ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1814

შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ

13 დეკემბერს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა, რომელზეც განხილული იყო  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებები რელიგიური გაერთიანებების სარჩელებზე.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ რელიგიური გაერთიანებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები და შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

2018 წლის 3 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური ორგანიზაციების ორი სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-14 მუხლის (თანასწორობის უფლება/დისკრიმინაციის აკრძალვა) დარღვევა და არაკონსტიტუციურად ცნო საგადასახადო კოდექსის და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები, რომლებიც არათანაბარ პირობებს ქმნიდა რელიგიური ორგანიზაციებისთვის. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას (168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტი). სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა საქართველოს საპატრიარქოს და მას უქმნიდა მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას. ასევე,  არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ითალისწონებს (მე-6  მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტი). ორივე სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრა შესაძლებელია როგორც განხილული პრივილეგიის სრული გაუქმებით, ისე მისი არსებითად თანასწორ პირებზე თანაბრად გავრცელებით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს არ შეიტანს კანონმდებლობაში, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრიდან გამოცხადდება ძალადაკარგულად.

მისასალმებელ სიტყვაში TDI-ის გამგეობის წევრმა, იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელმა მარიამ ღავთაძემ ისაუბრა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სტრატეტიგიული სამართალწარმოების მიზნებსა და მიღწევებზე, ასევე რელიგიური გაერთიანებების საკონსტიტუციო სარჩელების და სასამართლოს გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დირექტორმა ნათია ხანთაძემ მიმოიხილა თავისუფალი უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კლინიკის როლი აღნიშნული სარჩელების მომზადებასა და სასამართლო წარმომადგენლობაში.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ისაუბრა სახალხო დამცველის და მასთან არსებული რელიგიათა საბჭოს როლზე, რომლებიც წლებია ითხოვენ უთანასწორო კანონმდებლობის შეცვლას და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას. სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების პრეცენდენტულობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ისინი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორის მოადგილემ, ლორა ბ. ბერგერმა,  მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე - საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებაზე. ლორა ბერგერმა ისაუბრა საქართველოს კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვის და ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩოს არსებობის მნიშვნელობაზე, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის უმთავრეს გარანტზე. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს შანსი და შესაძლებლობა მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას ყველა რელიგიური ორგანიზაციისათვის.

TDI-ის იურისტმა შოთა თუთბერიძემ და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ, რომლებიც მოსარჩელე რელიგიური გაერთიანებების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდნენ, შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს წარუდგინეს დეტალური პრეზენტაცია ორივე სარჩელის მიზნებისა და გასაჩივრებული ნორმების შესახებ, მიმოიხილეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მათი მნიშვნელობა, ასევე, ისაუბრეს საგადასახადო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების კანონში დარჩენილ სხვა დისკრიმინაციულ  ნორმებზე და მათზე შესაბამისი სტრატეგიული სამართალწარომოების დაწყების პერსპექტივაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა, გიორგი სულხანიშვილმა მიმოიხილა ამ საქმეებამდე არსებული სასამართლო პრაქტიკა რელიგიის და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით, თუმცა ამ გადაწყვეტილებების პრეცედენტულობა გამოარჩია სახელმწიფოსა და ეკლესიას ურთიერთობაზე მსჯელობის ნაწილში, რადგან ამ დრომდე არ არსებობდა დეტალური მსჯელობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს (სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა) უკავშირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების კომიტეტების ხელმძღვანელები და წევრები, თუმცა, საბოლოოდ, შეხვედრაში პარლამენის არც ერთ წევრს მონაწილეობა არ მიუღია. რელიგიური გაერთიანებების საკონსტიტუციო სარჩელებზე მოპასუხე მხარე სწორედ საქართველოს პარლამენტი იყო, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასა და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რელიგიური გაერთიანებების, მათ შორის მოსარჩელე ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა, მარკუს შოხმა ისაუბრა უთანასწორობაზე, რომელსაც რელიგიური გაერთიანებები აწყდებიან, როდესაც სახელმწიფო გარკვეულ უფლებებსა და პრივილეგიებს მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას ანიჭებს.

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა, ტარიელ ნაკაიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის მიზანსა და მოტივაციაზე. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული საკითხები მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ტარიელ ნაკაიძის თქმით, გადაწყვეტილებების შესრულებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი აუცილებელია იყოს ღია და გამჭვირვალე, რელიგიური ორგანიზაციების ფართო ჩართულობით.

კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პაზოტომ აღნიშნა, რომ თითოეული რელიგიური ორგანიზაცია თანაბრად მნიშვნელოვნად უნდა გრძნობდეს თავს. მან ისაუბრა, თანასწორობის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებზე.

TDI განაგრძობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას და საქართველოს კანონმდებლობაში რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებული დისრკიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მუშაობას; ასევე, გამოთქვამს მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში მონაწილეობის მზაობას.


TDI სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.

შეხვედრა გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული "კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამის" (EWMI/PROLoG) და "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (UNAG/PITA) მხარდაჭერით.