ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სამოსისა და ჩაცმის მრავალფეროვნება საქართველოში

ავტორი: გიორგი სორდია

 

სამოსი საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია. ჩაცმის და სამოსის კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის როგორც ევროპულ, ასევე აღმოსავლურ (თურქულ-სპარსული) და ადგილობრივ (კავკასიური) სტილს.

გვიან შუა საუკუნეებში, მას შემდეგ, რაც საქართველოზე მნიშვნელოვნად გაიზარდა აღმოსავლური ქვეყნების, განსაკუთრებით სპარსეთის პოლიტიკური გავლენა, ქვეყანაში გაძლიერდა სპარსული კულტურის გავლენებიც, რაც აისახა ჩაცმულობაზეც. ადგილობრივი სამოსი თანდათან ჩანაცვლდა სპარსული, ან სპარსულს მიმსგავსებული ტანსაცმლით, რაც არაერთი ევროპელი ავტორის ცნობების მიხედვითაც დასტურდება. სპარსული გავლენები საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით დიდგვაროვანთა ჩაცმულობაზე, ევროპელი მხატვრების შემოქმედებაშიც შეიმჩნევა. ხშირ შემთხვევაში, ევროპულ გამოცემებში საქართველოს საილუსტრაციოდ სწორედ სპარსულ სამოსში გამოწყობილი ტიპაჟები გვხვდება ხოლმე. მაგალითად, აღსანიშნავია ფრანგი მხატვრის ლიუ ლასალის 1840 წლის ნახატი, რომელზეც გამოსახულია სცენა საქართველოს ერთ-ერთი მდიდრული სახლიდან, რომელშიც სპარსულ-აღმოსავლურ სტილში გამოწყობილი ქალები იმყოფებიან (იხ. სურ. 1). სპარსული გავლენა კიდევ უფრო გამოკვეთილია ფრანგი მხატვრის ანდრე ლეონ ლარუს მიერ 1830 წელს გამოქვეყნებულ გრავიურაზე, რომელზეც თბილისის ვარდების ბაღში მდგარ ქალს ვხედავთ (იხ. სურ. 2).

 

სურ. 1

                                              

 

 

სურ. 2

                                  

 

ჩაცმულობაში აღმოსავლური გავლენა შეინიშნებოდა როგორც საქართველოში მცხოვრებ ქართველებზე, ასევე სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა სამოსზე. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თბილისის მუსლიმთა თემი, რომელთა კულტურამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა თბილისის ურბანული კულტურის განვითარებაზე. თბილისელი მუსლიმი ქალების ტრადიციული ჩაცმულობა ევროპელი მხატვრების ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა გერმანელი მხატვრის არტურ ვანიურას მიერ შესრულებული გრავიურები. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია თბილისელი დიდგვაროვანი მუსლიმი ქალები საშინაო და გამოსასვლელ ტანსაცმელში, ხოლო მეორეზე კი აღბეჭდილია თბილისელ მუსლიმთა სახლის მისაღები ოთახი, რომელშიც წარჩინებული მუსლიმი ქალი იმყოფება ტრადიციულ ტანსაცმელში (იხ. სურ. 3 და 4). ქართული კულტურის განვითარებაზე არანაკლები გავლენა იქონიეს საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა, რომელთაც თავისი განსაკუთრებული ჩაცმის სტილი გამოარჩევდათ მე-19 საუკუნის საქართველოში. ამ ეპოქის სომეხთა ჩაცმულობის და აღკაზმულობის სტილი საუკეთესოდ არის წარმოჩენილი რუსი მხატვრის ილარიონ პრიანიშნიკოვის ნახატში, რომელიც ერთვის ცნობილი ფრანგი გეოგრაფის ელიზე რეკლიუს 1881 წლის „მსოფლიო გეოგრაფიის“ კავკასიასთან დაკავშირებულ თავს (იხ. სურ. 5).

 

სურ. 3

 

                                  

 

სურ. 4.

 

                                      

 

სურ.5

 

                                         

 

მე-19 საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში გავრცელებული სამოსი ადგილობრივი, ევროპული და აზიური სტილების ერთგვარ სინთეზი იყო. ასე ახასიათებს ბრიტანელი მოგზაური ჰერბერტ კოქსონი საქართველოს მაცხოვრებლებს:

„ვის არ ნახავთ აქ - ქართველები, მეგრელები, იმერლები, გურულები, ჩერქეზები, აფხაზები, ყაბარდოელები, ლეზგები, დაღესტნელები და თურქულ-თათრული წარმოშობის სხვა ტომები. მათი ეროვნული სამოსი მსგავსია და ხალათს იგივე ჩოხას ეძახიან. წელზე ვერცხლით გაწყობილი ქამარი არტყიათ, სადაც ხმალი, რევოლვერი ან ტყავის სასმისი აქვთ დამაგრებული, მხარზე კი ვაზნების ჩასაწყობი აქვთ გადაკიდებული.“ (აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში. ჰერბერტ კოქსონის მოგზაურობა მე-19 საუკუნის კავკასიაში. ინგლისურიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა, რედაქტორი: გიორგი სორდია. თბილისი, 2019).

კიდევ ერთი ევროპელი მოგზაური ჰენრი ნორმანი კი ასე წარმოაჩენს თბილისს და მისი მოსახლეობის ჩაცმულობას:

„ევროპასა და აზიას შორის მდებარე თბილისი ყველაზე მეტად იქ მცხოვრები ხალხების სიჭრელით მოგაჯადოებთ, რომლებიც არა მარტო უამრავ გასაოცარ ენებს ფლობენ, არამედ თავიანთი სახასიათო გარეგნობითაც გამოირჩევიან. უჩვეულო სახის ნაკვთებით და ტრადიციული სამოსით. უშეცდომოთ ამოიცნობთ თათარს თავისი გირჩის ფორმის ქუდში, აქვე დალანდავთ არწივისნაკვთიან ლეზგებს, შავგრემან სპარსელებს თავიან ბუმბულგაყრილი ქუდით, სომხებს თავიანთი ფართო ქუდებით, ოსმალებს მატყლის ფაშფაშა ქუდებით, ფაფახიან ქართველებს გულზე აბჯარასხმულებს. ადგილობრივი ჯენტლმენი, რომელსაც ჩაცმულობაზევე ეტყობა რომ მაღალი რანგის სამხედრო პირი უნდა იყოს ხანგრძლივი სამხედო სამსახურ და ომგამოვლილი, მკლავების ჟღარუნით შემოალაჯებს სასტუმროს სასადილოში. კაცის აღნაგობა და ჩაცმულობა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს და თვალს ვერ ვწყვეტ. ჩემს სიცოცხლეში არსად არ მინახვს ამდენი განსხვავებული, შთამბეჭდავი გარეგნობის ხალხი ერთად თავმოყრილი. მათი მედიდური მიხვრა-მოხვრა, ამაყი თავდაჭერილობა ევროპის პრინცებს, ელჩებსა და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებსაც კი შეშურდებოდათ. მატყლის მოსასხამები, რომლის შიგნითაც იმალება ალისფერი აბრეშუმის შარვლები, ნაღებისფერი პერანგები, ნეკნებზე ლამაზად შემოხვეული და თეძოებზე მჭიდროდ მომდგარი, კარგად დამუშავებული რკინის ქამარი, რომელზეც მოვერცხლილი ხანჯალი, ხმალი და დამბაჩა კონწიალობს, და კიდევ უამრავი უცნაური ნივთი. ამ უჩვეულო გარეგნობის მქონე ადამიანის სამოსს საბოლოოდ  მკერდზე განლაგებული ვაზნების რიგი აგვირგვინებს. ამას დაუმატეთ თავზე დამხობილი ფაფახი და სამხედრო რანგის აღმნიშვნელი ნიშნები და ომში მიღებული ჯილდოები. ამის მატარებელი თითოეული ვაჟკაცი ომის გმირივით გამოიყურება.“ (ჰენრი ნორმანის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ. ინგლისურიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა. რედაქტორი: გიორგი სორდია. თბილისი, 2019)

იგივე ნორმანი მე-19 საუკუნის დასასრულისთვის თბილისელთა „კლასიკურ“ ჩაცმულობას „ჩერქეზულს“ უწოდებს, რითაც ხაზს უსვამს საქართველოს მაცხოვრებლებში ადგილობრივი და კავკასიური სტილების გავლენას. ამის სადემონსტრაციოდ კი მას მოჰყავს თბილისელი გიდის, როსტომის მაგალითი, რომელიც ცნობილი თბილისური სასტუმრო „ლონდონის“ სტუმრებს ემსახურებოდა. შეიძლება ითქვას როსტომი, დოკუმენტურად დადასტურებული პირველი თბილისელი გიდია. ჰენრი ნორმანმა მისი გარეგნობის და ჩაცმულობის სურათიც შემოგვინახა (იხ. სურ. 6).

 

სურ. 6.

 

                                             

 

აღმოსავლური ქვეყნებიდან შედარებით ნაკლები გავლენა განიცადა საქართველოს მთიანეთის მაცხოვრებელთა ჩაცმულობამ, თუმცა კავკასიელ ხალხთა შორის არსებული მჭიდრო კულტურული ურთიერთკავშრი მათ ჩაცმულობაზეც ახდენდა გავლენას. მოგზაურთა ჩანაწერები პარალელს ხშირად ავლებდნენ საქართველოს მთიანეთსა და ჩრდილო კავკასიელ ხალხთა ჩაცმულობას შორის. მაგალითად ასეთ მსგავსებაზე ამახვილებს ყურადღებას ავსტრიელი მოგზაური და ეთნოგრაფი ამანდ ფონ ლერხენფელდი, რომელიც ჩეჩნების დახასიათებისას წერს, რომ მათი სტილი უახლოვდება ხევსურების ჩაცმულობას. ქისტების სამოსს კი ის შემდეგნაირად წარმოაჩენს: „თეთრი ან რუხი ჩეკანა (ზედატანი) განსხვავებული ფერის „ბეშმეტით“ ან „არხალუკით“,  ფართო „შალვარი“ (შარვალი), ფეხსაცმელი ან ჩექმა და „ფაფახი“ (ცხვრის ბეწვის მაღალი ქუდი). შავ მთებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ჯაჭვის პერანგი და წვეტიანი ჩაფხუტი.  ხელის პატარა ფარები, სამკლაურები, ხანჯლები და ხმლები. ამ ტიპის მეომარი  შუა საუკუნეების ჯვაროსანივით გამოიყურება“. (ამან ფონ ლერხენფელდის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ. გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა. რედაქტორი: გიორგი სორდია. თბილისი, 2018).

აშკარაა, რომ საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება მრავალი სახით ვლინდება. ლინგვისტური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა სახის სხვაობებთან ერთად არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს სამოსის მრავალფეროვნება. თითოეული ეთნიკური ჯგუფი გამოირჩეოდა საკუთარი ჩაცმულობის ტრადიციით, რომელმაც საბოლოო ჯამში ისეთი სინთეზი გამოიწვია, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. 

 

შენიშვნა: საილუსტრაციოდ გამოყენებული გრავიურების და სურათების ორიგინალი ბეჭდური ეგზემპლარები ინახება ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში.

 

 

სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხიმგებელია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.