ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

21 აგვ, 2017

რაშიგანა ვარ, მორწმუნენო, რომ თავი ჩემი ვერ შემიცვნია!
არც ქრისტიანი ვარ, არც იუდეველი, არც მუსულმანი.
არც აღმოსავლელი ვარ, არც დასავლელი, არც ზღვიერი და არც მიწიერი.
მე არც მბრუნავი ცისა და არც ბუნებისა,
არც მტვრისაგან ვარ, არცა წყლისგან, არც ქარისგან, არც ცეცხლისაგან...
არცა ჰინდო ვარ, არც ჩინელი, არც ხორასნელი.
არც ამ ქვეყნისა ვარ და არცა იმა ქვეყნისა,
სამოთხის და ჯოჯოხეთის მკვიდრიც არ მქვია.
მე არც ადამის ტომთაგანი ვარ და არც ედემის მცხოვრებთაგანი,
ჩემი სამყოფლო უმყოფლობაა, ჩემი კვალი - უნიშანწყლობა.
მე არც სული და არც სხეული არ გამაჩნია, 
რადგან მიჯნურის ნატამალი ვარ, 
მე განვიშორე ორჭოფობა და ერთს ვუმზერ ორსავ სოფელში,
იმ ერთს დავეძებ, ერთს ვცნობ, ერთს ვუხმობ, ერთს ვემონები.
იგია პირველყოფილი და უკანასკნელი,
იგია ცხადი და დაფარული:
და ამ სოფელში ჩვენ ორს გარდა, სხვა არავის ვცნობ.
მე სიყვარულმა დამათრო და ცნობისაგან მიხდილი მაქვს ორივ ქვეყანა,
და მე ვარ რინდი და მებრუვე - სხვა სამანი არ მაბადია. 
თუ ჩემი ერთი ამოსუნთქვაც უშენოდ ქმნილა -
დამნანებია მე სიცოცხლე იმავ წამითვე.
და შენთან ერთად რომ მაყოფა მე ერთი წუთი -
ორსავ ქვეყანას გავქელავდი აროკებული.

თარგმანი: თამაზ ჩხენკელი

 

 

ჯალალ ად-დინ მუჰამმად რუმი (جلال‌الدین محمد رومی) მე-13 ს-ის სპარსი მუსლიმი თეოლოგი და პოეტი.