ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მარ/2131

ეთნიკური უმცირესობები და რასობრივი დისკრიმინაცია - სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 ანგარიში

30 მარტს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ვრცელ დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება ეთმობა რასობრივი დისკრიმინაციის და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების საკითხებს.

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ქსენოფობია[1]

ანგარიშში აღნიშნულია, რომ როდესაც სახელმწიფომ COVID 19-ის პანდემიის დროს მარნეულში კარანტინი გამოაცხადა, ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ დისკრიმინაციას ახალისებდა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნებისა და ეთნოსის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ 12 განცხადება განიხილა.

ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხი

საანაგარიშო პერიოდში მედიაში სიძულვილის ენის უამრავი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა სამიზნე უმცირესობათა ჯგუფები იყვნენ. ანგარიშში ყურადღება ეთმობა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღმართვის კონტექსტში ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ ქსენოფობიის გამოვლენის შემთხვევებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი გააკრიტიკა ბოლშევიკი მწერლის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღდგენის გამო და დაემუქრა ძეგლის ჩამოგდებით. ეპისკოპოსის განცხადებებს მალევე მოჰყვა ,,ქართული მარშისა” და სხვა ქსენოფობიური რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერა და აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში. მიუხედავად იმისა, რომ ეპისკოპოსის განცხადებით, მისი კრიტიკა ნარიმანოვის პიროვნებით იყო გამოწვეული და არა ეთნიკური კუთვნილებით, ადგილობრივმა ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა მისი განცხადებები ქსენოფობიად შეაფასეს. 2020 წლის 30 მაისს ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, გამოძიების მიზანი საზოგადოებისთვის გასაგები და ნათელი არ ყოფილა.

2020 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა, პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ქართულ მარშთან დაკავშირებულმა სხვა ლიდერებმა, როცა ეს თემა უკვე აღარ იდგა დღის წესრიგში, მარნეულში ძეგლის გაუქმების მოთხოვნით გამართეს აქცია. აქციას სპონტანური კონტრაქცია მოჰყვა ადგილობრივი ახალგაზრდა აზერბაიჯანელების მხრიდან. ადგილზე უსაფრთხოებას პოლიცია უზრუნველყოფდა.

რასობრივი დისკრიმინაცია

სახალხო დამცველმა ასევე განიხილა სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციის საქმეები. გარკვეულ შემთხვევებში პოლიციის თანამშრომლები სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების დროს სავარაუდოდ მიუთითებდნენ ადამიანის კანის ფერზე. რამდენიმე განცხადება შეეხებოდა ციხეებში ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობას. სავარაუდოდ, ციხეში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციის მხრიდან ეთნიკური სომეხი მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

ანგარიშში მითითებულია 2019 წელს საბანკო მომსახურების სფეროში სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებიც. სახალხო დამცველს რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ განცხადებით მიმართეს ირანის, ერაყის, სირიისა და ნიგერიის მოქალაქეებმა, თუმცა სასამართლომ მათ შემთხვევაში დისკრიმინაცია არ დაადგინა. ასევე, სახალხო დამცველის განცხადებით, სახელმწიფოს არ მიუღია სათანადო ზომები, რომ კომერციული ბანკების მომსახურების სფეროში რასობრივი ნიშნით დისკრიმინაცია აღეკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დისკრიმინაციის მსხვერპლები ნაკლებად საუბრობენ მსგავსს შემთხვევებზე საჯაროდ, რადგან არ აქვთ შესაბამისი ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ[2].

სახელმწიფო ენის ცოდნა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია

პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და კულტურული ბარიერების გარდა, ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნაა. ანგარიშში აღნიშნულია რომ ამ პრობლემის გამო, დაბალია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობა და მათი წარმომადგენლობა ცენტრალურ ხელისუფლებაში.

ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია აფხაზეთის დე ფაქტო ე.წ. ხელისუფლების მიერ

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო აფხაზეთის პოლიტიკა საფრთხეს უქმნის გალში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის, ქართველების, სომხების, ბერძნების, ბოშების,  სამართლებრივ მდგომარეობას. დაიხურა სოფლის სკოლები, და ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. დე ფაქტო ხელისუფლებამ დაითხოვა ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები რუსულის არასათანადო ცოდნის გამო. დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე აკრძალა ქართულ ენაზე სწავლება ცხინვალსა და ოჩამჩირეში. ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიური ენის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ სწავლის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზნით, დე ფაქტო ხელისუფლებამ საზღვრის გადაკვეთაც აკრძალა. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა ასაკის ეთნიკური ქართველისთვის სავალდებულოა განათლების მიღება რუსულ ენაზე.

ანგარიშში ასევე საუბარია, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის განგრძობით შემთხვევებზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის აქტივისტი თამარ მეარაყიშვილის საქმეზე[3]. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ირღვევა თამარ მეარაყიშვილის გამოხატვის და პირადი ცხოვრების უფლებები და გადაადგილების თავისუფლების ხელშეუხებლობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანია, აიძულონ, სამუდამოდ დატოვოს რეგიონი.

 

 

 

[1] თემატურ ქვეთავებად დაყოფილია TDI-ს მიერ

[2] TDI-ს შენიშვნა:  რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის პრაქტიკა არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, არამედ კერძო, მათ შორის, საბანკო მომსახურების სფეროშიც ვლინდება. 2016 წლის აპრილში, სს „საქართველოს ბანკი“ საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს საბანკო და სამგზავრო ბარათებით სარგებლობის უფლებას უზღუდავდა. საბანკო მომსახურების სფეროში სავარაუდო რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებზე განცხადებით სახალხო დამცველს TDI-მაც მიმართა. ნიგერიის მოქალაქე სტუდენტის თქმით, სს „საქართველოს ბანკი“ საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს საბანკო და სამგზავრო ბარათებით სარგებლობის უფლებას უზღუდავდა. ამის გამო, ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავდნენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებოდათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებოდათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

2018 წლის 11 აპრილის ზოგადი წინადადების თანახმად, სახალხო დამცველის შეფასებით, კომერციულმა ბანკებმა ზედაპირულად გამოიყენეს კლიენტის შემოწმების ლეგიტიმური პროცედურები, რამაც კეთილსინდისიერი მომხმარებლების უფლებების შესაძლო დარღვევა გამოიწვია. იხ. TDI-ის ანგარიში)

[3] 2017 წლის 16 აგვისტოს  ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს ადგილობრივი მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით. სახალხო დამცველმა მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდა საქართველოს მთავრობას მიეღო ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად.