სიახლეები
TDI
თებ/2014

TDI საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის ინიციატივაზე

TDI ეხმიანება “საქართველოს ტყის კოდექსში”,  “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოსთვის ეკლესია–მონასტრების გარშემო ტყეების საკუთრების უფლებით გადაცემას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი

ცვლილებათა პაკეტის ინიციატორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

დღეს მოქმედი საქართველოს ტყის კოდექსით საქართველოს საპატრიარქოს შეუძლია იყოს ტყის ფონდის მესაკუთრე (მე–9 მუხლი), ასევე სახელმწიფოსთან ერთად, ჰქონდეს მიჩენილი ტერიტორიების მართვის უფლება (მე-17 მუხლი). თუმცა, ტყის კოდექსი საპატრიარქოსთვის ტყის ფართობის მხოლოდ მიჩენის (მართვის) პროცედურებს აწესრიგებს. საკანონმდებლო ცვლილებების ერთ–ერთი მიზანი კი ტყის ტერიტორიის საკუთრების უფლებით გადაცემის პროცედურების განსაზღვრაა. “ტყის კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით,  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს საპატრიარქოს ქონება შეიძლება გადაეცეს სასყიდლით. აღსანიშნავია, რომ სასყიდლით გადაცემა შესაძლოა მოხდეს სიმბოლურ ფასადაც, მათ შორის 1 ლარად. 

სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ცვლილებების შემუშავება საპატრიარქოსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს და ისინი არ არის დისკრიმინაციული.

საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება

TDI–ის პოზიციით, აღნიშნული ინიციატივა დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, არღვევს სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრინციპს და აღრმავებს საქართველოს სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართ არსებულ უთანასწორობას.

2018 წელს TDI-სა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ რელიგიური გაერთიანებების სახელით წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა: “[მართლმადიდებელი] ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში”. სასამართლომ სწორედ სახელმწიფო ქონების კანონის ის ნორმა მიიჩნია დისკრიმინაციულად და სცნო არაკონსტიტუციურად, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უშვებდა სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღების შესაძლებლობას.

გაუგებარია, საპატრიარქოს რა რელიგიური შინაარსის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტყეების საკუთრების უფლებით ფლობასთან დაკავშირებით. საპატრიარქო სახელმწიფოსგან ყოველწლიურად იღებს დიდი მასშტაბის უძრავ ქონებას _ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კვ. კმ–მდე ფართობს მოიცავს, ხოლო ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტებიდან ყოველწლიური დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონ ლარს აღწევს. საპატრიარქო ასევე გათავისუფლებულია გადასახადებისგან, მაგალითად, ის  არ იხდის მიწის გადასახადს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონებისა და დაფინანსების მასშტაბი იზრდება წინაასარჩევნო პერიოდებში, რაც ხელისუფლების მხრიდან გავლენიანი ინსტიტუტის მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის სურვილით შეიძლება აიხსნას.

გასათვალისწინებელია, როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი რომელიც პრივილეგიებს ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სხვა რელიგიურ გაერთიანებებს არ აძლევს სახელმწიფო ქონების შეძენის შესაძლებლობას[1].

დღეისათვის რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების დიდი ნაწილი საკუთარ რელიგიურ ქონებას არ ფლობს საკუთრების უფლებით. ისინი ვერც საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნებას ახერხებენ. ამჟამად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ისტორიული ქონების საკუთრების უფლებით დაბრუნება, მათ, სწორედ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში არსებული დისკრიმინაციული ნორმების საფუძველზე ეზღუდება. მართლმადიდებელი ეკლესიის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.

რელიგიური გაერთიანებების უთანასწორობას ხელს უწყობს სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა ახალი საკულტო ნაგებობების მშენებლობის კუთხითაც. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ქმნიან უმრავ ხელოვნურ დაბრკოლებას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას უზღუდავს. მაგალითად, მუსლიმებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, ბათუმში ააშენონ მეჩეთი საკუთარი სახსრებით შეძენილ მიწაზე. 

 

 

[1] 2019 წლის 12 აგვისტოს ცხრა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელეები ითხოვენ “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის იმ დისკრიმინაციული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლებიც რელიგიურ გაერთიანებებს, გარდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, უზღუდავს სახელმწიფო ქონების შეძენასა და გაცვლას. მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა იცავენ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1410