ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/2105

რა იცვლება საქართველოს კანონში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”

2021 წლის 12 მაისიდან საქართველოს კანონში “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” ცვლილებები შედის. ახალი რეგულაციებით უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება. 

2021 წლის 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში შევიდა საქართველოს კანონის პროექტი “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტს სამივე მოსმენით ეყარა კენჭი და ორი თვის ვადაში, მალევე დამტკიცდა. ქვემოთ მიმოხილულია კანონის ძირითადი ცვლილებები. 

  • კანონში დაკონკრეტდა ოჯახის წევრის განმარტება. მოქმედი კანონით ცნება  “ოჯახის წევრი” ანუ უცხოელის ოჯახის წევრი, მოიცავს მათ შორის, სრულწლოვან შვილს. ამ ნაწილში ცნება დავიწროვდა და  ოჯახის წევრად ჩაითვლება არასრულწლოვანი შვილი. ამგვარად სრულწლოვანი შვილები გამოირიცხება განმარტებიდან. ეს გულისხმობს იმას, რომ მაგალითად, ბინადრობის ნებართვის მფლობელი უცხოელის სრულწლოვანი შვილები ვეღარ მიიღებენ ბინადრობის ნებართვას ოჯახის გაერთიანების მიზნით.
  • ცვლილებებით ვიწროვდება “D5 კატეგორიის” ვიზის გაცემის სუბიექტთა წრე. აღნიშნული ვიზა არის საიმიგრაციო ვიზა, რომელიც გაიცემა უცხოელის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრებაში უძრავი ქონების ფლობის საფუძველზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. ამ ტიპის ვიზა გაიცემოდა უძრავი ქონების მფლობელი უცხოელის ოჯახის წევრებზეც. თუმცა ცვლილების შედეგად ასეთი ტიპის ვიზას უცხოელის არა  ნებისმიერი ოჯახის წევრი, არამედ მხოლოდ შვილი და მეუღლე მიიღებს. კერძოდ, “D5” კატეგორიის ვიზიას ვეღარ მიიღებენ უძრავი ქონების საფუძველზე ბინადრობის მფლობელი უცხოელის მშობლები.  
  • ბინადრობის გაცემის ზოგადი პირობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამკაცრდა პირობები და შეიზღუდა მათი გაცემა. კერძოდ:
  • თავშესაფრის მაძიებელი პირი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისთვის აღარ ჩაითვლება საქართველოში კანონიერად მყოფ პირად. თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მქონე პირები ვეღარ წარადგენენ განაცხადს ბინადრობის ნებართვაზე მათი საიდენტიფიკაციო მოწმობების საფუძველზე. შესაბამისად, ვიდრე მათი განაცხადი თავშესაფრის შესახებ განხილვაში იქნება, მათ შეეზღუდებათ შესაძლებლობა განაცხადი შეიტანონ ბინადრობის ნებართვაზე. 
  • უცხოელი, რომელიც საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე იმყოფება საქართველოში, ანუ რომელსაც ამოეწურა კანონიერად ყოფნის ვადა მაგრამ აქვს გახანგრძლივებული, ასეთ ვითარებაში იგი ვეღარ წარადგენს ბინადრობის ნებართვაზე განაცხადს.
  • ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა “C კატეგორიის” ვიზის საფუძველზე საქართველოში შემოსულ პირებზე. კერძოდ, “C კატეგორიის” ორდინალური ვიზა გაიცემა ზოგადი საფუძვლებით, როგორიცაა ტურიზმი, ნათესავებისა და მეგობრების მონახულება, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების მიზნებით.  გამონაკლისია მხოლოდ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ტრეფიკინგით დაზარალებულებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების შემთხვევები. ამდენად, უცხოელი, რომელიც, მაგალითად, ტურისტული ვიზით შემოვა საქართველოში, იგი ვერ შეძლებს ბინადრობის ნებართვის შესახებ განაცხადის წარდგენას. 
  • ბინადრობის ნებართვა აღარ გაიცემა უცხოელებზე იმ კონკრეტული ქვეყნებიდან, რომლებთან მიმართებაშიც საქართველოს მთავრობის დადგენილების (2015 წლის 5 ივნისის დადგენილება N256) საფუძველზე ამ ქვეყნების ვიზების მქონე და/ან ბინადრობის ნებართვის მფლობელ უცხოელებს საქართველოში შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, 90 კალენდარული დღის ვადით.
  • თუკი მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება უცხოელს შეეძლო 6 წლის განმავლობაში საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველზე, ამის შესაძლებლობა უცხოელს ექნება უკვე 10 წლის განმავლობაში საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ცხოვრების შემთხვევაში. უცხოელზე დაქორწინებული საქართველოს მოქალაქის შვილზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის შემთხვევაზე, ასევე, ვიწროვდება “შვილის” ცნება და მხოლოდ არასრულწლოვან შვილზე იქნება შესაძლებელი მისი გაცემა. 
  • მკაცრდება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის, ანუ საქართველოში უძრავი ქონების საკუთრებაში ფლობის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღების პირობა (100 000 აშშ დოლარის საბაზრო ფასის ქონება). თუკი მოქმედი რედაქციით ამ ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღება შეეძლოთ უცხო ქვეყნის მოქალაქის  ოჯახის წევრებს (მეუღლეს, შვილს, მშობელს), ცვლილებით მხოლოდ მეუღლესა და შვილებზე იქნება შესაძლებელი მისი გაცემა. ანუ მშობლები აქაც გამოირიცხა. 

ცვლილებები ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადებსაც ეხება. კერძოდ: 

  • შრომითი, სასწავლო და ოჯახის გაერთანების მიზნით ბინადრობის ნებართვები, ასევე, ტრეფიკინგის მსხვერპლის სპეციალური ბინადრობა, თუკი ეს განაცხადის პირველი შემთხვევაა, გაიცემა მხოლოდ 6 თვით ან 1 წლით. ამ ტიპის ბინადრობის ნებართვების პირველადად გაცემის შემთხვევებზე აქამდე არ იყო სპეციალური ვადა დაწესებული. ეს წესი მხოლოდ ზოგადად გულისხმობდა, რომ ამ ტიპის ბინადრობის ნებართვები გაიცემოდა არაუმეტეს 6 წლით. შესაბამისად, პირველადად ეს შეიძლებოდა ერთი წლით ან მეტი ვადითაც ყოფილიყო გაცემული. თუმცა, გამონაკლისის სახით, კანონში ჩაიწერა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ ტიპის დროებითი ბინადრობის ნებართვების გაცემა პირველადად შესაძლებელი იქნება 5 წლის ვადითაც. 
  • ახალი რეგულაციით საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვა პირველადად გაიცემა 6 წლით. ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა, რომელსაც სტატუსი საქართველოში დაუდგინდა, პირველადად გაიცემა 3 წლით. მანამდე მოქმედი რედაქციით პირველადად გაცემის ვადა არ იყო მოწესრიგებული და ამ ტიპის ბინადრობის ნებართვებზე ის გაიცემოდა ზოგადად,  არაუმეტეს 6 წლით.  
  • მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, ანუ უძრავი ქონების საკუთრებაში ფლობის საფუძველით (100 000 აშშ დოლარის ქონება) უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლით და მისი მოქმედების ვადა თითოეულ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 1 წლით. ამ ტიპის ბინადრობის ნებართვის გაგრძელებასთან დაკავშირებული ეს წესი არ იყო მოწესრიგებული კანონით. 
  • დროებითი ბინადრობის ნებართვების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 წლამდე. ეს ვადა მოქმედი რეგულაციით 6 წელს შეადგენს. შესაბამისად, იზრდება 12 წლამდე. შესაბამისად, თუკი 6 წლის გასვლის შემდეგ უცხოელს უწევდა აუცილებლად მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება, რადგანაც 6-წლიანი ვადის გასვლის გამო აღარ ჰქონდა საფუძველი კვლავ დროებითი ბინადრობის ნებართვა გაეგრძელებინა, ამ შემთხვევაში უკვე 12 წლამდე შეეძლება მას ფლობდეს დროებით ბინადრობის ნებართვას.  
  • ბინადრობის ნებართვების შესახებ განაცხადების განმხილველ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლება ექნება, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და სათანადო პირების გამოკითხვით. სააგენტოსთვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილება სავარაუდოდ ფიქციური შემთხვევების გამოვლენის მიზნით კონტროლს ითვალისწინებს.
  • მკაცრდება ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის ის საფუძველი, რომელიც ეხება მსჯავრდებულ უცხოელს ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი  სისხლის სამართლის დანაშაულისთვის. ამ დრომდე მოქმედი რეგულაციით გამონაკლისი მხოლოდ მძიმე დანაშაულებს ეხებოდა. ახალი რეგულაციით ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდება ასევე იქნება უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი.  ამასთან, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. 
  • უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება საქართველოდან გაძევების შესახებ ასევე ბინადრობაზე უარის თქმის ახალი საფუძველი ხდება. ხოლო თუ უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ, უცხოელს საქართველოდან გასვლის ვალდებულება არ გადაუვადდება. აღნიშნული წესი ასევე ახალია და ის არ არსებობდა მანამდე კანონში.  

საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებასთან დაკავშირებით ასევე გამკაცრდა რეგულაციები:

  • მოქმედი რეგულაციით თუ საქართველოს საერთო სასამართლოში მიმდინარეობს წარმოება განმცხადებლის მონაწილეობით და საქართველოში მის ყოფნას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ინტერესების დასაცავად, უცხოელს შეიძლება გადაუვადდეს საქართველოდან გასვლა. ცვლილებით განისაზღვრა, რომ ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა უცხოელმა განცხადება სერვისების სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე მაინც. სააგენტოსთვის მიმართვის ვადის ნაწილში აქამდე მსგავსი წესი არ არსებობდა. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც სააგნტოში იხილება ბინადრობის ნებართვაზე უცხოელის განაცხადი, ასეთ შემთხვევაში, სააგენტო თავისი ინიციატივით გადაუვადებს საქართვლელოდან გასვლას დაინტერესებულ პირს, ბინადრობაზე განაცხადის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების ვადით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევებში უშუალოდ დაინტერესებული პირი ვეღარ წარადგენს კანონიერად ყოფნის გადავადების შესახებ განაცხადს.  

საყურადღებოა, რომ ბინადრობის ნებართვის პროცედურები წლიდან წლამდე სულ უფრო მკაცრდება. უცხოელებისთვის აფრიკისა და აზიის რეგიონის ქვეყნებიდან ბინადრობის ნებართვის მიღება აქამდეც საკმაოდ პრობლემური იყო, მათთვის დაუსაბუთებელი უარებით, განაცხადის განხილვის გაუმჭვირვალე პროცედურებითა და ხშირ შემთხვევაში, ბლანკეტურად, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზებზე აპელირებით. მაგალითად, 2020 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვნად იყო შენარჩუნებული.  საერთო ჯამში არდაკმაყოფილებული 2,018 განაცხადიდან 1,907 (ანუ 94%) სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების მიზეზებს ემყარებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით ბინადრობის ნებართვებზე უარი წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარ ბერკეტად გამოიყენებოდა, რათა მიგრანტთა ნაკადის შემოდინება “არასასურველი” ქვეყნებიდან ხელოვნურად შეკავებულიყო. ეს დისკრიმინაციული პოლიტიკის არსებობაზე მიანიშნებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ეს მორიგი ტალღა უმთავრესად სწორედ ამ რეგიონის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო მეტი დაბრკოლების შექმნას ისახავს მიზნად.