ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ივლ/1724

დმანისში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე TDI-მ განცხადებით განათლების სამინისტროს და სახალხო დამცველს მიმართა

2017 წლის 21 ივლისს, ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მიმართ დმანისის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მიერ სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, ორი აზერბაიჯანელი მოსწავლის მშობლის, რიტა აგაკიშიევას სახელით ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და სახალხო დამცველს მიმართა.

TDI-ის მიერ გამოკითხული მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დირექტორის მიერ გამოვლენილ ქსენოფობიურ განწყობებზე და არაქართველი მოსწავლეების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების არსებულ პრაქტიკაზე საუბრობენ. გამოკითხული მასწავლებლების თქმით, დირექტორს არ გააჩნია დაკავებული პოზიციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები,  მათ შორის,  სასკოლო სივრცეში ინტერკულტურული განათლებისა და ტოლერანტული გარემოს შექმნისთვის საჭირო ცოდნა. დირექტორი არ ცდილობს ეთნიკური ნიშნით განსხვავებული მოსწავლეების ინტეგრაციას და მათთვის თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.  

როგორც სკოლის მასწავლებლებმა TDI-ის განუცხადეს, დირექტორი პირველი კლასის ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეების მისაღებად თვითნებური გამოცდების ჩატარებას გეგმავს და როგორც ცნობილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მათ, თუკი ქართული ენა განსაზღვრულ დონეზე ეცოდინებათ. მასწავლებლების თქმით, დირექტორი მაქსიმალურად ცდილობს, სკოლაში ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეები აღარ სწავლობდნენ.

ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის მშობელი TDI-სთან საუბარში მათი შვილების მიმართ განხორციელებულ სისტემატურ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. რიტა აგაკიშიევას თქმით, მთელი წლის განმავლობაში, მისი ორივე შვილი ხშირად სკოლიდან სხვა მოსწავლეების მიერ ნაცემი ბრუნდებოდა.

მიმდინარე წლის მარტში, მისი შვილი, რომელიც აღნიშნული სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა, სკოლიდან სხეულის გარეგანი დაზიანებებით დაბრუნდა. კერძოდ, მშობლის აღწერით, მას თავის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯებები და მაჯაზე სისხლჩაქცევა. როგორც მოგვიანებით მოსწავლემ მშობელს აუხსნა, უფროსკლასელმა ქართველმა მოსწავლემ მას ხელები გადაუგრიხა და  სახეში თავი დაარტყა. მშობლის თქმით, აუცილებელი გახდა ნაცემი მოსწავლისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. მშობლებმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩნეს.

მეორე დღეს, მოსწავლე და მისი მშობელი, რიტა  დირექტორთან გამოცხადდნენ, რათა ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია მიეწოდებინათ. როგორც მშობელმა TDI-ის განუმარტა, დირექტორი მათ აგრესიულად შეხვდა და მოსწავლის სკოლიდან გადაყვანა მოითხოვა. მშობლის თქმით, დირექტორმა განაცხადა, რომ  ,,საერთოდ არ სჭირდებოდა თათარი, სომეხი და რუსი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში და თუ მშობლებს სიტუაცია არ მოსწონდათ შეეძლოთ  ბავშვი სკოლიდან გადაიყვანათ”. აგაკიშიევამ დააკონკრეტა, რომ ეს არ იყო სკოლიდან მოსწავლის გადაყვანის მოთხოვნის პირველი შემთხვევა. როგორც ირკვევა, წარსულში დირექტორმა მისი შვილები სიზარმაცეში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მოუწოდა, რომ ბავშვები მაინც არ სწავლობდნენენ და უკეთესი იქნებოდა, რომ ისინი სკოლიდან გაეყვანა.  

რიტა აგაკიშიევას  უმცროსი შვილის, ნ.მ.-ს თქმით, დირექტორი საკმაოდ ხშირად იყენებს ტერმინს “თათარი,” უშუალოდ მოსწავლეებთანაც. მოსწავლე TDI-სთან განმარტავს, რომ დირექტორი ხშირად შედის მათ საკლასო ოთახში და მთელი კლასის თანდასწრებით მიუთითებს, რომ “თათრები მოსულან”, ან/და “თათრები წასულან”.

გამოკითხული მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ დირექტორი ეთნიკურად სომეხი მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული აგრესიით და ქსენოფობიური განწყობებით გამოირჩევა. მაგალითად, 2016 წელს, მან ერთ-ერთ სომეხ მოსწავლეს “დამპალი სომეხი” უწოდა. მოსწავლის მშობლებმა ფაქტის თაობაზე, ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ოფიციალურად განცხადებით მიმართეს, თუმცა, მოგვიანებით, დირექტორის დაჟინებული მოთხოვნით, უარი თქვეს ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელებაზე და განაცხადი უკან გამოიტანეს.


განცხადება ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

TDI სამართლებრივ დახმარებას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“ და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.