ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/2106

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ხელშეწყობა სკოლებში - TDI-ს სამწლიანი პროექტის შედეგები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) სამწლიანი პროექტი “საჯარო სკოლებში რელიგიური ტოლერანტობისა და კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობა” დაასრულა, რომელიც 2018 წლის სექტემბრიდან საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროექტი მიზნად ისახავდა საჯარო სკოლებში კულტურული მთავალფეროვნების, ტოლერანტობის და თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შინაარსის გაუმჯობესებას. 

სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა საქართველოს განათლების სამინისტროსთან, საჯარო სკოლების მასწავლებლებთან, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებსა და გამომცემლებთან, მომზადდა არაერთი საგანმანათლებლო რესურსი. პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა მდგრადი და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. 

სახელმძღვანელოების რევიზია და მუშაობა ავტორებთან 

პროექტის მიმდინარეობისას TDI-მ შეისწავლა და შეაფასა მე-7, მე-8 და მე-9 კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების და გეოგრაფიის 60-მდე სახელმძღვანელო. შემოწმების მიზანი იყო სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასება თანასწორობისა და კულტურული მრავალფეროვნების ასახვის კუთხით. შედეგად, მომზადდა რეკომენდაციები და გზამკვლევი, რომლებიც დაეხმარა წიგნების ავტორებსა და გამომცემლებს ახალი სახელმძღვანელოები მეტად დაეახლოებინათ ადამიანის უფლებებისა და ტოლერანტობის პრინციპებთან, თავიდან აერიდებინათ დისკრიმინაციული და სტერეოტიპული ენა, სახელმძღვანელოებში კულტურული მრავალფეროვნება მეტად წარმოეჩინათ. პროექტის განმავლობაში, TDI-მ ათამდე სამუშაო შეხვედრა გამართა სახელმძღვანელოების ავტორებთან და გამომცემლობებთან. 

ტრენინგები მასწავლებლებისთვის 

2021 წელს, პროექტის დასკვნით ეტაპზე, ჩატარდა ტრენინგები მასწავლებლებისთვის და საგნობრივი ექსპერტებისთვის. TDI-ის მიერ ორგანიზებულ 78 შეხვედრაში მონაწილეობდა 110 მასწავლებელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 28 მოქალაქეობისა და ლიდერობის და 24 ისტორიის საგნობრივი ექსპერტი. 

ტრენინგებისთვის შეიქმნა სპეციალური მოდული, რომელიც ეფუძნებოდა TDI-ის მიერ მომზადებულ რესურსს “ტოლერანტობის გაკვეთილები” და მოიცავდა შემდეგ სასწავლო თემებს: რელიგიური ნეიტრალობა საჯარო სკოლებში; ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანი კლასი; ქართული ტოლერანტობის ტრადიცია - როდესაც საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურასა და აწმყოზე ვსაუბრობ; ჰოლოკოსტის შესახებ სწავლება და გააზრების მნიშვნელობა; რელიგიური და ეთნიკური დღესასწაულები; ექსკურსიების დაგეგმვა. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. 

საგანმანათლებლო რესურსები 

პროექტის ფარგლებში მომზადდა არაერთი საგანმნათლებლო და დამხმარე რესურსი:

  • წიგნი “რელიგიის ოქროს წესი” განკუთვნილია როგორც მასწავლებლებისთვის და მკვლევრებისთვის, ისე სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის. წიგნში რელიგიები შემწყნარებლობის, ადამიანისადმი თანაგრძნობისა და ძალადობისადმი დამოკიდებულების შუქზეა წარმოდგენილი.

  • სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებისთვის შედგენილი გზამკვლევი ავტორებს დაეხმარა, რომ ახალ სახელმძღვანელოებში მეტად ასახულიყო საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება, შინაარსი არ ყოფილიყო დისკრიმინაციული, სტერეოტიპული განწყობების, სიძულვილის ენის შემცველი და სხვ. 

  • “ტოლერანტობის გაკვეთილები” წარმოაჩენს საქართველოს საჯარო სკოლებში რელიგიის თავისუფლებასა და ეთნიკურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებს სთავაზობს.  

  • მედიაში ხშირად გამოყენებული ტერმინების ლექსიკონი  მედიას რელიგიური, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების საკითხების გაშუქებისთვის აუცილებელ და მნიშვნელოვან ტერმინებს აცნობს და  განმარტავს.

ასევე შეიქმნა გრაფიკული და ვიდეო რესურსები:

მუშაობა მედიასთან 

გაგრძელდა მედიასთან აქტიური სამუშაო შეხვედრები რელიგიური, ეთნიკური, კულტურული მრავალფეროვნების გაშუქების საკითხებზე, ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მედიის როლზე. 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა და სხვა საჯარო ღონისძიებები

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით 16 ნოემბერს TDI ყოველწლიურად აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიურად ეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისიება, რომელიც წარმოაჩენს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების მნიშვნელობას და ამ კუთხით, საქართველოს და მსოფლიოს გამოცდილებას: 

2020 წლის 24 იანვარს განათლების საერთაშორისო დღე აღინიშნა კონფერენციით “ტოლერანტობა და მრავალფეროვნება საქართველოს სკოლებში”. ღონისძიებას მასწავლებლები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო, ეთნიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

2021 წლის 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, TDI-მ მოამზადა და გაავრცელა სხვადასხვა ცნობილი ავტორის, ფილოსოფოსის, ისტორიკოსის, მწერლის, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა ციტატები ჰოლოკოსტის შესახებ.