ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

მიტროპოლიტ ანტონის ანტისახელმწიფოებრივი პოზიციის შესახებ

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა 24 მაისის ქადაგებაში მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია “ეკლესიაზე ორკესტრირებულ შეტევაში” დაადანაშაულა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დასავლეთთან ინტეგრაციის ჭრილში განიხილა და საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა. 

“ესენი, ვინც ეკლესიას უტევს, არიან ვინც სულდგმულობს ევროპული დაფინანსებით. ახლა მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. კომუნისტური რეჟიმიდან გამოსულებს და აღფრთოვანებულებს, ჩვენ, შემდეგ უკვე ალერსით გაბრუებულს და საკენკით მიტყუებულს, ევროპა ხომ არ დაგვხვდა? თვალი ხომ არ გავახილოთ? თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულვებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდზე დავსვამ ამ საკითხს, ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა” - განცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა. 

კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჩვენი ურყევი ნებაა დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა, რომელშიც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სახელმწიფოს ქვეყნის უზენაესი კანონის დონეზე აქვს დეკლარირებული საქართველოს კურსი - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია. 

გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის ამბიონიდან გაკეთებული ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს, რამდენადაც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ კურსს და საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას. გარდა ამისა, ამ ტიპის პოზიციონირება შეიძლება წაკითხული იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობა. 

მოვუწოდებთ მიტროპოლიტ ანტონ ბულუხიას, თავის შეიკავოს ამ ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან და პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების ნებასა და კონსტიტუციას.




 

მაისი/2025