ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1710

რელიგიურ მშენებლობაზე სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა უკანონოა

2017 წლის 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სსიპ “მაცხოვრის ბიბლიური ეკლესიის” სარჩელი საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხზე, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს ჩაბარდათ მიმდინარე წლის 30 ივნისს. მოსარჩელის ინტერესებს, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენს.

რელიგიურმა ორგანიზაციამ, 2015 წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებლისგან მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენა მოითხოვა.

თბილისის მერიამ, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტის მოთხოვნით და ამის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის არგაცემით, რელიგიური გაერთიანების უფლებები შეზღუდა.

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა რელიგიურ გაერთიანებებს საქმიანობისას სირთულეს უქმნის  და წარმოშობს ახალ, კანონით გაუთვალისწინებელ დაბრკოლებას.

მოსარჩელე, სასამართლო წარმოების ფარგლებში, ითხოვდა სამშენებლო ნებართვაზე უარის ბათილად ცნობას და არქიტექტურის სამსახურის მიერ ახალი კანონშესაბამისი აქტის გამოცემის დავალდებულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ TDI-ის მიერ დაყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით:

  • საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად, ადმინსტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა განმცხადებლისგან, წარედგინა სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია (მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია), გარდა კანონით გათვალისწინებული საბუთისა ან ინფორმაციისა.

  • თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა განმცხადებლისთვის ამგვარი დოკუმენტის წარდგენის დავალდებულების უფლება. მსგავსი დასკვნის (რეკომენდაციის) სურვილის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს თავად უნდა მიემართა შესაბამისი უწყებისთვის.

  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (ზემდგომი ადმ. ორგანოს) ბრძანება გამოტანილი იყო კანონის არასწორი გამოყენებით და ამგვარად, შეიზღუდა მოსარჩელის უფლება კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ  და საექსპლუატაციოდ სარგებლობისთვის.

აღსანიშნავია, რომ არადომინანტი რელიგიური ჯგუფები ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან ახალი საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვების მოპოვების პროცესში. პრობლემურია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს. სააგენტო, ლეგიტიმური მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამართლზომიერად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა, რომ რელიგიური გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით ამომწურავად არის რეგულირებული, ხოლო ამ პროცესში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ბუდნოვანი და უკანონოა. ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების მიერ საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობის მშენებლობის მიზანშეწონილობის შეფასება, სააგენტოს მანდატსა და კომპეტენციას სცილდება.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება სტრატეგული მნიშვნელობისაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ადმინისტრაციული ორგანოების მხირდან არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის უკანონო დაბრკოლებების შექმნის ფაქტს.