ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გმობს 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირების თანამონაწილეობით რელიგიური შუღლის გაღვივებისა და ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტს.

სადღესასწაულო შეკრებისას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ისრაელის ელჩი და რაბინი მეირ კოზლოვსკი ესწრებოდნენ, ორმა მოქალაქემ ჩამოხია პლაკატები წარწერით "ებრაული თემი გისურვებთ მხიარულ ხანუქას" და დამონტაჟებული ტრიბუნა დააზიანა.

გარდა ამისა, მედიით გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ლიდერი, დეკანოზი დავით ისაკაძე შეურაცხყოფს ებრაელ ხალხს, იუდაურ რელიგიასა და აცხადებს, რომ ხანუქას აღნიშვნა მათთვის, როგორც ქართველი მართლმადიდებლებისთვის, მიუღებელია.

იმავე საღამოს, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებისა და მრევლის ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა ისრაელის საელჩოსთანაც. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მედიასთან საუბარში აღნიშნა: "ვერასოდეს მივიღებთ იმას, რომ ჩვენს ქუჩებში ასევე ღიად იქადაგებოდეს ჩვენი ღმერთის შეურაცხყოფა.“

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ასევე უკიდურესად შეშფოთებულია საკითხისადმი საპატრიარქოს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით, რომლის წარმომადგენელმა მართლმადიდებელი მღვდლების ანტისემიტური მოწოდებები არ დაგმო და კომენტარისგან თავი შეიკავა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში წლებია, რაც იუდოფიბია მეთოდურად ვრცელდება და ამ მხირვ განსაკუთრებით გამოირჩევა საეკლესიო პრესა, თუმცა, ხანუქას დღესასწაულზე მომხდარი ფაქტი საეკლესიო ანტისემიტიზმის პირველი ღია გამოვლინებაა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი მღვდლების მხრიდან იუდაური რელიგიისა და ებრაელი ერისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს;

გარდა იმისა, რომ ანტისემიტიზმის გამოვლენა ბზარს აჩენს ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობაში, ეს შესაძლოა, ასევე უარყოფითად აისახოს  საქართველოსა და ისრაელის მეგობრულ ურთიერთობაზეც, ზოგადად, შებღალოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იერსახე.

ყოველივე ამასთან ერთად, TDI მიესალმება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, თბილისის ცენტრალურ მოედანზე ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციისთვის საფუძვლის დადებას, ასევე სამართალდამცველების მიერ ანტისემიტიზმის გამოვლინების გამო ორი კანონდამრღვევის დაკავებასა და მათ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას.

დეკ/1305