ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
სექ/1604

NewPress: ინტერვიუ თეოლოგ ბექა მინდიაშვილთან

ბექა მინდიაშვილი: საპატრიარქო ღმერთისა და ადამიანის შესახებ ტყუილების გავრცელების მთავარი წყაროა

 

საქართველოში, დე ფაქტოთეოკრატიისხანაში, რამდენად იქადაგება მართლმადიდებელი ეკლესიის ამბიონებიდან ქრისტიანობა?

ის, რაც დღეს საქართველოში საეკლესიო ამბიონებიდან მართლმადიდბელ სარწმუნოებად საღდება არის ე.წ. პოლიტიკური მართლმადიდებლობა, რომლის არქეტიპი რუსეთში, მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა, როგორც იმპერიის მოდერნიზაციაზე რეაქცია, დახუნძლული ანტიდასვალური იდეოლოგიური კლიშეებით, დაწყებული, ვთქვათ, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი აგრესიული დამოკიდებულებით, შეუწყნარებლობისა და ათასგვარი კონსპირაციული პარანოიის კულტივაციით, დამთავრებული აზროვნების, შემოქმედების, ქცევის, ჩაცმის, გადაადგილების, სქესობრივი ცხოვრების ტოტალური რეგლამენტაციისკენ სრულიად პერვერსიული სწრაფვით. ამას, რა თქმა უნდა, საერთო არაფერი აქვს მართლმადიდებლურ რწმენასთან, იმ ქრისტიანობასთან, რომელსაც მაცხოვარმა დაუდო სათავე, რომლის აღმსარებელნი იყვენენ გრიგილ ღვთისმეტყველი ან ათონელი მამები. ეს არ არის მართლმადიდებლობა, არამედ ეს არის თავისებური იდეოლოგოირი კონსტრუქცია, ტროას ცხენი, სატყუარა, რომლითაც რუსეთს საქართველოზე გაბატონობის სანქცირება სურს.

დაუკვირდით, რა არის საპატრიარქოს მთავარი საზრუნავი: აშშ-ს, ევროპის, ზოგადად, ყოველივე დასავლურის გარყვნილ, ანტიქრისტიანულ, ჩვენი იდენტობისთვის მტრულ  მოვლენებად წარმოჩენა. სწორედ ამ კონტექსტში ხორციელდება უკლებლივ ყველა იდეოლოგიური პროექტი ეკლესიაში - ID ბარათებისადმი ცრურწმენების გავრცელებისა და 17 მაისის ძალადობით დაწყებული, რუსეთის, პუტინის, სტალინის, ნიკოლოზ მეორეს ქება-დიდებით, რუსი წმინდანების კულტით დამთავრებული. ამ მხრივ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იქცევს ყურადღებას: ქართული ნაციონალიზმი თავისი განვითარების თუ განუვითარებლობის ნებისმიერ სტადიაზე ანტირუსული და დასავლეთზე ორიენტირებული იყო, ხოლო პოლიტიკურმა მართლმადიდებლობამ, წლების განმავლობაში, შეძლო შეექმნა ნაციონალიზმის ისეთი ორეული, ისეთი კალკი, რომელიც ანტიდასავლური და პრორუსულია, რომლის მახეში გაბმული ქართველი გულს რუსეთისადმი სასოებითა და დასავლეთის გინებით იოხებს - აი, ეს არის დღეს საპატრიარქოს მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, მისი ჭირნახული.

ამ იდეოლოგიურ სიმსივნეს თუ უშუალოდ  რელიგიურ პრიზმაში დავაკვირდებით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უბრალოდ ქრისტეს მტრობა, ბოროტების ყველაზე უფრო დახვეწილი და მზაკვრული გამოვლინება. საეკლესიო მამები ერთხმად  აცხადებენ, რომ ანტიქრისტე გარეგნულად ქრისტეს მიემსგავსება, ოღონდ შინაარსით მასთან რადიკალურად იქნება დაპირისპირებული. იგი შეიარაღდება ქრისტეს ყველა ფორმალური ატრიბუტით, მის გულისგულში კი მორალური და იდეოლოგიური ურჩხული, განდგომილების მხეცი დაიბუდებს. ამიტომ მორწმუნეეები იოლად მოტყუვდებიან  და ქრისტეს ნაცვლად მას დაუკავშირებენ ხსნის იმედს. დღეს ქართული მართლმადიდებლობა ამგვარი აპოსტასიის მდგომარეობაში იმყოფება. ქრისტე აქ ანტიქრისტედ არის გამოცხადებული, ხოლო ანტიქრისტე მაცხოვარი გონიათ, რადგან ამ, ჩვენივე წარმოსახვით შექმნილი ფსევდომართლმადიდბელობის კერპშიც ღთისა და მოყვასის სიყვარულის იმპერატივისგან, ერთი სიტყვით, ქრისტიანობისგან განდგომის მხეცია  ჩამალული.  წლებია უკვე, რაც ჩვენი, ვითომ სარწმუნეობის დამცველები ჩაგვაგონებენ, რომ ქართველი ერი ზეციურ ივერიაში შეყავთ, რომ ქვეყანა მათი მოღვაწეობის შედეგად გაბრწყინდება, სინამდვილეში კი სწორედ ეს ცრუმწყემსები მტრობენ როგორც წმინდა ეკლესიას, ასევე ერს;  ღვთის ნაცვლად ეშმაკის წინაშე ახრევინებენ ქედს და უფსკრულისკენ მიაქანებენ მათი ქადაგებებითა და სამოძღვრო მზუნველობით მოტყუებულ, გაბოროტებულ, გაუბედურებულ სულებს. გახსოვთ ალბათ, „მონანიებაში“ აბელ არავიძის აღსარების სცენა ეშმაკთან, რომელიც ამ საცოდავს თავიდან ღმერთი გონია; ეშმაკთან, რომელიც მადიანად შეექცევა თევზს - ქრისტეს სიმბოლოს. აი, დაახლოებით ასეთი რამ ხდება დღეს ჩვენთანაც - ქრისტეს ხელახალი ჯვარცმა, ღმერთის ღალატი, მისი ერთგულებისა და დაცვის სახელით.

რას ვგულისხმობ ღალატში? პირველ რიგში, ღმრთის ნაცვლად, წუთისოფლის ბატონის თაყვანისცემას, გარიგებას სიცრუის, მიწიერი სიმდიდრისა და ძალაუფლების ბოროტ სულთან. სახარებისეული რწმენით აღჭურვილი ნებისმიერი ქრისტიანისთვის დღესავით ნათელია, რომ საპატრიარქო ღმერთის, ადამიანისა და სამყაროს შესახებ ტყუილების, მითების, ილუზიების, სტერეოტიპების გავრცელების მთავარი წყაროა - საკმარიასია, ვნახოთ, რა გამართულად და მომგებიანად მუშაობს ცრუსასწაულების ინდუსტრია, ფანტაზიის რა მწვერვალებს ლაშქრავს ქართული აპოკალიპტური წარმოდგენები და რა კოსმიურ მასშტაბებს აღწევს სინოდის დადგენილებით ჯოჯოხეთში გაგზავნილი სულების რაოდენობა, რომ ამაში იოალად დავრწმუნდებით. მეორე მხრივ, შევხედოთ მოოქროვილ გუმბათებსა და შესამოსლებს, საპატრიარქოს ფუფუნებას, ეპოსკოპოესების რეზიდენციებს, სამღვდელოების უმრავლესობის ცხოვრების წესს, რომ ცხადი შეიქნება - წმინდა იერარქიის ერთ-ერთი თვალსაჩინო მანკიერება ანგარება, სიხარბე და ვერცხლისმოყვარებაა.

სინამდვილეში, როგორც წმიდა მაქსიმე ბერძენი გვაფრთხილებს, უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად გვერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაგიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსუნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას. აღარაფერს ვამბობ ლიმუზინების წმინდა კოლექციის, პარიზული საეკლესიო არდადეგებისა და ანტიკვრიატით გამშვნიერებული სრა-სასახლეების ეფექტზე მარადისობის პერსპექტივაში. ეს ყველაფერი კი თავს იყრის იმ ზეკონსტიტუციურ ძალაუფლებაში, რომელიც საპატრიარქოს ჩვენმა სასიქადულო საერო მთავრობებმა მრავალჯერადი გარიგებისა და მეორე მხრივ, საპატრიარქოს მხრიდან მათი მრავაჯერადი გადაგდების შედეგად უბოძეს, რადგან უბედურება ისაა, რომ ერთადერთი, ვისაც საპატრიარქო არ ღალატობს, ვისაც ძალაუფლების ჭეშმარიტ წყაროდ და თავის უცვლელ პატრონად აღიარებს კრემლი და მისი „მართლმადიდებელი“ ბინადრებია.

ერთი სიტყვით, ეკლესია, რა თქმა უნდა, არც ლიბერალური უნდა იყოს და არც სოციალისტური, არც დემოკრატიული და არც ავტოკრატიული, არც დასავლეთზე ორიენტირებული, არც რუსეთზე, არც მდიდარი და არც ღატაკი, არც სამშობლოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, არც დამპყრობლისას, არამედ ის ქრისტეს ეკლესიაა და მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ჯვარცმულ  ქრისტეზე ორიენტირებული, მის გავლენაში მოქცეული, მის სამსახურში ჩამდგარი, მხოლოდ და მხოლოდ იესო მაცხოვრის აგენტები უნდა ვიყოთ მართლმადიდებლები წუთისოფელში.

იცნობს თუ არა საქართველოში სასულიერო პირთა უმეტესობა ქრისტიანულ თეოლოგიას?

ეკლესიაში უხეშადაა იგნორირებული ეპისკოპოსად თუ მღვდლად ხელდასხმის კრიტერიუმები, რომლებსაც სჯულის კანონი ითვალისწინებს. მათ დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა. უმთავრესი პირობა, წესიერებასთან ერთად, არის საღვთო წერილის ზედმიწევნით კარგი ცოდნა და სჯულისმეცნიერება. მაგრამ, საკმარისია, ტესტირება ჩატარდეს სასულიერო პირებისა ისეთ საკითხზე როგორცაა,  ვთქვათ,  მარკოზის სახარების შინაარსი ანდა პავლე მოციქულის რომელიმე ეპისტოლეს ცოდნა, რომ 95 პროცენტი გამოცდას ვერ ჩააბარებს. სამაგიეროდ, წარმატებით გვეტყვიან, როდის და როგორ დაიწყება მეორედ მოსვლა, რატომ დასაჯა ღმერთმა იაპონია, გვეტყვიან რატომ სდის მირონი ამა თუ იმ ხატს, როგორ იდგა ქვაზე ათასი დღის განმავლობაში სერაფიმ საროველი და ა.შ.  ეს თეოლოგიური გავერანება იმის შედეგია,  რომ, როგორც წესი, მღვდლებად და ეპისკოპოსებად აკურთხებენ სრულიად უმეცარ და მოუმზადებელ ადამინებს, ხოლო შერჩევისას ცოდნა და პატიოსნება კი არა, პატრიარქის ან ადგილობრივი ეპისკოპოსისადმი ლოიალობა და  მორჩილება ფასდება. ამავდროულად, წლებია, წარმოუდგენლად დაბალი საგანმანათლებლო დონეა სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, რომელიც მიუხედავად ეკლესიის 25 მილიონიანი დაფინანსებისა, იმასაც კი ვერ უზრუნველყოფს, რომ ბიბლიოთეკა შეავსოს როგორც კლასაკიური, ასევე თანამდეროვე საღვთისმეტყველო ხარისხიანი ლიტერატურით.

ნებისმიერი რელიგიური გამოცდილება, არსებითად, საღვთისმეტყველო გამოცდილებაა, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის თეოლოგია  სხვას არაფერს ნიშნავს, გარდა ღმერთთან ურთიერთობის გამოცდალების გაზიარებისა. შესაძლოა, ადამიანი უსწავლელი იყოს, წერა-კითხვა არ იცოდეს, მაგრამ ჰქონდეს ღრმა, მისტიკური ჭვრეტის ნიჭი.  ჩვენი ტრაგედია არამარტო ისაა, რომ თეოლოგიას არ იცნობენ სასულიერო პირები, არამედ კიდევ უფრო მეტად ის, რომ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება, როგორც მეჩვენება, უბრალოდ არ არსებობს, ანუ სამღდელოება და მის მიერ მართული მრევლი ღმერთთან  არ ურთიერთობს. ამგვარი რამ, ამგვარი მოვლენა აღწერილია სახარებაში, სადაც ნაზარეთში, სინაგოგაში შეკრებილი მორწმუნე საზოგადოება, რომელიც მარხულობს, ლოცულობს, კითხულობს წმინდა წიგნებს, იცავს რჯულის წესებს, სინამდვილეში უკიდურესად ურწმუნო აღმოჩნდება, რადგან ვერ იცნობს მათთან მისულ მესიას, მათ შორის განკაცებულ ღმერთს, გააძევებს მას ტაძრიდან და მოსაკლავად დაედევნება.

იმათ შესახებ ვისთანაც საპატრიარქოს წარმომადგენელები ურთიერთობენ, ყველაზე მეტს საუბრობენ კიდევაც: ეშმაკი, ანტიქრისტე, პუტინი, სტალინი, ივანიშვილი, საკაშვილი... უცნაური არ არის, რომ  სატანაზე და მის ხრიკებზე სასულიერო პირები  გაცილებით მეტს  ქადაგებენ, ვიდრე იესო ქრისტეზე? მრევლმა შესანიშნავად იცის, რას ნიშნავს აიდი ბარათი, ციფრი 666, რა ფარული და მუხთალი აზრი დევს ევროკავშირში, ნატოში, გაეროში, ვინ არიან მასონები და როგორ მართავენ ისინი მსოფლიოს, იცის, მაგალითად, რომ პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ თუ არ გადაისახავს ან სახლს და მანქანას არ აკურთხებს, ეშკამები შეუფრინდებიან და მოშხამავენ; მიცვალებულს ძვირადღირებულ წირვას თუ არ დაუყენებს, ისე მის სულს ღმერთი ჯეროვნად არ მიხედავს, იცის, რომ ტიტანიკიც ღმერთმა ჩაძირა და ტერიტორიებიც ღმერთმა წაგვართვა, მაგრამ,  როგორ უნდა იცხოვრო ცხრა ნეტარების მიხედვით, ამის შესახებ ჩვენმა ეკლესიამ არაფერი იცის.

რაკი თეოლოგიურ ცოდნას ეხება შეკითხვა, აქვე ერთ მცდარ წარმოდგენაზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა, რაც ეკლესიის ძალაუფლების სრულიად დამახინჯებულ აღქმას უდევს საფუძვლად. მიიჩნევა, რომ ეკლესია, პატრიარქი, მღდელი ჭეშმარიტების დამდგენი ინსტანციებია, რომ ისინი პასუხობენ ყველა კითხვას იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა, რა არის ცუდი და რა - კარგი. მაგრამ, სინამდვილეში, მართლმადიდებლური თეოლოგიური ტრადიციის თანახმად, ეკელესია უფრო იმას გვეუბნება, რა არ არის ჭეშმარიტება და ღიად ტოვებს ყველა კითხვას ღმერთის რაობის  შესახებ. ეკლესია გვეუბნება, რომ პასუხი სწორედ ის არის, რომ პასუხი არ არსებობს. მაგალითად, სამების დოგმატი, ის რომ ღმერთი ერთია და ამავდროულად, სამპიროვანი, არის ყოველგვარი ადამიანური ლოგიკისა და რაციონალური განსჯის მიღმა ღიად დატოვებული კითხვა, რასაც თითოელმა მორწმუნემ თავად უნდა გასცეს ეგზისტენციური, ცხოვრებისეული პასუხი. ამით მართლმადიდებელ ეკლესიას იმის თქმა სურს, რომ არსებობს იმდენი პასუხი, რამდენი ადამიანიც შევა  ღმერთთან ურთიერთობის ველში და ეს  არის პიროვნული, გამოუხატავი, საიდუმლო, ინტიმური შეხვედრა. ეკლესიის უმთავრესი თეოლოგიური მისია სწორედ ამ ველის არსებობაზე მუდმივი მითითება უნდა იყოს და არა იმის გარჩევა, ვინ ცხონდება და ვინ წარწყმდება. მოძღვრება გონით შეუმეცნებელი, გამოუთქმელი, უცნაური ღმერთისა და ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ვერანარი რაციო ვერ მოიხელთებს, ვერ განსაზღვრავს, არის კიდევაც მთელი მართლმადიდებლური თეოლოგიის  ანი და ჰოე.  ამიტომაა განსაკუთრებით მწარე და უნუგეშო იმის ყურება, ჭეშმარიტების თავში ჩასარტყმელად და აზრზე მოსაყვანად როგორ დასდევენ  გზასაცდენილ „ერეტიკოსებს“ „სექტანტებს“, „ურჯულოებს“, „ლიბერასტებს“ თუ ნებისმიერს, ვინც მათ უბრალოდ არ ეთანხმება, მართლმადიდებლობის დამცველი დედისმაგინებლები.

სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება სერიოზულ შინაგან, ფსიქიკურ პრობლემებზე მეტყველებს, რაც ყველაზე მძაფრად მაინც  სამღვდელოების სქესობრივი ცხოვრებისადმი ჰიპერემოციურ და ჰიპერკრიტიკულ დამოკიდებულებაში ვლინდება. კლერიკალთა მიერ მოდელირებულ აპოკალიპტურ რეალობაში ერთ-ერთი მთავარი საფრთხობელა სექსი და მასთან დაკავშირებული ყველა თემაა. ამიტომ იქცა თანამედროვე ქართველი მართლმადიდებლის ერთ-ერთ უმთავრეს საქმედ, მაგალითად, ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა, რომელსაც, თურმე, დასავლური სულიერი ოკუპაცია გვართმევს. თეოლოგიას კი არა, ამ ტიპის სურეალისტურ განაზრებებს  ეძღვნება ქადაგებების უმრავლესობა დაწყებული იმით, რა სიგრძის კაბა უნდა ეცვას ქალს ან აქვს თუ არა მამაკაცს შორტის ჩაცმის უფლება და დამთავრებული, მაგალითად, ცოლ-ქმრის სქესობრივ ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფით. პრობლემა ისაა, რომ ცოდვაზე წარმოდგენა უმთავრესად სექსუალური ტიპის ცოდვებამდეა დაყვანილი, მაშინ, როდესაც ასეთი დამოკიდებულება  არ არის დამახასიათებელი საღვთო წერილისა და პატრისტიკული გამოცდილებისთვის. საეკლესიო მამების მიერ ძველი აღთქმის მწვერვალად წოდებული „ქებათა ქება“ რომ შევისწავლოთ ან გავეცნოთ მაცხოვრის დიალოგს სამარიტელ ქალთან, ან ამოვიკითხოთ შესაბამისი ეპიზოდები პატერიკებიდან, სადაც, სიტყვაზე, სიძვა და მრუშობა, ცოდვის გააზრების შემთხვევაში, უფრო მძიმე ცოდვებისგან გათავისუფლებისა და თავმდაბლობის წინაპირობადაა ხოლმე წარმოდგენილი, რომ დავრწმუნდებით დღევანდელი მიდგომის არანორმალურობაში. ამ არაჯანსაღ ემოციურ მდგომარეობას საეკლესიო ენა ცოდვილი სურვილებით განხურვებას უწოდებს. შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენი სამღვდელობის წარმოადგენლები ამ კუთხით ზომაზე მეტადა არიან განხურვებულნი და ამას, ამ მდგომარეობას სერიოზული მიხედვა, სულიერი და ფსიქოლოგიური მკურნალობა სჭირდება, რადგან იგი მეტისმეტად უმღვრევს მათ ცნობიერებას. ამ პრობლემის გამოძახილია ის სკანდალი, რასაც დღეს მარგვეთის ეპარქიაში აქვს ადგილი და  რაც ბევრგან უბრალოდ დაფარულია. ჩემი აზრით, ეს განხურვება იყო 17 მაისის მძვინვარების ერთერთი ფსიქოლოგიური მიზეზიც. 

საჭიროებს თუ არა ქართული მართლმადიდებელი  ეკლესიის აქტიური მრევლი თავიდან გაქრისტიანებას?

ოცდამეერთე საუკუნეშიც რომ მუშაობდეს ისეთი ინსტიტუტი რელიგიურ ცდომილებებთან დაპირისპირებისა, როგორიც მსოფლიო საეკლესიო კრება იყო, იგი უსათუოდ მწვავედ გააკრიტიკებდა პატრიარქისა და ჩვენი სასულიერო პირების მიერ  გამოგონილ „მართლმადიდებლობას“, როგორც ანტიქრისტიანულსა და ბოროტების სამსახურში ჩამდგარ ცრურწმენათა სისტემას, როგორც კაცთმოძულეობისა და ერესის გამავრცელებელს, უთუოდ მოუწოდებდა  ჩვენს საპატრიარქოს ღრმა სინანულისა და ამ ეშმიკისეული მოძღვრების დაგმობისკენ.

დღეს საქართველოს ეკლესიაში გვხვდება მრავალნარი და სერიოზული გადაცდომა: დოგმატური, მორალური, კანონიკური,  ლიტურგიკული, რომელთა ფონზე განსაკუთრებით პრობლემატური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო აქტიური სამრევლო ცხოვრების ის საყოველთაოდ გავრცელებული ფორმაა, რომელიც ე.წ. მამაოსადმი შეუპასუხებელ, მონურ დამოკიდებულებაზე აგებულ მორჩილებას, მისთვის მთელი ცხვორების, მათ შორის,  აზროვნებისა და ფიქრის უნარის გადაბარებას გულისხმობს.  ამგვარი მორჩილების პრაქტიკა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საეკლესიო ცხოვრება მთლიანად კოლექტივიზმმა მოიცვა. სინამდვილეში, ეკლესია უნდა იყოს ინდივიდების შეხვედრის ადგილი, სადაც ადამიანები გამოავლენენ ღვთის ხატად შექმნილი პიროვნების მაქსიმალურ ნიჭსა და შესაძლებლობას, უყვარდეს სხვა ადამიანი და მთელი სამყარო ქრისტეს მიერ ბოძებულ თავისუფლებასა და მრავალფეროვნებაში. საღმრთო ლიტურგიისას, მანამდე, სანამ მაცხოვრის სისხლისა და ხორცის თანაზიარნი გავხდებით, დიაკვანი წარმოთქვამს: ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. ე.ი. ამ ურთიერთსიყვარულის გარეშე ჩვენ ვერ ვაღიარებთ ღმერთს, ვერ ვაღიარებთ სამებას. ესაა ქრისტიანობა და ამას უნდა ქადაგებდეს ეკლესია, მისი სამღვდელოებაც და მრევლიც. ეს არის ეკლესიის არსი, სხვა ფუნქცია, რელიგიური თვალსაზრისით, მართლმადიდებლობას არც აქვს. ბრმა მორჩილებით შეპყრობილ ბრბოში კი ადამიანი კარგავს საკუთარ თავს, მეობას და რომელიმე „მამაოს“ მანქურთად იქცევა. ასეთი „მრევლი“ სახაფათო ხდება გარესამყაროსთვის, რადგან მას დამოუკიდებლად გადაწყევტილების მიღების უფლება ჩამორთმეული აქვს და უსიტყვოდ ასრულებს მოძღვრის ნებისმიერ ბრძანებას. ამ მანქურთიზაციის თვალსაჩინო ილუსტრაციაა, მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის დამსჯელი ბრიგადა, ადამიანისა და სამყაროსადმი სიძულვილის გამავრცელებელი მანქანა, რომელსაც ეკლესიაში ბევრნი სამრევლო ცხოვრების ეტალონად მიიჩნევენ.

ოცი წელია მართლმადიდებლობის დაცვით ვართ დაკავებულები, მაგრამ რატომ მოხდა ისე, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ თვითონ არ ვიქეცით მართლმადიდებლებად? აი, ეს არის მთავარი შეკითხვა, რასაც ქრისტიანებმა უნდა გავცეთ პასუხი. პირადად ჩემი ახნსა ამ პრობლემისა უკავშირდება იმას, რომ ეკლესია, მისი მიწიერი სტრუქტურები, როგორც აღმოჩნდა, გაცილებით უფრო ღრმად, უფრო მწვავედ ყოფილა საბჭოურობის, კომუნიზმის, ათეიზმის, ტოტალიტარიზმის მეტასტაზებით - ურთიერსიძულვილით, პარანოიდალური უნდობლობით, სადისტურ გამოვლინებებამდე დასული ადამინის სრული გაუფასურებით, მატერიალიზმით, თავისუფლების შიშით,  ბელადის კულტითა და ყოვლისმომცეველი სიზარმაცით მოცული.

პატრიარქის მიერ სტალინის მართლმადიდებელ მორწმუნედ გამოცხადების შედეგად, ვიტყოდი, ამ ტრაგიკული თვითლუსტრაციის შედეგად, რეტროსპექტულად ბევრი რამ კიდევ უფრო ნათელი გახდა. გასაგები გახდა, მაგალითად, ის თუ, რატომ მიილტვის ასე მძაფრად საპატრიარქო სახელმწიფო ძალაუფლებისკენ, რატომ სურს, რაც შეილება მეტი დაფინანსება მოიპოვოს ბიუჯეტიდან, რატომ იქცა საეკლესიო ძალადობა ნორმად, რატომ დევნიან ეკლესიიდან განათლებულ და პატიოსან ქრისტიანებს, რატომ ეძლევათ ზნეობრივად მყიფე და უბირ ადამინებს უფლება, იქცნენ სულის მწყემსებად, რატომ გაბატონდა სიბნელე, ქსენოფობია, კოლექტივიზმი, ანტიდასავლურობა, რატომ გაუფასურდა ადამინის უფლებები, რატომ გახდა პატრიარქი მიწიერ ღმერთი. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია ეკლესიისა და ერის მოღალატედ გამოაცხადეს სწორედ მისმა მემკვიდრეებმა, საბჭოთა ურჩხულთან გარიგებაში შესულმა მღვდელმთავრებმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ კოლაბორაციონისტების ტრადიციის მემკვიდრეა დღეს  ჩვენი საპატრიარქო, რომლის მესაჭე, მისი წინამორბედების მსგავსად, ისევ განადიდებს კომუნიზმის მიერ დამონებული, ქრისტიანობისგან გამოშიგნული ეკლესიის ნამდვილ მამას, ათეული მილიონი ადამიანის მკველს, რომელმაც შეიწირა უწმინდესი ამბროსი ხელაიას, მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავასა და ასიათასობით მართლმადიდებლის სიცოცხლეც.

წლების განმავლობაში ამ ფუნდამენტური პრობლემის, ამ ფუნდამენტური ცოდვის არაღიარების, მიყუჩებისა და მისი ვერ დაძლევის გამო, საპატრიარქო ყოველგვარ სარწმუნოებრივ და მორალურ ზღვარს გადასცდა. დღეს უკვე იმდენად მძიმე სულიერი ატმოსფეროა ეკლესიაში, რომ აღარ არსებობს ერთადერთის გარდა, ხედვისა და მოქმედების სხვა კუთხე, რომლიდანაც მისი რაიმენაირი გაგება და გამართლება იქნება შესაძლებლი. ერთადერთი ადგილი, სადაც ამ სიტუაციაში, ღვთისა და ადამინის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე  ქრისტიანი შეიძლება იდგეს, არის  იესო ქრისტესკენ შემობრუნების წერტილი,  ევანგელიზაციისა და სიკეთის ქმნის დაწყების წერტილი. ჩვენ, ბიბლიური ლოთივით, უკანმოუხედავად უნდა დავტოვოთ ეს ცოდვის ბუდე, როგორც ერთმა მკვლევარმა უწოდა მას, სტალინური მართლმადიებლობლობა, ეს დეგრადირებული სოდომი და გომორი და  ანდრია მოციქულის, გიორგი მთაწმინდელის, დავით აღმაშენებლის, გაბრიელ ქიქოძის, ილია ჭავჭავაძის, მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ერთ წმიდა კათოლიკე  სამოციქულო მართლმადიებელ ეკლესიას შევუერთდეთ. 

ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ  არც ნათლობას, არც სამების კათედრალს, არც პატრიარქს, არც მამაოს, არც სამშობლოს, არც მირონმდინარე ხატებს, არც ანგელოზთა გამოცხადებებს, არც თავდაუზოგავ მარხვასა და ლოცვა-ვედრებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ მოყვასის ჯვრის ტვირთვას, მისი ტკივილისა და გაჭირვების გაზიარებას შეუძლია ჩვენი ხსნა. ქრისტიანული მორალი ჰეტერონომურია, ანუ მორალის წყარო არის საღვთო სიტყვაში, სახარებაში გადმოცემული ქცევის ნორმები. ამ კონკრეტულ წიგნს ახალი აღთქმა იმიტომ ქვია, რომ ქრისტიანები  ვურიგდებით ღმერთს იმ ზნეობრივი და რელიგიური პირობების შესრულებაზე, რომელიც ამ წმინდა ფურცლებზეა ჩვენთვის ჩაწერილი. ეს პირობა, შეიძლება ერთი, როგორც მაცხოვარი გვეუბნება, მთავარი  მცნებით გადმოიცეს: მთელი არსებით გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი, როგორც საკუთარი თავი. გავიხსენოთ, რას ამბობს პავლე მოციქული: ანგელოზთა ენაზეც რომ ვმეტყველებდე და სიყვარული არ გამაჩნდეს მაშინ, მხოლოდ  ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა.  ნებისმიერ გამვლელს რომ კითხო, უნდა თუ არა ცხონება და სასუფეველი, კიო, იტყვის, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის, და კიდევ უფრო ცოტას აქვს გაცნობიერებული, რომ ხსნის ერთადერთი სახარებისუელი  საზომი არის მშიერის დაპურება, ავადმყოფის თანადგომა, პატიმრის სულზე ზრუნვა, შიშველის შემოსვა, ჩაგრულის გამოქომაგება, რადგან ყოველი მათგანი ქრისტეა. არა გრანდიოზული ტაძრების აგება, მარხვის დაცვა,  საპროტესტო ლიტურგიებში მონაწილეობა, სიძულვილის აღლუმებბში ჩაბმა, ხელკეტებითა და ჯვრებით სირბილი, ამბიონებიდან უთავბოლო ბობოქრობა, არა პირჯვრის სახვა, - მიზეზით თუ უმიზეზოდ, არამედ თანაგრძნობა, სიკეთე, სიყვარული ღვთისა და ნებიმსიერი ადამინისა არის ქრისტეს ერთადერთი მაცხოვნებელი გზა.  

ყოველივე ამის გამო, დღეს  ქართველი მართლმადიდებლები, იესო ქრისტესკენ, ეკლესიისკენ დიდი შემობრუნების, დიდი ფერისცვალების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ. რა ძნელიც არ უნდა იყოს ეს, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ, გავხდეთ ქრისტანები. რა არის ამისთვის საჭირო? საერთოდ ქრისტიანობა არის მუდმივი მცდელობა, ნებისმიერ სიტუაციაში, მოიქცე ისე, როგორც იქცეოდა, ვთქვათ, კეთილი სამარიტელი, მაგრამ ეს საკმაოდ რთულია. ამიტომ, თავდაპირველად, ბავშვებივით უნდა გამოვედევნოთ მაცხოვარს: დავიწყოთ, მაგალითად, იმით, რომ არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, არ ვდევნოთ ყველა, ვინც ჩვენ  სამართლიანად თუ უსამართლოდ გვაკრიტიკებს; ვეცადოთ, გავუღიმოთ და გავუგოთ ნებისმიერს, ხოლო თუ ვერ მივიღებთ, ვერ შევეგუებით მას, მივენდოთ  ქრისტეს და არა საკუთარ გონებასა და ემოციას, საკუთარ სიფიცხეს და შურისძიების წყურვილს. ერთი სიტყვით, საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ მართლმადიდებლობის დაცვის საქმიდან ჩვენი მუშტები, მით უმეტეს, რომ  ჭეშმარიტ ეკლესიას არანაირი დაცვა არ სჭირდება, რადგან  ეკლესია თვით მაცხოვარზეა, მარადისობის კლდეზეა აგებული. ამავდროულად, ჩვენი ყოველი დღე უნდა შედგებოდეს  საღვთო წერილის გასაგებ ენაზე კითხვისა და გააზრებისგან. ეს აუცილებელია. ამ გზაზე ის უნდა გახდეს ჩვენი გზამკვლევი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქრისტესთან, მის სახარებასთან ერთად ყოველდღიური ცხოვრება, მეგობრობა მასთან და არა მისი დაცვა, რადგან მხოლოდ ამით მივცემთ საშუალებას სამყაროს შემოქმედ და ყოვლისშემძლე  ღმერთს, დაგვიცვას ჩვენ,  ჩვენივე დაცემული და დაბნელებული გონებისგან, ჩვენი ცოდვილი ბუნებისგან, ჩვენი უბადრუკი თავისგან  და ახლიდან დაგვბადოს ჭეშმარიტების სულში.

 

ინტერვიუს შემოკლებული ვერსია გამოქვეყნდა www.newpress.ge-ზე, იხ.ბმული:http://www.newpress.ge/index.php/staties_id/523