ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/1604

TDI-მ უცხოელ სტუდენტებს რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევის შესახებ პროექტი გააცნო

4 მარტს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI)  საქართველოში მცხოვრებ უცხოელ სტუდენტებსა და მიგრანტებს გააცნო ახალი პროექტი, საქართველოში რელიგიურიეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა

შეხვედრას ესწრებოდნენ  წარმომადგენლები აფრიკის ქვეყნებიდან, ინდოეთსა და შრი-ლანკიდან. მათ ისაუბრეს საქართველოში რასობრივი დისკრიმინაციის გამოვლინებებსა და სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობაში, და ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნებათ. დისკუსიისას გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც TDI სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს სამართლებრივ დახმარებას შესთავაზებს.  

TDI აღნიშნულ 14-თვიან პროექტს 2016 წლის იანვრიდან ახორციელებს და იგი მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებით, უფასო იურიდიული დახმარების/სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფას ყველა ტიპის - ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეზე.

პროექტის მიზანია, ასევე, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

უმცირესობათა წარმომადგენლებს დახმარებას უწევენ იურისტები თბილისსა და აჭარის რეგიონში. 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ. 

პროექტში TDI-ის პარტნიორები არიან: "ქართველ მუსლიმთა კავშირი", ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული ჰუმანიტარული ასოციაცია  ”ბეთელი”  და ორგანიზაცია "რელიგიები მშვიდობისთვის."