ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/1609

TDI რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან შეხვედრის შესახებ

5 თებერვალს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლები რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

TDI-ის დირექტორმა, ეკა ჭითანავამ სააგენტოს გააცნო ორგანიზაციის ხედვა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და სააგენტოს როლის შესახებ. კერძოდ, TDI მიიჩნევს, რომ საქართველოში ექსკლუზიურად რელიგიის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურა და მთავრობის დონეზე, რელიგიური გაერთიანებების მართვის ცენტრალიზებული სისტემა არ უნდა არსებობდეს. რელიგიის სფეროში სააგენტოს მსგავსი სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირება, ძირითადად,  პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი და ისინი რელიგიური გაერთიანებების კონტროლის მექანიზმად გამოიყენება.

TDI-ის აზრით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პოლიტიკა და საქმიანობაც მიზნად ისახავს არა რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ მათ გაკონტროლებას, რაც რელიგიურ ჯგუფებზე პოლიტიკური ზეწოლის რისკებს ზრდის.

შეხვედრაზე TDI-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს 2015 წლის განმავლობაში სააგენტოს მუშაობის პრობლემურ ასპექტებზე:

TDI-ის აზრით, სააგენტოს მანდატი და უფლებამოსილების ფარგლები არ არის გამჭვირვალე; არ არის განსაზღვრული მისი რეკომენდაციების სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით, როდესაც რეკომენდაციების ადრესატი თვითმმართველობის ორგანოებია. გაურკვეველია, რამდენად შემბოჭავი და სავალდებულოა სააგენტოს მითითებები და რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საკულტო ნაგებობებზე ან რელიგიური დანიშნულებით გამოყენებულ საცხოვრებელ სახლებზე მშენებლობის ნებართვის გაცემისას.  მაგალითად, რუსთავში კათოლიკე ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით, სააგენტომ დადებითი რეკომენდაცია გასცა, (მიუხედავად ამისა, რუსთავის მუნიციპალიტეტს ნებართვა მშენებლობაზე არ გაუცია და კათოლიკებმა საბოლოოდ, სასამართლოს მიმართეს), ხოლო თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებისთვის შექმნილი დაბრკოლებისას, პასიური დამკვირვებლისა და მედიატორის როლით შემოიფარგლა. იეჰოვას მოწმეების სარჩელთან დაკავშირებით, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტმა დაარღვია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადები, რადგან რეკომენდაციას სააგენტოსგან ელოდებოდნენ.

ნიშანდობლივია, რომ სააგენტო რელიგიურ გაერთიანებებთან ან შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებს ძირითადად სამართლებრივი გზის ავლით, არაფორმალურ ფორმატში წარმართავს. როგორც ირკვევა, საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის, სადავო ნაგებობის კუთვნილების დადგენის, ქონების რესტიტუციის თუ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას, სააგენტოსთვის პრიორიტეტულია, არა რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ „მშვიდობიანი თანაცხოვრების“ არგუმენტი.