბილისის მერიასთან

12 ივნისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა შეხვედრა ქალაქ თბილისის მერიასთან რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისი მერის მოადგილე, სოფო ხუნწარია და უბრანული განვითარების საქალაქო სამსახურის თამამშრომლები,  სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი, კათოლიკე, სხვადასხვა პროტესტანტული ეკლესიისა და მუსლიმი თემის წარმომადგენლები.

შეხვედრებზე განხილული იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობის, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ნაგებობების რესტიტუციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და წახალისების, რელიგიური გაერთიანებების სოციალური, საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის აქტუალური სხვა საკითხები.

TDI-ის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან რელიგიური გაერთიანებების შეხვედრათა ციკლი იმართება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.