ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/1815

დისკუსია: რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემა

7 მაისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა დისკუსია “რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემა და ინტერპრეტაციები”.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, თეოლოგიისა და ინტერკულტურული კვლევების მეცნიერებათა დოქტორი, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის პასტორი სერგო ნამორაძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ოქტაი ქაზუმოვი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი თამარ (თათა) ცოფურაშვილი. დისკუსიას უძღვებოდა TDI-ის გამგეობის წევრი მაკო ღავთაძე.

დისკუსია მიზნად ისახავდა ძალადობის პრობლემის აღქმის განხილვას სხვადასხვა რელიგიური დოქტრინის კონტექსტში.

ოქტაი ქაზუმოვმა ისაუბრა ისლამსა და რელიგიის სახელით ძალადობის პრობლემაზე, რელიგიის სწორი ინტეპრეტაციისთვის განათლების აუცილებლობაზე, ისლამის ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებიც არასწორი, და ზოგ შემთხვევაში სიტყვასიტყვითი ინტერპრეტირებით, ძალადობის სახეს იძენს პრაქტიკაში.

სერგო ნამორაძემ საკუთარ მოხსენებაში ისტორიულ კონტექსტში განიხილა რელიგიის სახელით ძალადობა, მისი ფორმები, ობიექტები და განმაპირობებელი ფაქტორები, ასევე, ისაუბრა რელიგიური ლიდერების პასუხისმგებლობაზე.

თათა ცოფურაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში რელიგიის სახელით ძალადობის დინამიკასა და საბჭოთა გამოცდილებაზე, რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის ისტორიაზე, კლასიკურ ლიბერალიზმში აღიარებულ ადამიანის თავისუფლების სფეროებზე.

დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ აღნიშნა, რომ ძალადობა და ქრისტიანობა ერთმანეთთან შეუთავსებელია. მან ყურადღება გაამახვილ განათლების ნაკლებობის პრობლემაზე და ქრისტიანული სწავლების არცოდნაზე, რაც არის კიდევაც რელიგიის არასწორი, ძალადობრივი ინტერპრეტაციის საფუძველი.

დისკუსიას ესწრებოდნენ რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იხილეთ დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ბმულზე.

TDI-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიები მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრობლემატიკაზე მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობას. შეხვედრები ტარდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).