ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

თანამედროვე მართლმადიდებელი ეკლესიის დიალოგი და პრინციპები სხვა კონფესიების მიმართ

ავტორი: დეკანოზი ლევან მათეშვილი

ქრისტეს ეკლესია დაფუძნებისთანავე ორიენტირებული იყო ადამიანებთან დიალოგზე. „წარვედით და მოიმოწაფენით...“ პრინციპი არა მარტო ვერბალური კომუნიკაციის მოდელს გვთავაზობს, არამედ დამოკიდებულებას გარე სამყაროსადმიც, რომლის მიმართ ეკლესია ტრანსპარენტულიც არის და მოწოდებულია მის გადასარჩენად. ეკლესიის ღიაობა ყველას მიმართ („მოვედით ჩემთან ყოველი დამაშვრალი...“), ყველა ცოდვილის მიმართ, აქტუალურია დღესაც და ასეთივე დარჩება, სანამ ამგვარი სახით მატერიალური სამყარო იარსებებს. თუმცა ამ მისიის განხორციელებას ხელს უშლის ქრისტიანული სამყაროს დანაწევრებულობა. ერთობის მცნების დარღვევის შედეგად, რამაც სქიზმის ისტორიული ტრაგედია განაპირობა, დაყოფილი ქრისტიანები, ნაცვლად იმისა, რომ წმინდა სამების სახით ერთობისა და სიყვარულის მაგალითი იყვნენ, საცდურის წყარო გახდნენ. ქრისტიანთა დაყოფა ქრისტეს სხეულზე ღია სისხლმდენ ჭრილობად იქცა. დაყოფის ტრაგედია ქრისტიანული უნივერსალიზმის სერიოზული ხილული დამახინჯებაა, რაც მსოფლიოსათვის ქრისტეს მოწმობის წინაღობაა. ქრისტეს ეკლესიის ამ მოწმობის სინამდვილე მნიშვნელოვანწილად მის მიერ ნაქადაგებ ჭეშმარიტებაში მდგომარეობს.

 ეკლესიის ერთიანობა და ადამიანური დაყოფის ფაქტორი

მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ეკლესიაა, რომელიც თავად იესო ქრისტემ შექმნა; ეკლესია განმტკიცდება და აღივსება სული წმიდის მიერ; უფალმა ბრძანა ეკლესიაზე: „ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“ (მათე, 16, 18). ეს არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც წმიდა საიდუმლოებებს ინახავს და მთელ მსოფლიოს აწვდის, ის არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი“ (1 ტიმ., 3, 15). ეკლესია სრულად პასუხისმგებელია ქრისტეს სახარების ჭეშმარიტების გავრცელებისა და სრული ძალაუფლება აქვს, „წმიდათათვის ერთხელ მიცემული რწმენა“ დაამოწმოს (იუდ., 3).

ქრისტეს ეკლესია ერთი და ერთადერთია (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, „ეკლესიის ერთიანობის შესახებ“). ეკლესიის - ქრისტეს სხეულის - ერთობის საფუძველია ის, რომ მას ერთი თავი ჰყავს - უფალი იესო ქრისტე (ეფ., 5, 23) და მასში მოქმედებს ერთი სული წმიდა, რომელიც ეკლესიის სხეულს ცოცხალყოფს და მის ყველა წევრს ქრისტესთან, როგორც თავთან, აკავშირებს.

ეკლესია „ქრისტეში ახალი ადამიანის“ ერთობაა. თავისი განკაცებით ღვთის ძემ „ადამიანთა გრძელი ჯაჭვი განაახლა“ (წმ. ირინეოს ლიონელი) და ახალი, მადლიანი ერი შექმნა - მეორე ადამის სულიერი მემკვიდრენი. ეკლესიის ერთიანობა მიწიერ და ადამიანურ ურთიერთობაზე მაღლა დგას; ეს ერთობა ზეციდან არის მოცემული, როგორც სრულყოფილი და ღვთიური ნიჭი. ეკლესიის წევრებს თავად ქრისტე აერთიანებს, როგორც მასში ფესვგადგმულ ვაზს; ეკლესიის წევრები მარადიული სულიერი ცხოვრების ერთობაში არიან შეკრებილნი.

-  ეკლესიის ერთობა ბარიერებსა და საზღვრებს ძლევს, მათ შორის, რასობრივ, ენობრივ და სოციალურ ბარიერებს. ხარება ყველა ერს უნდა ეუწყოს, რათა ისინი სული წმიდის მადლით ერთიან წიაღში მოვიდნენ და რწმენის ძალით გაერთიანდნენ (მათე, 28, 19-20; მარკოზი, 16, 15; საქმე, 1, 8).

ეკლესიაში მტრობა და გაუცხოებულობა დაიძლევა და ცოდვით დაყოფილი კაცობრიობის სიყვარულში ერთობა განმტკიცდება ერთარსი სამების სახით.

ეკლესია მშვიდობის საკვრელით შენარჩუნებული სულის ერთობაა (ეფეს., 4, 3), ღვთის მადლისა და სულიერი გამოცდილების სისავსე და უწყვეტობა. „სადაც ეკლესიაა, იქ ღვთის სულიცაა, ხოლო სადაც ღვთის სულია, იქ ეკლესიაცაა და მადლიც“ (წმ. ირინეოს ლიონელი, „ერესების წინააღმდეგ“, წ. 3, თ. XXIV). მადლმოსილი ცხოვრების ერთობა საეკლესიო რწმენის უცვლელობისა და ერთიანობის საფუძველია. ყოველთვის და უცვლელად „ასწავლის ეკლესიას სული წმიდა წმ. მამებისა და მოძღვრების მეშვეობით. კათოლიკე ეკლესია არ ცდება და ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუეს ვერ იტყვის: რამეთუ სული წმიდა, ეკლესიის ერთგული მამებისა და მოძღვრების მეშვეობით, ყოველგვარი ცდომილებისგან იცავს მას“ (აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლე).

ეკლესიას მსოფლიო ხასიათი აქვს _ ის მსოფლიო სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის სახით არსებობს, მაგრამ ეკლესიის ერთობა ამით სულაც არ კნინდება. „უფლის ნათლით გაბრწყინებული ეკლესია მთელ მსოფლიოში ავრცელებს თავის სხივებს, მაგრამ ყველგან განფენილი ნათელი ერთია და სხეულის ერთიანობა განუყოფელია; მთელ დედამიწაზე შლის ნაყოფით დახუნძლულ ტოტებს; მისი უხვი ნაკადები შორს მიედინებიან, თავი კი ერთია, ერთი საწყისი, ერთი დედა, ნაყოფიერების სიუხვით მდიდარი“ (წმ. კვიპრიანე კართაგენელი, „ეკლესიის ერთიანობის შესახებ“).

საეკლესიო ერთობა ევქარისტიის საიდუმლოსთან უწყვეტ კავშირშია. როდესაც მორწმუნენი ქრისტეს ერთიან სხეულს ეზიარებიან, ნამდვილად ერთიან კათოლიკე სხეულს უერთდებიან, ქრისტეს სიყვარულის საიდუმლოებაში, სულის გარდამქმნელი ძალით. თუ „ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით“, ყველანი ერთ სხეულს შევადგენთ (1 კორ., 10, 17), რადგან ქრისტე ვერ განიყოფა. ამიტომაც ეწოდება ეკლესიას ქრისტეს სხეული, ჩვენ კი მისი ცალკეული ნაწილები ვართ, პავლე მოციქულის გაგებით (1 კორ., 12, 27); (წმ. კირილე ალექსანდრიელი).

ერთი წმიდა კათოლიკე ეკლესია სამოციქულოა. ღვთივდადგენილი სამღვდელოების მიერ სული წმიდის ნიჭი მორწმუნეებს გადაეცემა. წმინდა მოციქულთაგან იერარქიული მემკვიდრეობა მადლმოსილი ცხოვრების ერთობის საფუძველია. კანონიერი სამღვდელოებისგან განდგომა სული წმიდისგან, თვით ქრისტესგან განდგომაა. „ყველა დაემორჩილეთ ეპისკოპოსს, როგორც იესო ქრისტე თავის მამას, პრესვიტერებს კი როგორც მოციქულებს დაუჯერეთ; დიაკვნები ღვთის მცნებად გყავდეთ. ეპისკოპოსის გარეშე არავინ არაფერი გააკეთოთ, რაც ეკლესიას შეეხება. სადაც ეპისკოპოსია, იქ ხალხიც უნდა იყოს, მსგავსად იმისა, რომ სადაც იესო ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაცაა“ (წმ. ეგნატე ანტიოქიელი, სმირნ., 8).

კონკრეტულ თემთან კავშირით ეკლესიის თითოეული წევრი მთელს ადგილობრივ ეკლესიასთან ამყარებს კავშირს. როდესაც ჩვენს ადგილობრივ ეკლესიასთან კანონიკურ კავშირს ვარღვევთ, ამით ეკლესიის სხეულთან მადლიან კავშირს ვკარგავთ და ვწყდებით მას. ნებისმიერი ცოდვა განგვაშორებს ეკლესიისგან, მაგრამ სრულიად არ გვწყვეტს მას. ძველი ეკლესიის გაგებით, განკვეთა ევქარისტიული კრებიდან გარიცხვას ნიშნავდა. განკვეთილს ეკლესიაში ხელმეორე ნათლობით არ იღებდნენ. ნათლობის წარუვალობის რწმენა ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსშია აღიარებული: „ვაღიარებ ერთსა ნათლობასა მისატევებელად ცოდვათა“. 47-ე სამოციქულო წესი ამბობს: „ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, რომელიც მონათლულს ხელახლა მონათლავს, განკვეთილ იყოს“.

ამით ეკლესია მოწმობდა, რომ განკვეთილი ღვთის ერისადმი კუთვნილების „ბეჭედს“ ინარჩუნებდა. როდესაც ეკლესია განკვეთილს იბრუნებს, ის სიცოცხლეს უბრუნებს მას, ვინც სულით უკვე მოინათლა ერთ სხეულში. როდესაც ეკლესია განკვეთს თავის წევრს, რომელიც მან ნათლობის დღეს დაბეჭდა, ის მისი დაბრუნების იმედს იტოვებს. განკვეთას ეკლესია განკვეთილის სულიერი აღორძინების საშუალებად განიხილავს.

-  საუკუნეთა მანძილზე ქრისტეს ერთობის მცნება არაერთხელ დარღვეულა. ღვთისგან მცნებად მოცემული ერთსულოვნების საწინააღმდეგოდ ქრისტიანობაში აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილებები წარმოიქმნა. ეკლესია ყოველთვის მკაცრი და პრინციპული იყო მათ მიმართ, ვისაც ეკლესიაში განხეთქილება და შფოთი შემოჰქონდა: „რატომ გაქვთ შუღლი, უთანხმოება, გაყოფა და ჩხუბი? განა ერთი ღმერთი არ გვყავს და ერთი ქრისტე, ერთი სული ჩვენთვის გადმოღვრილი, ერთი მოწოდება ქრისტეში? რისთვის განვყოფთ ქრისტეს ნაწილებს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ აღვდგებით? ისეთ უგუნურებამდე მივდივართ, გვავიწყდება, რომ ერთმანეთის ნაწილები ვართ“ (წმ. კლიმენტ რომაელი, კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, 1, 46).

ცდომილება და ერესი ეგოისტური თვითდამკვიდრებისა და განკერძოების შედეგია. ნებისმიერ განხეთქილებას, ანუ სქიზმას, საეკლესიო ერთობისგან დაშორება მოაქვს. თუნდაც გაყოფა არასარწმუნოებრივი საკითხების გამო მოხდეს, მაინც არღვევს ეკლესიის შესახებ სწავლებას და საბოლოო ჯამში რწმენას ამახინჯებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მამების პირით ამტკიცებს, რომ ცხონება მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაშია შესაძლებელი. ამავე დროს, მართლმადიდებლობას განდგომილი თემები არ განიხილებიან როგორც ღვთის მადლს სრულიად მოკლებულნი. საეკლესიო ერთობის დარღვევას მადლმოსილი ცხოვრების რღვევა მოაქვს, მაგრამ მადლი განდგომილ თემებს სრულად არ ტოვებს. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში სხვა კონფესიებიდან მოსულებს მხოლოდ ნათლობით არ იღებენ. ერთობის რღვევის მიუხედავად, მაინც რჩება გარკვეული არასრული კავშირი, რომელიც ეკლესიის ერთობაში დაბრუნების საწინდარია.

განდგომილთა საეკლესიო მდგომარეობა ცალსახა განსაზღვრებას არ ექვემდებარება. დაყოფილ ქრისტიანულ სამყაროში მისი ერთიანობის ნიშნები არსებობს: ღვთის სიტყვა, ქრისტეს, როგორც ღმერთისა და განკაცებული მაცხოვრის რწმენა (1 იოანე, 1, 1–2; 4, 2, 9) და გულწრფელი კეთილმსახურება.

-  დაბრუნების სხვადასხვა წესი არსებობს (ნათლობით, მირონცხებით, სინანულით), რაც ცხადყოფს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა კონფესიას დიფერენცირებულად უდგება. კრიტერიუმს რწმენის შენარჩუნების ხარისხი და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ნორმები წარმოადგენს. სხვადასხვა მიღების წესის დადგენით მართლმადიდებელ ეკლესიას ამა თუ იმ კონფესიაში მადლმოსილი ცხოვრების შენარჩუნების ან რღვევის შესახებ მსჯავრი არ გამოაქვს, რადგან ეს ღვთის განგებისა და მსჯავრის საიდუმლოებად მიაჩნია.

მართლმადიდებლობა არ არის აღმოსავლეთის ეკლესიის „ეროვნულ-კულტურული კუთვნილება“. მართლმადიდებლობა არის ეკლესიის შინაგანი თვისება, სამოციქულო ხანიდან მომავალი სარწმუნოებრივი სწავლების, საღვთისმსახურო და იერარქიული წყობის შენარჩუნება. არ შეიძლება დავყვეთ ცდუნებას და წარსულის იდეალიზაცია მოვახდინოთ, ან ეკლესიის ისტორიაში არსებულ ტრაგიკულ ნაკლოვანებებსა და წარუმატებლობაზე თვალი დავხუჭოთ. სულიერი თვითკრიტიკის მაგალითს ეკლესიის დიდი მამები გვაძლევენ. ეკლესიის ისტორიაში მრავალი შემთხვევა ყოფილა, როდესაც საეკლესიო ერის დიდი ნაწილი ერესში გადასულა, მაგრამ ისტორიამ ისიც იცის, რომ ეკლესია ერესს პრინციპულად ებრძოდა _ მას ერესისგან განკურნების, სინანულისა და ეკლესიის წიაღში დაბრუნების გამოცდილება აქვს. თვით ეკლესიის წიაღში მცდარი აზროვნების გაჩენისა და მასთან ბრძოლის გამოცდილებამ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები სიფხიზლეს მიაჩვია. მართლმადიდებელი ეკლესია თვინიერად მოწმობს, რომ ის ჭეშმარიტებას იცავს და ამავე დროს ყველა ისტორიული საცდურიც ახსოვს.

ერთობის აღდგენისკენ სწრაფვა

მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა კონფესიებთან ურთიერთობის უმთავრესი მიზანია ქრისტიანთა ერთობის აღდგენა (იოანე, 17, 21), რაც ღვთის განგების ნაწილია და ქრისტიანობის არსს ეხება. ეს არის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მისი არსებობის ყველა დონეზე, უპირველესი ამოცანა.

ამ ამოცანის მიმართ გულგრილობა ან მისი უარყოფა ერთობის ღვთივმოცემული მცნების დარღვევაა. ბასილი დიდის სიტყვებით, „უფლის გულწრფელი და ჭეშმარიტი მსახურები უნდა ეცადონ გააერთიანონ დანაწევრებული ეკლესიები“ (2, 3). მართლმადიდებელი ეკლესია დარღვეული ქრისტიანული ერთობის აღდგენას აუცილებლად მიიჩნევს, მაგრამ ამასთან ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ერთობა მხოლოდ ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ერთობის ნებისმიერი სხვა „მოდელი“ მიუღებელია.

-   მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მიიღებს თეზისს იმის შესახებ, რომ ისტორიული განხეთქილებების მიუხედავად, ქრისტიანთა პრინციპული, სიღრმისეული ერთობა თითქოს არ დარღვეულა, და რომ ეკლესია მთელი „ქრისტიანული სამყაროა“, რომ ქრისტიანობა თითქოს დენომინაციური ბარიერების მიღმა არსებობს და რომ ეკლესიათა განყოფა მხოლოდ არასრულყოფილი ადამიანური ურთიერთობების დონეს ეკუთვნის. ამ კონცეფციის თანახმად, ეკლესია ერთიანია, მაგრამ ერთიანობა ხილულ ფორმებში არასაკმარისად არის გამოვლენილი. ერთობის ასეთი მოდელის თანახმად, ქრისტიანთა ამოცანაა არა დაკარგული ერთობის აღდგენა, არამედ როგორც არსებული ერთობის გამოვლენა. ამ მოდელში მეორდება „უხილავი ეკლესიის“ შესახებ სწავლება, რომელიც რეფორმაციაში წარმოიქმნა.

ზემოხსენებულ კონცეფციასთან დაკავშირებული ე. წ. შტოების თეორია სრულიად მიუღებელია. თეორიის თანახმად, ქრისტიანობის „შტოებად“ დაყოფა ნორმალური და განგებითია.

-   მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია მტკიცება იმის შესახებ, რომ ქრისტიანული განხეთქილებები ქრისტიანობის ისტორიის არასრულყოფილების გარდაუვალი ნაწილია, რომ განყოფა მხოლოდ ისტორიულ ზედაპირზე არსებობს და მისი განკურნება ან დაძლევა დენომინაციებს შორის კომპრომისული შეთანხმებებით არის შესაძლებელი.

მართლმადიდებელი ეკლესია „დენომინაციების თანაბრობას“ ვერ აღიარებს. ეკლესიისგან განმდგარნი ვერ შეუერთდებიან მას იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა იმყოფებიან _ აუცილებელია არსებული დოგმატური განსხვავებების დაძლევა და არა მათთვის უბრალოდ გვერდის ავლა. ეს ნიშნავს, რომ ერთობისაკენ გზა არის სინანულის, მოქცევისა და განახლების გზა.

-   მიუღებელია აზრი იმის შესახებ, რომ განხეთქილებები მხოლოდ ტრაგიკული გაუგებრობაა, რომ უთანხმოებები მხოლოდ სიყვარულის ნაკლებობის გამოა მიუღებელი, თითქოს არ გვსურს გავიგოთ, რომ განსხვავებების მიუხედავად, „მთავარშია“ საკმარისი ერთობა. განხეთქილებებს ადამიანურ ვნებებამდე, ეგოიზმამდე და მით უმეტეს, კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოებებამდე ვერ დავიყვანთ. ასევე მიუღებელია მტკიცება, რომ ქრისტიანულ ეკლესიასა და ქრისტიანულ თემებს მეორეხარისხოვანი საკითხები განყოფს. დაუშვებელია განხეთქილებები და უთანხმოებები სხვადასხვა არასაღვთისმეტყველო ფაქტორამდე დავიყვანოთ.

მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს თეზისს იმის შესახებ, რომ ქრისტიანული სამყაროს ერთობა მხოლოდ მსოფლიოსათვის ერთობლივი ქრისტიანული მსახურებით შეიძლება აღდგეს. ქრისტიანული ერთობა საერო საკითხებში ერთსულოვნებით ვერ აღდგება, რადგან ამ შემთხვევაში ქრისტიანები მეორეხარისხოვანში იქნებიან ერთსულოვანი, პირველხარისხოვანში კი უთანხმოება ექნებათ.

დაუშვებელია რწმენაში ერთობა აუცილებელი ჭეშმარიტებების ვიწრო წრით შემოვსაზღვროთ და ამ წრის გარეთ კი „საეჭვოში თავისუფლება“ დავუშვათ. რწმენაში აზრთა სხვადასხვაობის მიმართ ტოლერანტობის პრინციპი დაუშვებელია. ამასთან, დაუშვებელია რწმენის ერთობისა და მისი გამოხატვის ფორმების შერევა.

ქრისტიანული სამყაროს დაყოფა თვით რწმენის გამოცდილებაში დაყოფაა და არა მარტო დოქტრინულ ფორმულებში. სრული თანხმობა რწმენის გამოცდილებაში უნდა იქნეს მიღწეული და არა მარტო მის ფორმალურ გამოხატვაში. ფორმალური აღმსარებლობითი ერთობა ეკლესიის ერთობას არ ამოწურავს, თუმცა მისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ეკლესიის ერთობა, პირველ რიგში, საიდუმლოებებში ერთობაა. საიდუმლოებებში ჭეშმარიტ ერთობას არაფერი აქვს საერთო ე. წ. ინტერკომუნიონთან. ერთობა მხოლოდ მადლმოსილი გამოცდილებისა და ცხოვრების იდენტობაში, ეკლესიის რწმენაში, სული წმიდაში საიდუმლო ცხოვრების სისრულეში განხორციელდება.

ქრისტიანული ერთობის სიყვარულსა და რწმენაში აღდგენა მხოლოდ ზეგარდმო მოგვეცემა, როგორც ყოვლისშემძლე ღვთის ნიჭი. ერთობის წყარო ღმერთშია, ამიტომ მისი აღდგენის ადამიანური მცდელობები ამაოა, რადგან „თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალ., 126, 1). მხოლოდ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ერთობის მცნება დაგვიდო, არის ის, ვისაც ამ მცნების შესრულების ძალა შეუძლია მოგვცეს, რადგან ის არის „ჭეშმარიტება, გზა და სიცოცხლე“ (იოანე, 14, 6). მართლმადიდებელი ქრისტიანების ამოცანაა ქრისტეში ცხონების საქმეში ღმერთთან თანამოქმედება.

მართლმადიდებლური მოწმობა არამართლმადიდებლებს

მართლმადიდებელი ეკლესია ძველი ეკლესიის გადმოცემისა და მადლიან ნიჭთა დამცველია, ამიტომ სხვა კონფესიებთან ურთიერთობაში თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევს მუდმივ მოწმობას , რომელიც გადმოცემაში არსებულ ჭეშმარიტებას აცხადებს და მის მიღებას უწყობს ხელს. სრულიად მართლმადიდებლური კრებისწინა მესამე თათბირის დადგენილებაში ვკითხულობთ: „მართლმადიდებელ ეკლესიას ღრმად სჯერა, რომ იგი ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის რწმენისა და გადმოცემის მატარებელი და მამოწმებელია და მტკიცედ სჯერა, რომ მას თანამედროვე მსოფლიოში ქრისტიანთა ერთობისკენ სვლაში ცენტრალური ადგილი უკავია... მართლმადიდებელი ეკლესიის მისია და ვალია წმინდა წერილისა და წმინდა გადმოცემის ჭეშმარიტების სრულად გადმოცემა, რაც ეკლესიას მის უნივერსალურ ხასიათს სძენს... მართლმადიდებელი ეკლესიის აღნიშნული პასუხისმგებლობა, ისევე როგორც მისი ეკუმენიკური მისია ეკლესიის ერთიანობასთან მიმართებაში, მსოფლიო კრებებმა გამოხატეს. კრებები მართალი რწმენისა და საიდუმლოებებში მონაწილეობის კავშირს ხაზს უსვამდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ისწრაფოდა სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების ქრისტიანები დაკარგული ერთობის ძებნისკენ მოეზიდა, რათა ყველანი რწმენის ერთობამდე მივსულიყავით“.

მართლმადიდებლური მოწმობის ამოცანა ეკლესიის ყველა წევრს ეკისრება. მართლმადიდებელ ქრისტიანებს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ მათ აღმსარებლობას მსოფლიო, უნივერსალური ხასიათი აქვს. ეკლესია მოწოდებულია არა მხოლოდ თავიანთ შვილებს ასწავლოს, არამედ მათაც დაუმოწმოს ჭეშმარიტება, ვინც ის დატოვა. „მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?“ (რომ., 10,14). მართლმადიდებელ ქრისტიანთა ვალია დაამოწმონ ის ჭეშმარიტება, რომელიც ეკლესიას სამუდამოდ ებოძა, რადგან პავლე მოციქულის თქმით, „ჩვენ ვართ ღვთის თანამოსაქმენი“ (1 კორ., 3.9).

არამართლმადიდებლებთან დიალოგი

დიალოგისათვის დოგმატური პრინციპულობისა და ძმური სიყვარულის შერწყმაა დამახასიათებელი. აღნიშნული პრინციპი „მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის საპასუხო ეპისტოლეშია“ (1903) მითითებული, რომელიც ანგლიკანებსა და ძველ კათოლიკებთან საღვთისმეტყველო დიალოგის მეთოდს ეხება: არამართლმადიდებლებთან „უნდა გაგვაჩნდეს ძმური მზადყოფნა, დავეხმაროთ მათ განმარტებებით, ყურადღება გამოვიჩინოთ მათი საუკეთესო სურვილებისადმი, დიდსულოვნება - გაუგებრობებისადმი, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი განხეთქილების პირობებში ბუნებრივად არსებობს, მაგრამ ამავე დროს, მტკიცედ უნდა აღვიარებდეთ ჩვენი მსოფლიო ეკლესიის რწმენას, როგორც ეკლესიისა, რომელიც ქრისტეს მემკვიდრეობის ერთადერთი დამცველია და საღვთო მადლის ერთადერთი მაცხოვნებელი კიდობანია... მათ მიმართებაში ჩვენი ამოცანაა უნდობლობითა და გაუტანლობით არ დავუდოთ მათ ზედმეტი წინაღობა ერთობისაკენ მიმავალ გზაზე... გავუცხადოთ მათ ჩვენი რწმენა და მტკიცე დაჯერებულობა იმაში, რომ მხოლოდ ჩვენი აღმოსავლური მართლმადიდებელი ეკლესიაა მსოფლიო ეკლესია, რომელმაც ქრისტეს სრული საწინდარი შეუბღალავად დაიცვა და ამით ვაჩვენოთ მათ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ და გადაწყვიტონ, თუ მართლაც სწამთ ეკლესიის წიაღში ყოფნის მაცხოვნებლობა და მართლაც სურთ ეკლესიასთან ერთობა“.

არამართლმადიდებლებთან მართლმადიდებელი ეკლესიის დიალოგი საღვთისმეტყველო ხასიათს ატარებს. საღვთისმეტყველო დიალოგის მიზანია არამართლმადიდებლებს მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიური თვითშეგნება, მისი სწავლების საფუძვლები, კანონიკური წყობა და სულიერი ტრადიცია ავუხსნათ და გაუგებრობა თუ არსებული სტერეოტიპები განვუქარვოთ.

მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები არამართლმადიდებლებთან დიალოგს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამათა და სამოციქულო გადმოცემის, მსოფლიო და ადგილობრივი კრებების სწავლებისადმი ერთგულების პრინციპით აწარმოებენ. ამასთან, გამორიცხულია სხვადასხვა სახის დოგმატური და სარწმუნოებრივი კომპრომისები. საღვთისმეტყველო დიალოგებისა და მოლაპარაკებების არანაირი დოკუმენტები და მასალები მართლმადიდებელი ეკლესიებისათვის სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, სანამ მათ სრულიად მართლმადიდებლობა არ დაამტკიცებს.

მართლმადიდებლების თვალსაზრისით, არამართლმადიდებლებისათვის ერთობის გზა დოგმატური ცნობიერების განკურნებასა და გარდაქმნაზე გადის. ამ გზაზე კვლავ უნდა გაიაზრონ საკითხები, რომლებიც მსოფლიო კრებებზე განიხილებოდა. არამართლმადიდებლებთან დიალოგში მნიშვნელოვანია ეკლესიის რწმენის გამომხატველი წმინდა მამათა სულიერი და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის შესწავლა.

მოწმობა ვერ იქნება მონოლოგი _ ის მსმენელს, ურთიერთობას გულისხმობს. დიალოგი ორ მხარეს, ურთიერთობისათვის, ურთიერთგაგებისათვის ორმხრივ მზადებას საჭიროებს და არა მხოლოდ „გახსნილ სასმენელნს“ და „გახსნილ გულებს“ (2 კორ., 6.11). ამიტომ არამართლმადიდებლებთან მართლმადიდებლების საღვთისმეტყველო დიალოგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საღვთისმეტყველო ენა, გაგება და განმარტება.

ფრიად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ არამართლმადიდებლური საღვთისმეტყველო აზრი თავისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით ძველი ეკლესიის წმინდა მამათა მემკვიდრეობის, რწმენისა და წყობისადმი გულწრფელ და ღრმა ინტერესს ავლენს. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ურთიერთობაში მრავალი გადაუჭრელი პრობლემა და აზრთა სხვადასხვაობა რჩება. რწმენის მრავალ ასპექტში ფორმალური მსგავსება ჭეშმარიტ ერთობას არ ნიშნავს, რადგან მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ტრადიციაში მოძღვრების ელემენტები სხვადასხვანაირად განიმარტება.

არამართლმადიდებლებთან დიალოგმა კვლავ გააჩინა იმის გაგება, რომ ერთიანი კათოლიკე ჭეშმარიტება სხვადასხვა კულტურულ-ენობრივ კონტექსტში შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიხატებოდეს და განხორციელდებოდეს. დიალოგის მსვლელობისას უნდა შეგვეძლოს კონტექსტის აუცილებლობისა და კათოლიკე სისავსისგან გადახრის გარჩევა. საჭიროა ერთიან კათოლიკე გადმოცემაში მრავალფეროვნების ზღვრის თემა გამოვიკვლიოთ.

რეკომენდებულია საღვთისმეტყველო დიალოგის ფარგლებში ერთობლივი კვლევითი ცენტრების, ჯგუფებისა და პროგრამების შექმნა. მნიშვნელოვნად უნდა მივიჩნიოთ ერთობლივი საღვთისმეტყველო კონფერენციების, სემინარებისა და სამეცნიერო შეხვედრების გამართვა, დელეგაციებისა და პუბლიკაციების გაცვლა, ერთობლივი საგამომცემლო პროგრამების განვითარება. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე სპეციალისტების, მასწავლებლებისა და ღვთისმეტყველების გაცვლას.

საღვთისმეტყველო თემების გარდა, დიალოგი ეკლესიისა და მსოფლიოს ურთიერთობის პრობლემების სპექტრსაც უნდა შეეხებოდეს. არამართლმადიდებლებთან ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზოგადოებრივი მსახურების სფერო. სადაც ეს მოძღვრებასა და სულიერ პრაქტიკას არ ეწინააღმდეგება, უნდა განვავითაროთ რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის ერთობლივი პროგრამები.

ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგების თავისებურება, მრავალმხრივი კავშირებისა და ქრისტიანთშორის ორგანიზაციებში მონაწილეობისგან განსხვავებით, იმაში მდგომარეობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ დიალოგებს იმ ფორმითა და მოცულობით უძღვება, რომელსაც მოცემულ მომენტში მისაღებად მიიჩნევს. საზომია თავად დიალოგების წარმატება, პარტნიორების მზადყოფნა, გაითვალისწინონ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია საეკლესიო-საზოგადოებრივი პრობლემების ყველაზე ფართო სპექტრში.

არამართლმადიდებლებთან დიალოგთან დაკავშირებული შიდა ამოცანები

მართლმადიდებლები მათი სარწმუნოების თვალსაზრისით მცდარ შეხედულებებს უარყოფენ, მაგრამ მოწოდებულნი არიან ქრისტიანული სიყვარულით მოეპყრონ ადამიანებს, რომლებიც ამ შეხედულებებს აღიარებენ. არამართლმადიდებლებთან ურთიერთობისას მართლმადიდებლები თავიანთი რწმენის სიწმინდესა და ეკლესიის ერთობას მოწმობენ. ჭეშმარიტების მოწმობისას მართლმადიდებლები ამ მოწმობის ღირსნი უნდა აღმოჩნდნენ. არამართლმადიდებლების შეურაცხყოფა დაუშვებელია.

აუცილებელია საეკლესიო საზოგადოებრიობის უტყუარი და კვალიფიცირებული ინფორმირება მართლმადიდებელი ეკლესიის არამართლმადიდებლებთან დიალოგის, პერსპექტივებისა და კავშირების შესახებ.

ეკლესია გმობს მათ, ვინც მცდარი ინფორმაციის მეშვეობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არამართლმადიდებლებისადმი მოწმობის ამოცანებს ამახინჯებს, ეკლესიის მაღალ იერარქიას შეგნებულად ცილს სწამებს და „მართლმადიდებლობის ღალატს“ აბრალებს. ასეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც მორწმუნეებში საცდურს თესავენ, კანონიკური ზომები უნდა გავატაროთ. ამ მხრივ უნდა ვიხელმძღვანელოთ თესალონიკში გამართული სრულიად მართლმადიდებლური შეხვედრის გადაწყვეტილებებით (1998): „დელეგატებმა ერთხმად დაგმეს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში არსებული სქიზმატთა ჯგუფები, რომლებიც ეკუმენისტურ თემას ეკლესიის ხელმძღვანელობის კრიტიკისა და მისი ავტორიტეტის შებღალვისათვის იყენებენ, რითიც ეკლესიაში უთანხმოებისა და განხეთქილების ჩამოგდებას ცდილობენ. თავისი უსამართლო კრიტიკის მხარდაჭერისათვის ისინი ცრუ მასალებსა და დეზინფორმაციას იყენებენ. დელეგატებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ეკუმენიკურ მოძრაობებში მართლმადიდებელთა მონაწილეობა მუდამ მართლმადიდებლურ გადმოცემას, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა სინოდების და სრულიად მართლმადიდებლური შეხვედრების გადაწყვეტილებებს ეყრდნობა... მონაწილეებს ერთსულოვნად ესმით ქრისტიანთშორის საქმიანობაში მონაწილეობის აუცილებლობა. ჩვენ არ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ მისიაზე, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვაკისრა: არამართლმადიდებელ სამყაროსთან ჭეშმარიტების მოწმობის მისია.... ჩვენ არ უნდა გავწყვიტოთ სხვა კონფესიების ქრისტიანებთან კავშირი, როდესაც ისინი ჩვენთან თანამშრომლობისათვის არიან მზად... ეკუმენიკურ მოძრაობაში მართლმადიდებელთა მონაწილეობის მრავალი წლის მანძილზე არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის არც ერთ (ოფიციალურ) წარმომადგენელს არ უარუყვია მართლმადიდებლობა. პირიქით, ეს წარმომადგენლები ყოველთვის იყვნენ თავიანთი საეკლესიო ხელმძღვანელობის ერთგულნი და მორჩილნი, კანონიკურ წესებთან, მსოფლიო კრებებისა და წმინდა მამათა სწავლების და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა გადმოცემის შესაბამისად მოქმედებდნენ“. ეკლესიისათვის საფრთხეს ისინიც წარმოადგენენ, რომლებიც ქრისტიანთა შორის კონტაქტებში მონაწილეობენ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით საეკლესიო ხელისუფლების კურთხევის გარეშე და ისინი, ვინც საცდურს ავრცელებს მართლმადიდებელ გარემოში არამართლმადიდებლობასთან დაუშვებელ საკრალურ კავშირში შესვლით.

დასკვნა

გასული ათასწლეული ტრაგიკული განხეთქილების, შუღლისა და გათიშულობის ნიშნითაა დაღდასმული. XX საუკუნეში დაყოფილმა ქრისტიანებმა ქრისტეს ეკლესიასთან ერთობის მოპოვების მისწრაფება გამოავლინეს. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მზადყოფნა გამოხატა არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან ჭეშმარიტებისა და სიყვარულის დიალოგი ეწარმოებინა, დიალოგი, რომელიც ქრისტეს მოწოდებითა და ქრისტიანთა ერთობის საღვთოს მცნებითაა შთაგონებული. დღესაც, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, განკაცებიდან მესამე ათასწლეულის მიჯნაზე, მართლმადიდებელი ეკლესია სიყვარულით მოუწოდებს მათ, ვისთვისაც იესო ქრისტეს კურთხეული სახელი ცისქვეშეთში ყველა სხვა სახელზე მაღლა დგას (საქმე, 4, 12), ეკლესიაში ნეტარი ერთობისაკენ: „ჩვენი ბაგენი თქვენთვის მეტყველებენ... და თქვენთვისვე გვაქვს გახსნილი გული“ (2 კორ., 6.11).

 

 

სტატია მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამით" (PITA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის, საქართველოს გაეროს ასოციაციის ან TDI-ის შეხედულებებს.