ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აპრ/2123

სემინარები ჟურნალისტიკის სტუდენტებთან მიგრაციის საკითხებზე

21-22 აპრილს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) პროექტის “მედიის ცნობიერების ამაღლება მიგრაციის საკითხებზე” და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის EMERGE ფარგლებში ჩაატარა სემინარები ჟურნალისტიკის სტუდენტებთან მიგრაციისა და მიგრანტების ისტორიების გაშუქებასთან დაკავშირებით.

TDI-სა და IOM-თან ერთად, ლექციებს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები, რუსუდან ტუშური, დამოუკიდებელი ექსპერტი მიგრაციის საკითხებში და რობერტ მაკნეილი, ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული მიგრაციის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე და მედიისა და კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი. სემინარში ასევე მონაწილეობას იღებდა არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,უფლებები საქართველო” წარმომადგენელი მარიამ მაღრაძე.

სემინარზე მომხსენებლებმა ისაუბრეს მიგრაციისა და მიგრანტების ისტორიების გაშუქების მედია სტანდარტებზე, ძირითად ტერმინებზე და სამართლებრივ რეგულირებაზე, მიმოიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში არსებული კონტექსტი მიგრაციასთან დაკავშირებით, გავრცელებული მითები და სტერეოტიპები, როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია და დავუპიროსპიროთ ალტერნატიული ნარატივები, რა საკითხებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება მიგრაციის გაშუქებისას და როგორ წარმოვაჩინოთ ეს თემები ეთიკის სტანდარტების დაცვით. TDI-მ ასევე აჩვენა ამავე პროექტის ფარგლებში პარტნიორ მედიებთან მომზადებული მიგრანტების გაშუქების პოზიტიური მაგალითები.

სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები.

ლექციათა ციკლი ასევე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ,,ფორმულას” მედია სკოლის სტუდენტებთან.

პროექტის ფარგლებში, ივნისში, ასევე ჩატარდება კონკურსი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მიგრაციის თემატიკის გაშუქებაზე. კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან პლანშეტით ან პერსონალური კომპიუტერით, საუკეთესო ნაშრომები კი სხვადასხვა მედია პლატფორმებზე გამოქვეყნდება.