ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
დეკ/1403

რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტებზე არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები პარლამენტისგან რეაგირებას მოითხოვენ

2 დეკემბერს, არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს ბოლო ხანებში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობისა და ძალადობისფაქტების შესწავლისმოთხოვნით პეტიციით მიმართა. ხელმომწერი ორგანიზაციები მოითხოვენ მთავრობის პოლიტიკაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას და საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე (მათ შორის, ქობულეთის, მოხეს, თერჯოლის შემთხვევებზე) დროულ რეაგირებასა და რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ სამართალდარღვევებზე მთავრობის არაეფექტური პოლიტიკის გადასინჯვას სთხოვენ.

როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს ბოლო პერიოდში რელიგიური ექსტრემიზმის განსაკუთრებით მზარდ გამოვლინებებს და არ უზრუნველყოფს კერძო პირებისგან მომდინარე ძალადობის პრევენციასა და ეფექტურ გამოძიებას.ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა დისკრიმინაციულია, რადგან ის, როგორც წესი, თავს იკავებს სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც რელიგიურ ძალადობას ან დევნას ახორციელებენ ადამიანები, რომლებიც თავს მართლმადიდებლურ მრევლს მიაკუთვნებენ. ამავდროულად, ხელისუფლების მეთოდები რეპრესიულია რელიგიური უმცირესობების მიმართ, რასაც სოფელ ჭელასა და სოფელ მოხეში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციები ადასტურებს. პეტიციაში ასევე მითითებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუსლიმი თემის წევრების უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების პროცესში, უხეშად ირღვევა გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, რადგან აღნიშნული საქმეების გამოძიებას აწარმოებს თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო, და არა პროკურატურა.

ხელმომწერი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკას აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ სააგენტოს მონაწილეობას მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტაში ხელშესახები შედეგები არ მოჰყოლია.

ორგანიზაციებიპარლამენტს, რეგლამენტით დადგენილი წესით, პეტიციის საჯარო და წარმომადგენლობით განხილვასა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, შესაბამისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლების საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას სთხოვენ.


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

მედიის განვითარების ფონდი(MDF);

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაცია (GYLA);

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია;

სახარების რწმენის ეკლესია;

ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;

იეზიდთა სასულიერო საბჭო;

კათოლიკე ეკლესია;

ქართველ მუსლიმთა კავშირი;

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია;

სამცხე-ჯავახეთის მუფტი;

ქართლის რეგიონის მუფტი;

ხულოს მუფტი;

სომხეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია.