ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/1906

საქართველო უერთდება მინისტერიალის განცხადებას რელიგიური გრძნობების კანონმდებლობის წინააღმდეგ

2019 წლის 16-18 ივლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა რელიგიის თავისუფლების საკითხებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში უმასპინძლა მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილი მინისტერიალი პირველად 2018 წელს ჩატარდა. მისი მიზანია მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ რელიგიური ნიშნით დევნისა და ძალადობის მსხვერპლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

18 ივლისის სესიაში, რომელიც მიეძღვნა რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებზე მსჯელობას და საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალმა თანამდებობის პირებმა. სესიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა.

მონაწილე მთავრობების წარმომადგენლებმა, რელიგიის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, ხელი მოაწერეს  ერთობლივ განცხადებებს. ერთ-ერთი განცხადება შეეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ კანონებს, რომლებსაც სახელმწიფოები ხშირად იყენებენ რელიგიური ნიშნით დევნის, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისთვის, და რომლებიც საფრთხეს უქმნის თითოეული ინდივიდის მიერ რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობას. განცხადებას ხელს აწერს საქართველოც. 

 

მინისტერიალზე ხელმოწერილი განცხადება მკრეხელობისა და აპოსტასიის[1] კანონმდებლობის შესახებ[2]

(არაოფიციალური თარგმანი)

ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, ვერთიანდებით ურთიერთდაკავშირებული უფლებების - აზრის, სინდისის, რელიგიის, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლებების მხარდასაჭერად. ჩვენ მტკიცედ ვუპირისპირდებით იმგვარ კანონმდებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტს, ხელს უშლის ადამიანების თავისუფლებას, აირჩიონ საკუთარი რწმენა, მისდიონ საკუთარ რწმენას, შეიცვალონ რელიგია, არ ჰქონდეთ რელიგია, გაუზიარონ სხვებს საკუთარი რწმენა და პრაქტიკა, ან ღიად იმსჯელონ რელიგიისა და რწმენის ასპექტებზე.

ბევრ ქვეყანაში მოქმედებს კანონმდებლობა, რომლითაც კრიმინალიზებულია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა/მკრეხელობა, რწმენის ან რელიგიის შეცვლა ან გამოხატვა, რომელმაც შესაძლოა “შელახოს” ან “შეურაცხყოს” რელიგიური გრძნობები. ეს კანონები ხშირად გამოიყენება რელიგიის სახელით თვითნებობის, ბრბოს ძალადობის გამართლების, ან პიროვნული შეურაცხყოფისთვის დამსახურებული სასჯელის მიზღვის საბაბად. ჩვენ მოწმენი ვართ, როდესაც სახელმწიფოები იყენებენ ასეთ კანონებს, რომ უსამართლოდ დააპატიმრონ და დასაჯონ ადამიანები, რომელთა შეხედულებები რელიგიასა და რწმენაზე შესაძლოა განსხვავდებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის ოფიციალური ნარატივებისა და შეხედულებებისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, რომლებიც იყენებენ ამ კანონებს, გაათავისუფლონ ყველა ადამიანი, რომელიც ამ საფუძვლებით არის დაპატიმრებული, გააუქმონ მკრეხელობის, აპოსტასიის და ნებისმიერი სხვა კანონი, რომელიც ხელს უშლის გამოხატვის და რელიგიის ან რწმენის თავისუფლებით სარგებლობას და რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ პარტნიორებთან ერთად ისეთი პრობლემების დასაძლევად, როგორებიცაა სექტარიანიზმი[3], დისკრიმინაცია და რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული ძალადობა, რათა დაცული იყოს ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის აზრის, სინდისის, რელიგიის, რწმენის და გამოხატვის თავისუფლება.

ხელმომწერი სახელმწიფოები: ალბანეთი, სომხეთი, ავსტრია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, დანია, ესტონეთი, საქართველო, ისრაელი, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მარშალის კუნძულები, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

 

საქართველოში “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის” დასჯის ინიციატივების მიმოხილვა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო არაერთხელ დადგა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხის წინაშე. მათ შორის, არაერთი ინიციატივა უკავშირდება ისეთი სახიფათო და ბუნდოვანი კანონმდებლობის მიღებას, როგორებიცაა “მკრეხელობისა” და “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” დასჯადობა. ამ ინიციატივების ავტორები არიან საქართველოს მთავრობა და პარლამენტის წევრები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აქტიურად ითხოვს “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” კრიმინალიზებას[4]. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებები და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები კი ყოველთვის უპირისპირდებიან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებს და საუბრობენ იმ რისკებზე, რაც მსგავს კანონმდებლობას ახლავს თან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მაღალი სტანდარტითაა დაცულია გამოხატვის თავისუფლება, ბოლო წლებში “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” საბაბით ძალადობისა და აგრესიის არაერთი შემთხვევა მოხდა.[5] მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები და საზოგადოების აგრესიულად განწყობილი ჯგუფები უპირისპირდებიან სიტყვისა და აზრის თავისუფლებას, მათ შორის მედიასა და ხელოვნებაში. მაგალითად:

  • 2015 წელს მხატვარი ლია უკლება მასშტაბური კრიტიკის, მუქარისა და აგრესიის[6] მსხვერპლი გახდა, რადგან მან ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით ხელში დახატა;
  • 2016 წელს გადაცემის “საუბარი რელიგიაზე” ავტორსა და წამყვანს ლევან სუთიძეს და მის თანმხლებ ადამიანებს სამი პირი დაესხა თავს[7] და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელები ამბობდნენ, რომ ჟურნალისტები შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას;
  • 2019 წლის მარტში ექსტრემისტული ჯგუფის “ქართული მარშის” წევრები თავს დაესხნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას.[8] გაბუნიამ პირდაპირ ეთერში იესო ქრისტეს შესახებ ისაუბრა, რამაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.      

2013 წელი

2013 წლის ნოემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დამატებოდა მუხლი, რომელიც შეეხებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას. ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და სხვაგვარი დამამცირებელი ქმედება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. ინიციატივა კრიტიკულად შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა. საზოგადოებრივი კრიტიკისა და უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ, პარლამენტში პროექტის განხილვა არ გაგრძელებულა.

2015-2016 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესატანად 2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის წევრმა მმართველი პარტიიდან (ქართული ოცნება) იოსებ ჯაჭვლიანმა კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის, მორწმუნის მიმართ საჯაროდ შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 300, ხოლო განმეორებით 600 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ავტორი იყო დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი, ზვიად ტომარაძე.

2016 წლის 2 თებერვალს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია: "რამდენიმე წელია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საბაბით პერიოდულად ხდება ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფა როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ასევე, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ. გაურკვეველი ჯგუფები და პიროვნებები მიზანმიმართულად ახორციელებენ რელიგიური სიწმინდეების, ნაგებობების და სიმბოლოების შეურაცხყოფას. სოციალურ ქსელში შექმნილია რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა პირდაპირი დანიშნულებაა ღვთის გმობა, მართლმადიდებლური ეკლესიის, მისი წინამძღოლისა და იერარქების შეურაცხყოფა.”

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიტიკულად შეაფასეს აღნიშნული კანონპროექტი და პარლამენტს მიმართეს განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარი არცერთი ფორმით არ დაეჭირათ.

2016 წლის 10 თებერვალს კანონპროექტის ინიციატორმა პარლამენტს მიმართა კანონპროექტის გამოთხოვის თაობაზე, არგუმენტით, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი კონსულტაციების გამართვა კანონის პროექტის შემდგომი დახვეწისთვის, რაც გარკვეულ დროს საჭიროებდა.

2018

2018 წლის 26 მარტს, პოლიტიკური პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებდა. კანონპროექტი ამჯერადაც, „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორის ზვიად ტომარაძის მომზადებული იყო.

დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 155 პრიმა მუხლი, რომლის თანახმადაც დასჯადი უნდა გახდეს  „რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას“, ამასთან დასჯადი უნდა იყოს „რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება.“ აღნიშნული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში სასჯელის სახეებად განისაზღვრა ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ მისი მიღება განპირობებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ტრადიციული რელიგიის მიმართ ბოლო დროს გახშირებული ფარული თუ პირდაპირი შეურაცხყოფით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის განხილვაზე, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ ბოლო დროს Facebook-ზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხშირად შეურაცხყოფენ. „შეურაცხყოფა ზოგადად ცუდი რამაა, მით უმეტეს რელიგიაზე. ამიტომ გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ“.

საკანონმდებლო ინიციატივა კრიტიკულად შეაფასეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა. მათ პარლამენტს მოუწოდეს არ დაეშვათ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესება.

რელიგიათა საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ხელს 19 რელიგიური გაერთიანება აწერს, ნათქვამია: “მიგვაჩნია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოხატვასა და შეურაცხყოფას რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა დავუპირისპიროთ სიტყვიერი შეგონება, საგანმანათლებლო საქმიანობა და  სამოძღვრო მზრუნველობა. რეპრესიული გზებით ამ პრობლემის გადაჭრის მცდელობა კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის აგრესიისა  და შეუწყნარებლობის პრობლემას.”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას დადებითად შეხვდა, მაგრამ, კომიტეტის წევრების თქმით, კანონპროექტი დახვეწას საჭიროებდა და ამისთვის საჭირო იყო სამუშაო ჯგუფის შექმნა. კომიტეტზე პირველი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერა გადაიდო.

 

 

[1] რწმენის ან რელიგიის შეცვლა, რელიგიური კუთვნილების ან აღმსარებლობისაგან განდგომა

[2] Statement on Blasphemy and Apostasy Laws https://www.state.gov/statement-on-blasphemy-and-apostasy-laws/

[3] რელიგიური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი მკაცრი მიკუთვნებულობა, რომელსაც ხშირად მოჰყვება კონფლიქტი და ძალადობა განსხვავებული იდეოლოგიის ჯგუფებზე

[4] საქართველოს საპატრიარქო არაერთხელ გამოვიდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობის დაწესების მოთხოვნით. მაგალითად:

საპატრიარქოს გამოხმაურება ლია უკლებას ნახატზე https://netgazeti.ge/news/72772/

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის იდეას მხარს უჭერს, რადგან ძალიან მწარე გაკვეთილები მივიღეთ https://bit.ly/2Ta4B43  

საპატრიარქო: სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა https://bit.ly/2yFxVFV

[5] ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ Forum 18-ის სტატია (ხელმისაწვდომია ინგლისურად) https://bit.ly/2T7kLLe

[6] ილია II ლია უკლებას ნახატზე: მიკვირს, როგორ დაუშვეს ასეთი მკრეხელობა https://bit.ly/2YKoiV1

[7] ტაბულას ჟურნალისტებს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხნენ https://bit.ly/2MIaX9t

[8] ქართული მარშის წევრებმა გიორგი გაბუნიას მანქანას ალყა შემოარტყეს და შეურაცხყოფა მიაყენეს https://bit.ly/2M4cZ4i