ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/2007

რელიგიის თავისუფლება და გენდერული ნიშნით ძალადობა - გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია რელიგიის სახელით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემაზე. მომხსენებელმა ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე წარადგინა. 

სპეციალურმა მომხსენებელმა აჰმედ შაჰიდმა აღნიშნა: “კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ნებისმიერ მტკიცებას, რომ რელიგიური რწმენა შესაძლებელია გამოყენებული იყოს ქალების, გოგონების და ლგბტ+ ადამიანების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ლეგიტიმურ გამართლებად. რელიგიის თავისუფლების უფლება იცავს ადამიანებს და არა რელიგიებს”. 

ანგარიშში მიმოხილულია მსოფლიოში არსებული დისკრიმინაციული გარემო. ზოგ სახელმწიფოში მოქმედებს კანონები ან დამკვიდრებულია პრაქტიკა, რომლითაც ცდილობენ რელიგიის სახელით გაამართლონ გენდერული ნიშნით ძალადობა და დისკრიმინაცია. ამგვარ ქმედებებს ახორციელებენ როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორები. ყოველივე ეს კი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო პრინციპებს, გავლენას ახდენს და აზიანებს როგორც გენდერულ თანასწორობას, ისე რწმენისა და რელიგიის თავისუფლებას. 

ძალადობისა და დისკრიმინაციის მაგალითებად დასახელებულია ნაადრევი და იძულებითი ქორწინება, პოლიგამია, ქალთა გენიტალიების დასახიჩრება, გაუპატიურება ქორწინებაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომიბის შეზღუდვა, ლგბტ+ ადამიანების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სანქციების დაწესება და მათთვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, ქალებისთვის, გოგონებისთვის და ლგბტ+ პირებისთვის რელიგიისა და რწმენის თავიუსფლების შეზღუდვა და სხვა. 

სპეციალური მომხსენებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოები ვალდებული არიან უზრუნველყონ გარემო, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციას და დაცულია ქალების, გოგონებისა და ლგბტ+ ადამიანების რმწნისა და რელიგიის თავისუფლება.