ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
იან/1824

სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოს ნიგერიის მოქალაქისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით,  იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” დაევალა ნიგერიის მოქალაქისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა. ბენეფიციარის ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) წარმოადგენს.

მოსარჩელე ო.ზ.ო ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელიც 2013 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე ჯ.ბ.-სთან. ოჯახს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.

ო.ზ.ო - მ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სსიპ “სახელმწიფო სერვისების გავითარების სააგენტოს” მიმართა, თუმცა, მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის არსებობისა, სააგენტომ ნებართვის გაცემაზე 2016 წლის 31 ოქტომბერს უარი განაცხადა. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, უარს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში “სუს”) მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის თანახმად, სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ბინადრობის ნებართვის გაცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც მოსარჩელის პოზიციით დაუსაბუთებელი და უკანონო იყო, გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადავო აქტი ბათილად იქნა ცნობილი და სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააგენტომ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის  16 იანვრის გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს განმცხადებელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა დაავალა.

მხარეებს სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩაბარდებათ.

TDI მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია და, შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებაც დაუსაბუთებელი და უკანონოა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებულია მანკიერი პრაქტიკა, რომლის თანახმადაც სუს-ის დასკვნა განიხილება, როგორც ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის აბსოლუტური საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნა არ არის და არ შეიძლება იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი ხასიათის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის და ის შესაძლოა იყოს როგორც უსაფუძვლო, ასევე უკანონო.

ამასთან, სუს-ის მიერ მომზადებული ნეგატიური დასკვნების სტატისტიკა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბოროტად იყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ პრივილეგიას, უსაფუძვლოდ ზღუდავს განმცხადებელთა უფლებებს და აწარმოებს შერჩევით და დისკრიმინაციულ პოლიტიკას კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეების მიმართ.

 

TDI ბენეფიციარებს იურიდიულ დახმარებას უწევს პროექტის "საქართველოში რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)" პროექტის ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ.