ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1603

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში

28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის უფროსი ანალიტიკოსი ქეთრინ კოსმანი. იგი ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ევროპის ქვეყნებში რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მუშაობს.

ქეთრინ კოსმანის ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა 29 სექტემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის (CIPDD) მიერ გამართულ კონფერენციაში „პოლიტიკა და რელიგია საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მონაწილეობა, სადაც მან წაიკითხა მოხსენება „რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმდინარე პოლიტიკა აზერბაიჯანში“. 

ქალბატონი კოსმანი საქართველოში რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის მიზნით, ასევე შეხვდა სახელმწიფო სტრუქტურებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს.  

29 სექტემბერს ქეთრინ კოსმანი შეხვდა საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებების სამმართველოს ხელმძღვანელს, მაია კვირიკაშვილს. შეხვედრის მიზანი იყო რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებისა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღება.

იმავე დღეს, ქალბატონი კოსმანი შეხვდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს და რელიგიური გაერთიანებების ნაწილს. შეხვედრაზე დამსწრე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები უშუალოდ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მიიწვია. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამსწრე კონფესიებმა დადებითად შეაფასეს სააგენტოს საქმიანობა. უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე არ ყოფილან მოწვეული რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც კრიტიკულად აფასებენ სააგენტოს მუშაობასა და სახელმწიფოს პოლიტიკას რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებით.  

1 ოქტომბერს, TDI-ის წარმომადგენლებთან ერთად, ქეთრინ კოსმანი შეხვდა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძეს, ჭელას მეჩეთის იმამ ჯამბულ აბულაძეს, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს რუსუდან გოცორიძესა და სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელ ლელა ხონელიძეს.

შეხვედრაზე განხილული იყო ძირითადი პრობლემები, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს საქართველოში ექმნებათ: ბოლო წლებში მუსლიმთა დევნის, რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლის, სამართალდამცავთა მხრიდან დანაშაულებზე არაეფექტური რეაგირების, ამ კუთხით შესაბამისი კანონმდებლობის გამოყენებისა და აღსრულების საკითხები; სახელმწიფოს დისკრიმინაციული რელიგიური პოლიტიკა, მათ შორის, კონკრეტულად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნება და მისი მუშაობის ხარვეზები; საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევა, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის პრობლემა; საკულტო ნაგებობების, მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ბარიერები  და სხვა საკითხები.

ქეთრინ კოსმანს შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება გაუწია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI).