ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივნ/2012

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ

10 ივნისს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.

ანგარიშში საუბარია სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე, უმცირესობების მიმართ კანონმდებლობაში არსებულ უთანასწორობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემებზე, უმცირესობათა რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პოზიცია საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა 2018 წელს ებრაული და ეზიდური წარმოშობის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობას. მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თავდამსხმელები იყენებდნენ რასისტულ გამონათქვამებს საფაროვის მისამართით, სასამართლოს არ გამოუკვეთავს დანაშაულში რასობრივი, რელიგიური თუ ეთნიკური სიძულვილის მოტივი.  არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, დამნაშავეები სავარაუდოდ ნეონაცისტურ დაჯგუფებებს მიეკუთვნებოდნენ.

ანგარიშში საუბარია რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკასა და გამოძიებაზეც. საანგარიშო პერიოდში, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი ოცი დანაშაული.

ანგარიშში მიმოხილულია რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებები[1]. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები, რომლებიც  საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებდა პრივილეგიებს და რელიგიური გაერთიანებებისთვის უთანასწორო გარემოს ქმნიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ვადა, ექვსი თვე, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად შეეცვალა სადავო ნორმების შინაარსი და მათი მოქმედება თანაბრად გაევრცელებინა ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე. თუმცა, პარლამენტს არ მიუღია შესაბამისი ზომები საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

ანგარიშში ასევე საუბარია რელიგიის სპეციალური კანონის ინიციატივის შესახებ. 2019 წელს აქტიურად განიხილებოდა რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების ან სხვადასხვა კანონში რეგულაციების დამატების საკითხი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ზოგიერთი რელიგიური გაერთიანება მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას. მათი თქმით, კანონი შეძლებდა დაერეგულირებინა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის, სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხები. თუმცა, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის მიღება რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის შეზღუდვის არაერთ რისკს შეიცავდა, ასეთი კანონი სახელმწიფოსთვის რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციისა და მათზე გავლენის მოხდენის საფუძველს შექმნიდა.

ანგარიშში ასევე განხილულია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შესახებ მუსლიმი თემის კრიტიკული შეფასებები. მათი თქმით, სახელმწიფო აღნიშნულ ორგანიზაციას მუსლიმთა კონტროლის მექანიზმად იყენებს.

ანგარიშში ხაზგასმულია რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პრობლემა. აღნიშნულია, რომ გრძელდება სასამართლო დავა იმ ტაძრის გარშემო, რომელიც სახელმწიფომ მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა და რომლის დაბრუნებასაც სომეხთა სამოციქულო ეკლესია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ითხოვს. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებას სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წლების განმავლობაში ითხოვს. 2015-2018 წლებში ეკლესიამ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რამდენჯერმე წერილობით მიმართა  შესაბამისი დოკუმენტაციით, თუმცა ამ მიმართვას რაიმე ქმედითი შედეგი არ მოჰყოლია.

ანგარიში მიმოიხილავს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან შექმნილ დაბრკოლებებს ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესში. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის შეფასებით, არადომინანტური რელიგიური გაერთიანებები კვლავ აწყდებიან სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნურ ბარიერებს ახალი რელიგიური დანიშნულების ნაგებობებისთვის ნებართვის მოპოვებისას, რისი თვალსაჩინო მაგალითიც ბათუმში მეჩეთის მშენებლობის პროცესია. TDI-ს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ნეიტრალურია და თანასწორ პირობებს უყენებს მშენებლობის განმახორციელებელს, არადომინანტი რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხშირად დისკრიმინაციას განიცდიან. TDI ასევე მიუთითებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრობლემურ როლზე, რომელიც ხშირად უკანონოდ, ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის სფეროში.

ანგარიშში მიმოხილულია, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 30 სექტემბრის გადაწყვეტილება ბათუმის მეჩეთის საქმეზე. სასამართლომ მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა და ასევე ბათილად ცნო ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარის შესახებ. საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის მერიას დაუბრუნდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, პირდაპირ დავალებოდა ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემა.  2019 წლის 4 დეკემბერს „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ ასევე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე გაცემის პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს. მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში TDI და EMC იცავენ. ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიამ მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობისთვის პირობა წაუყენა, გამოეხმოთ სასამართლოდან სარჩელი, მეჩეთის ასაშენებლად შეძენილი საკუთარი მიწის ნაკვეთი გადაეცა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის, რომელიც შემდეგ მიმართავდა მერიას მშენებლობის ნებართვის საკითხზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავინდებურად აკრიტიკებენ რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკას. საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური ანაზღაურების საფუძვლით, სახელმწიფო დაფინანსებას გამოუყოფს ხუთ რელიგიურ გაერთიანებას, თუმცა, რელიგიური გაერთიანებების შერჩევის კრიტერიუმები და დაფინანსების მოდელი უსამართლო და დისკრიმინაციულია.

ანგარიშში საუბარია საჯარო სკოლებში დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევებზე. TDI-ს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად სკოლა უნდა იყოს ნეიტრალური, იკრძალება რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსება, ინდოქტრინაცია და პროზელიტიზმი, საჯარო სკოლებში ხშირად ირღვევა აღნიშნული მოთხოვნები.

ანგარიშში ყურადღება ეთმობა პარლამენტის მიერ 12 მაისის ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ გამოცხადებას. მედიის ცნობით, დღესასწაულის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 900 ათასამდე ლარი გამოიყო. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა და თეოლოგმა, ბექა მინდიაშვილმა უარყოფითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება.

ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის ფაქტებზეც. ოკუპირებული რეგიონებიდან სანდო და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კვლავ ადგილი აქვს საქართველოს მართლმადიდებლური ტაძრების დაზიანებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალის წაშლის ფაქტებს.

 

 

 

[1] ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა წარმოადგენდნენ.