ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1717

საკონსტიტუციო სასამართლომ რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი არსებითად განიხილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის 11 და 12 ივლისს რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი განიხილა. ორივე შემთხვევაში, მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა წარმოადგენენ.

რელიგიური გაერთიანებების სარჩელი უთანასწორო საგადასახადო რეჟიმთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის 12 ივლისს არსებითად განიხილა  რვა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი.  

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა საფუძველზეც, საგადასახადო შეღავათები მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას (საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას) ენიჭება. კერძოდ, გასაჩივრებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ნორმები, რომლის მიხედვით რელიგიური დანიშნულების ნივთების რეალიზაციით მიღებული მოგების გადასახადის, საღვთისმსახურო საგნების მიწოდების, ეკლესიების და ტაძრების რესტავრაციის, მშენებლობის და მოხატვის შემთხვევაში დამატებული ღირებულების გადასახადისა და ქონების გადასახადისგან თავისუფლდება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო.

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ნორმები, ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციას აყენებს უთანასწორო მდგომარეობაში, უქმნის არამართლზომიერ დაბრკოლებებს და ხელყოფს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.

მიმდინარე წლის მარტში საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ეკლესიების და ტაძრების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

ამჟამინდელი მდგომარეობით, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ეკლესიებისა და ტაძრების მოხატვა გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი საპატრიარქოა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებითი განხილვის ფარგლებში, მოსარჩელეებმა წარმოადგინეს პოზიცია, რომ  საგადასახადო კოდექსის აღნიშნული რეგულირება წარმოადგენს უთანასწორო მოპყრობას თანასწორ პირთა მიმართ, რომელსაც გონივრული და ობიექტური გამართლება არ გააჩნია. შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც თანასწორობის პრინციპის დაცვას უზრუნველყოფს.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკულტო ნაგებობების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა, სხვა რელიგიური გაერთიანებების დაკვეთის შემთხვევაშიც, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საინტერესო განმარტებები გააკეთა გასაჩივრებულ ნორმებთან დაკავშირებით დასაშვებობის ეტაპზეც. კერძოდ, სარჩელის იმ ნაწილთან დაკავშიებით, რომელიც სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო, აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები (დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადი) უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ რელიგიური გაერთიანებებზე, რელიგიური საქმიანობის ნაწილში, ისეთივე საგადასახადო რეჟიმი გავრცელდეს, როგორიც საქართველოს საპატრიარქოზე, რადგან რელიგიურ გაერთიანებათა საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები იძლევა ამგვარი განმარტების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამგვარი განმარტება, შესაძლებელია, დადებითად აისახოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების უფლებრივ მდგომარეობაზე და გააუვნებელყოს ის ნეგატიური ეფექტი, რასაც კანონის ბუნდოვანი ნორმების დისკრიმინაციული ინტერპრეტირების შესაძლებლობა ქმნის. მოსარჩელეები იმედს გამოთქვამენ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთო სასამართლოები გაითვალისწინებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ყველა რელიგიურ გაერთიანებას მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული საგადასახადო შეღავათებით.

მხარეთა პოზიციები სასამართლო სხდომაზე:

უნდა აღინიშნოს ასევე 12 ივლისს გამართულ პროცესზე მხარეთა ძირითადი პოზიციები და გამოთქმული მოსაზრებები.

მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი. პარლამენტის პოზიციის თანახმად, “ჩარევის ლეგიტიმური მიზანი არსებობს და ეს არის ისტორიული და არქიტექტურული ფასეულობების მქონე ტაძრების რესტავრაცია, კონსერვაცია, მათი მოხატვა… კონსტიტუციურ შეთანხმებით აღიარებულია მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ისტორიაში“.

მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის თანახმად, ყველა რელიგიური ჯგუფი თანასწორია და პირთა დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით დაუშვებელია. კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ამ სახის პრივილეგიებს არ გულისხმობს, ხოლო კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილი დეკლარაციული ხასიათისაა და მხოლოდ დომინანტი რელიგიური ჯგუფის ისტორიულ როლს უსვამს ხაზს. ამასთან, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, ყველა რელიგიური გაერთიანება არსებითად თანასწორ პირს წარმოადგენს და უფლებაში ჩარევის საფუძველი არ შეიძლება რომელიმე რელიგიური ჯგუფის დომინანტური მდგომარეობა გახდეს, არამედ, ყველა რელიგიურ თემს სახელმწიფომ საქმიანობის თანასწორი პირობები უნდა შეუქმნას და დისკრიმინაციის ყველა ფორმა აღმოფხვრას.

ხაზგასასმელია ასევე ისიც, რომ  საგადასახადო კოდექსის სადავო ნორმის თანახმად, შეღავათებით, საპატრიარქოს დაკვეთით საქმიანობის განმახორციელებელი პირი მაშინაც სარგებლობს, როცა ის ახალ ეკლესიას აშენებს. მოპასუხე მხარის მიერ გამოძახებულმა მოწმემ, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარმოადგენდა, აღნიშნა, რომ “ეკლესიებისა და ტაძრების მშენებლობისას ფასის განსაზღვრა მშენებლის ბიზნეს-მოდელზეა დამოკიდებული”, თუმცა აღიარა, რომ ფასწარმოქმნის პროცესში გადასახადები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, თუ საპატრიარქოს დაკვეთის შემთხვევაში ის გათავისუფლდება გადასახადის გადახდისგან, მის მიერ შეთავაზებული ანაზღაურების მოცულობაც შესაძლოა შემცირდეს.



რელიგიური გაერთიანებების სარჩელი სახელმწიფო ქონების კანონის უთანასწორო ნორმებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 11 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განიხილა 5 რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

კერძოდ, სარჩელი შეეხებოდა “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის იმ დებულებების კონსტიტუციურობას, რომლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული რელიგიურ გაერთიანებები (გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა) მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, შეიძინონ სახელმწიფო ქონება. ასევე, ნორმა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

აღნიშნული ნორმები რელიგიურ ორგანიზაციებს, გარდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა, უქმნის არამართლზომიერ დაბრკოლებებს, აყენებს მათ უთანასწორო მდგომარეობაში და ხელყოფს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ, მიმდინარე წლის თებერვალში, არსებითად განსახილველად მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება ანაზღაურების გარეშე სახელმწიფო ქონების მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, სადავო იყო “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის ის დანაწესი, რომელიც ადგენს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და გამორიცხავს იგივე შესაძლებლობას სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის.

მხარეთა პოზიციები სასამართლო სხდომაზე:

მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილია ძალადაკარგულად გამოცხადდეს სადავო ნორმის სიტყვები “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” და კანონის შესაბამის პუნქტში საუბარი იყოს ზოგადად ეკლესიებზე, რომლებიც თანასწორად მიიღებენ ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას. ამასთან, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტერმინი “ეკლესია”, მოსარჩელეთა პოზიციის თანახმად, მოიაზრებს ყველა კონფესიას, რადგან მასზე მონოპოლია არც ერთ რელიგიურ ჯგუფს არ შეიძლება გააჩნდეს. კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით კი, კანონში მისი ნორმატიული შინაარსი უნდა გავრცელდეს ყველა რელიგიურ ჯგუფზე.

მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელთა პოზიციის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, მოსარჩელეთა ინტერესი ვერ იქნება გათვალისწინებული, რადგან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მათთვის დადასტურებული ინფორმაციით, ტერმინ “ეკლესიას” მხოლოდ მართლმადიდებელი თემი იყენებს. როგორც პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ ტერმინს არც სხვა ქრისტიანული გაერთიანებები იყენებენ და არ იდენტიფიცირდებიან, როგორც “ეკლესია”.. ბუნებრივია, აღნიშნული პოზიცია მცდარია და აბსურდულ შინაარსს ატარებს, რადგან რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი იყენებს სიტყვას “ეკლესია” და, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ სახელწოდებით არიან რეგისტრირებულნი იურიდიულ პირთა რეესტრშიც.

საინტერესოა ასევე, რომ მოპასუხე მხარემ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ სამოციქულო ეკლესიას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და გაუმჯობესება.

მოსარჩელეთა პოზიციის თანახმად კი, მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში და ეს აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, თუმცა რაიმე სახის განსაკუთრებული აღმატებული სტატუსი, რომლითაც ექსკლუზიურად მისთვის მუდმივი პრივილეგიები და შეღავათები იქნება გარანტირებული, არ არსებობს და ის სხვა რელიგიური გაერთიანებების თანასწორ პირს წარმოადგენს.

მოპასუხეთა არგუმენტაციით, განსხვავებული მოპყრობა გამართლებულია, რადგან დიფერენციაციის მიზანი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

***

ორივე საქმე, რომლებიც საგადასახადო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებულ უთანასწორო ნორმებს შეეხება, არსებითად განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ. გადაწყვეტილებები სასამართლოს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.