ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1515

"ნეტგაზეთი" თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და TDI-ს საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ

ნეტგაზეთი,

ავტორი:მიშა მეფარიშვილი

 

8 რელიგიურმა ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებიც მათი შეფასებით, საგადასახადო სფეროში უთანასწორო და დისკრიმინაციულ გარემოს ქმნიან.

სარჩელით მოთხოვნილია იმ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი და საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი რიგი გადასახადებისაგან ათავისუფლებს, ხოლო სხვა რელიგიურ გაერთიანებებს მსგავსი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ.

გამონაკლისი, 8 რელიგიური გაერთიანების მოსაზრებით, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპთან.

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური უმცირესობები მრავალი წელია ითხოვენ ზემოხსენებული დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრას და თანასწორ საგადასახადო რეჟიმში მოქცევას, რაც ასევე სისტემატურად აისახება საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში, პრობლემა დღემდე გადაუჭრელია, - აცხადებენ რელიგიური გაერთიანებები.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებსაც მისცემს შესაძლებლობას არადისკრიმინაციულად ისარგებლონ იმ საგადასახადო შეღავათებით, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რაც ხელს შეუწყობს ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის თანასწორობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებას.

საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმიდა სამების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია.

მოსარჩელეთა ინტერესებს საკონსტიტუციო  სასამართლოში  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენენ.