ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

განცხადება უცხოელების ვაქცინაციასა და ინდოელ სტუდენტებზე დაწესებულ შეზღუდვაზე

ჯანდაცვის მინისტრის N01-285/ო ბრძანებით, 22 ივლისიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოში მყოფ უცხოელებს, ისარგებლონ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით და ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. თუმცა, ბრძანება ითვალისწინებს კონკრეტულ პირობებს და ის ვრცელდება მხოლოდ უცხოელ ბენეფიციართა გარკვეულ ჯგუფზე.

რეგულაციის მიხედვით, ვაქცინაციას ვერ შეძლებენ უსაბუთოდ მყოფი უცხოელები. მიგრანტების ეს კატეგორია განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნება. საკუთარი სამართლებრივი სტატუსის გამო, მათ ისეც შეზღუდული აქვთ არაერთ სერვისზე წვდომა. გლობალური პანდემიის პირობებში კი მათი სოციალური, ეკონომიკური და ჯანრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტი რისკის წინაშე დადგა. ვაქციანაციაზე წვდომის შეზღუდვა, საფრთხეს უქმნის როგორც უსაბუთო მიგრანტების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ისე შეიცავს ვირუსის გავრცელების რისკს. 

მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციით, ვერც ის უცხოელი პირები შეძლებენ ვაქცინაციას, რომლებიც საქართველოში კანონიერად იმყოფებიან, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში, საქართველოში კანონიერად ყოფნის უზრუნველყოფის მიზნით, მოუხდათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა და კვლავ შემოსვლა. მაგალითად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებთანაც საქართველოს დაწესებული აქვს უვიზო მიმოსვლა და რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ. არაგონივრულია ამ პირების საქართველოში დროებით შემოსულ ტურისტებთან გათანაბრება, რადგან ისინი ხანგრძლივი პერიოდია იმყოფებიან საქართველოში და საზღვრის კვეთა ობიექტური გარემოებების გამო - ქვეყანაში კანონიერად ყოფნის გახანგრძლივების მიზნით მოუხდათ. 

ამასთან ერთად, კვლავ უცვლელი რჩება იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ამოქმედებული შეზღუდვა ინდოელი სტუდენტების მიმართ, რომელიც საქართველოში შემოსვლას შესაძლებელს ხდის მხოლოდ ჩარტერული რეისით. მეორეს მხრივ კი ჩარტერული რეისები არ ან შეზღუდული რაოდენობით ორგანიზდება და სტუდენტები ვერ ახერხებენ სასწავლებლად საქართველოში დაბრუნებას. 

 

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პანდემიის საკითხებზე შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს: 

1. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში მცხოვრებ უსაბუთო მიგრანტებს. გამოინახოს ვაქცინაციის იმგვარი ფორმა, რომელიც მიუხედავად საქართველოში ყოფნის სამართლებრივი სტატუსისა, დაუბრკოლებლად მისცემს მათ ვაქცინაციის შესაძლებლობას;

2. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოში კანონიერად მყოფ იმ უცხოელებს, რომლებმაც უახლოეს წარსულში ობიექტური მიზეზებით გადაკვეთეს სახელმწიფო საზღვარი;

3. მოიხსნას ინდოელი სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული პირობა და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვილს საშუალება. 

 

აგვ/2103