ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1515

აშშ-ის ანგარიშში მსოფლიო რელიგიის თავისუფლების შესახებ საქართველოც მოხვდა

ტელეკომპანია რუსთავი 2,

კურიერი

http://rustavi2.com/ka/news/28980

ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში, ტრადიციულად, სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინა. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ტერორისტული ჯგუფები რელიგიის თავისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში ვითარება გაუარესებულია.

“ამ ანგარიშის მიზანია რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობაზე ხაზგასმა არა საყვედურით, არამედ მხარდაჭერით და დარწმუნებით. ჩვენი ძირითადი მიზანია დავეხმაროთ მთავრობებს ყველგან, გააცნობიერონ, რომ მათი საზოაგდოებისთვის უკეთესია რელიგიური თავისუფლება, ვიდრე მისი არქონა. მსოფლიომ ძალიან მძიმე გამოცდილებით ისწავლა, რომ რელიგიური პლურალიზმი უფრო მეტად ახალისებს და ყველას აძლევს კონტრიბუციის საშუალებას, მაშინ როდესაც რელიგიური დისკრიმინაცია წარმოადგენს კონფლიქტის წყაროს და ყველას საფრთხეს უქმნის“, - განაცხადა ჯონ კერიმ.

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 2014 წლის ინფორმაციას მოიცავს, საქართველოსთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას და მიჯნავს სახელმწიფოს ეკლესიისგან, თუმცა კანონები და ზოგადად პოლიტიკა უპირატესობას მართლმადიდებლურ ეკლესიას ანიჭებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მონაცემებით მართლმადიდებლური ეკლესიის სამღვდელოებას წვლილი შეაქვს რელიგიური უმცირესობების მიმართ მტრულ საზოგადოებრივ დამოკიდებულებაში. 2014 წლის ანგარიშში ქობულეთში, მედრესის კარზე ღორის თავის მიჭედებაც მოხვდა.

„შეერთებული შტატების ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ხელს უწყობდნენ დიალოგს მთავრობასა და რელიგიურ ჯგუფებს შორის, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი ტოლერანტობისთვის და მოგზაურობდნენ ქვეყნის მასშტაბით რელიგიურ უმცირესობებთან შესახვედრად. საელჩოს წარმომადგენლები მჭიროდ თანამშრომლობდნენ რელიგიურ ჯგუფებთან და მთავრობის ოფიციალურ პირებთან იმ არაერთ საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური თავისუფლების შევიწროვებასთან. მათ შორის საქმეზე, რომელიც ქობულეთში ღორის თავის რელიგიური სკოლის კარებზე მიჭედებას უკავშირდება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ იყო უკმაყოფილება მთავრობის არასათანადო მცდელობაზე, გამიჯნულიყო სახელმწიფო და რელიგია საზოგადოებრივ სკოლებში. ასევე ანგარიშში საუბარია სოფელ მოხეში მუსლიმთა უფლებების დარღვევებზეც და იეჰოვას მოწმეების საქმეებზეც:

„სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის მოხსენებით იეჰოვას მოწმეებმა მოამზადეს 65 საჩივარი მთავრობის და საზოგადოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის, მათ შორის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. რელიგიური მსახურებისთვის ხელის შეშლის, მშნებელობის უფლების მოპოვებისთვის შექმნილი სიძნელეების და ქონების დაზიანების და ვანდალიზმის შესახებ. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობით, 2014 წლის პირველ 5 თვეში დანაშაულთა რაოდენობა თითქმის უტოლდება 2013 წლის მონაცემებს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მართლმადიდებლური ეკლესიის ბიუჯეტის შესახებაც არის საუბარი და ნათქვამია, რომ ეკლესიამ 25 მილიონი ლარი მიიღო. ასევე აღნიშნულია, რომ რეგისტრაციის თვალსაზრისით რელიგიურ ჯგუფებს წინააღმდეგობა არ ჰქონიათ და გასულ წელს რეგისტრაცია ყველა იმ ჯგუფმა გაიარა, რომელმაც მთავრობას მიმართა. 

ავტორი: დავით ნიკურაძე