ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

რა არის რასა და რასიზმი?

ავტორი: ეკატერინე ჭითანავა

21 მარტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. "ახალგაზრდები რასიზმის წინააღმდეგ" 2021 წლის სლოგანია. ამ დღეს ადამიანები იხსენებენ რასიზმის მძიმე შედეგებს და ხაზს უსვამენ მასთან ბრძოლის საჭიროებას.

რა არის რასა და რასიზმი?

რასიზმს ხანგრძლივი ისტორია აქვს და უამრავი მსხვერპლი მოუტანა კაცობრიობას – შავკანიანი მონებით ვაჭრობა, კანის ფერის გამო ლინჩის წესით გასამართლება, დევნა და განადგურება. ნაცისტებმა "რასობრივი სიწმინდის" იდეოლოგია ადამიანთა იძულებითი სტრელიზაციისა და ჰოლოკოსტის გასამართლებლად  გამოიყენეს.

თვითონ "რასა", როგორც კატეგორია, ფსევდომეცნიერებმა შექმნეს ბიოლოგიური სახეობებისა და ევოლუციის შესწავლისას და ამ ტერმინს მე–17 საუკუნიდან სულ უფრო ხშირად იყენებდნენ. ასე აღინიშნებოდა  ადამიანთა  ჯგუფები, რომელთაც შთამომავლობით გადაცემული საერთო ბიოლოგიური  თუ ანთროპოლოგიური  ნიშნები აქვთ. ადამიანებს ფიზიკური ნიშან–თვისებების, თავის ქალის ფორმის, აღნაგობის, კანის ფერისა და სხვა მონაცემების მიხედვით აჯგუფებდნენ ბიოლოგები, ექიმები, ანთროპოლოგები თუ ფილოსოფოსები.

რასობრივი თეორიის მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ თეთრი, არიული რასა სხვებზე უპირატესი და  განვითარებულია. რასობრივი კლასიფიკაცია წლების განმავლობაში ძალაუფლების იარაღად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 

დღეს ადამიანთა კატეგორიზებას რასების მიხედვით მეცნიერები უარყოფენ, "რასა" კი  სოციალურ–პოლიტიკური კონსტრუქტია. შესაბამისად, აღარ ითვლება ეთიკურად და აკადემიურად რასობრივი ტიპოლოგიების გამოყენება ადამიანთა ფენოტიპური,ფიზიოლოგიური თუ ინტელექტუალური მახასიათებლების აღწერისას. კანის ფერით ან წარმოშობით არ შეიძლება განისაზღვრებოდეს კონკრეტული ადამიანის ინტელექტი, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობები.

სამეცნიერო რასიზმს ხანგრძლივი ისტორია აქვს. მაგალითად, მე-18 საუკუნეში შვედმა ნატურალისტმა კარლ ლინემ "ბუნების სისტემის" (Systema Naturae) მე-10 გამოცემა გამოაქვეყნა. ეს ლინეს ფუნდამენტური ნაშრომია ბუნების  კლასიფიკაციის შესახებ. ის ადამიანებს ცხოველთა სამყაროს მიაკუთვნებდა. იგი განსაზღვრავდა ადამიანთა ოთხ ძირითად რასას და ორ დამატებით ტიპს - მონსტრებსა და ველურ ადამიანებს.  ასევე ახასიათებდა ოთხივე რასის ქცევით თავისებურებებს. ლინეს გავლენა კვლავ იგრძნობა რასობრივ კატეგორიებზე მსჯელობისას. შემდგომში გერმანელი ფიზიოლოგი იოჰან ბლუმენბახი, თავის ქალის ზომებისა და კანის ფერის გამოყენებით, მსოფლიოს მოსახლეობას ხუთ "ძირითად სახეობად" ყოფდა: "კავკასიური", "მონღოლოიდური", "მალაური", "ეთიოპიური" და "ამერიკული". ბლუმენბახს ეგონა, რომ თავის ქალის "ორიგინალი" ფორმა იყო "კავკასიური", რადგან კასპიის ზღვის მახლობლად უძველესი ადამიანებისთვის იდეალური კლიმატური პირობები უნდა ყოფილიყო. მას შეცდომით სჯეროდა, რომ დანარჩენი ფორმები იყო ორიგინალის (კავკასიური ან ევროპული რასის) დამახინჯებული ან ტრანსფორმირებული ვერსია. თუმცა, დღეს არსებული სამეცნიერო მონაცემებით მტკიცდება, რომ უძველესი ადამიანის სახეობის წარმოშობის ადგილი სუბ–საჰარაა.

მე-19 საუკუნეში ამერიკელი ფიზიოლოგი სემუელ მორტონი ინტელექტს თავის ქალების მოცულობის გაზომვით აფასებდა. მან შეგროვებული თავის ქალები მდოგვის მარცვლებით და ტყვიის საფანტით აავსო და შემდეგ ისინი კატეგორიებად დაყო: მისი მტკიცებით, „კავკასიურ“ თავის ქალას ყველაზე დიდი  გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა, რომელსაც მოსდევდა "მონღოლოიდური", "მალაური", "ამერიკული" და "ეთიოპური" თავის ქალები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მორტონი შედეგებით მანიპულირებდა. თანამედროვე მეცნიერება ადასტურებს, რომ კავშირი თავის ქალის ზომასა და ინტელექტს შორის არ არსებობს.

მეოცე საუკუნეში გავლენიანმა ამერიკელმა ანთროპოლოგმა კარლტონ კუნმა (Carlton Coon) გამოყო ჰომო საპიენსის ხუთი ჯგუფი: კავკასიელი, მონღოლოიდი (ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა და აღმოსავლეთ აზიელები), ავსტრალოიდი (ავსტრალიის მკვიდრი მოსახლეობა) და ორი ტიპის ნეგროიდი – კაპოიდი და კონგოიდი (სამხრეთ აფრიკა და კონგო). თანამედროვე მეცნიერება ამ კლასიფიკაციასაც უარყოფს.

ეს ტიპოლოგიები გრეგორ მენდელისა და ჩარლზ დარვინის კვლევებამდეა შექმნილი. ამიტომ, ისინი ბუნებრივი სელექციის თანამედროვე პრინციპებს არ შეესაბამება. მენდელის პრინციპის მიხედვით კი არ არსებობს მახასიათებლების "შეკვრა", რომელიც განსხვავებულ რასებს ახასიათებთ. ასევე, მაგალითად, ქერა თმა და ცისფერი თვალები ყოველთვის ერთ კომბინაციაში არ გვხვდება, ისევე როგორც კონკრეტული კანის ფერი და თმის ფერი არ არის ერთმანეთზე მიბმული. ეს მახასიათებლები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.

2018 წლის მარტში ჟურნალმა National Geographic მთელი ნომერი მიუძღვნა რასების თემას: როგორ ყოფს, განსაზღვრავს და აერთიანებს რასა ადამიანებს. ავტორი ელიზაბეტ კოლბერტი ვრცლად ჰყვება რასების იდეის წარმოშობისა და ინტერპრეტაციების შესახებ.

ჩვენი სახეობა, ჰომო საპიენსი, აფრიკაში გაჩნდა. ადამიანის ნამარხი მაროკოში, რომელიც ერთ-ერთი ბოლო აღმოჩენაა, გვაფიქრებინებს, რომ ანატომიურად თანამედროვე ადამიანი 300,000 წლის წინ გაჩნდა. მომდევნო 200,000 წელი ჩვენ აფრიკაში დავრჩით, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ჯგუფებმა მიგრაცია დაიწყეს კონტინენტის სხვადასხვა ნაწილში, ერთმანეთს დაცილდნენ და ახალი პოპულაციები შექმნეს.

ადამიანებში, როგორც ყველა სახეობაში, გენეტიკური ცვლილებები შემთხვევითი მუტაციის - დნმ-ში მცირე ცვლილებების შედეგია. მუტაცია მეტ-ნაკლებად თანაბარი ინტენსივობით ხდება და რაც უფრო დიდხანს არსებობს ჯგუფი და თავის გენებს თაობიდან თაობას გადასცემს, მით უფრო მეტად იცვლება მისი გენები. ამავე დროს, რაც უფრო დიდხანს არის ორი ჯგუფი ერთმანეთისგან იზოლირებული, მით უფრო განსხვავებულია ცვლილებები მათ გენებში.

თანამედროვე ადამიანები აფრიკაში ყველაზე დიდხანს ცხოვრობდნენ. მათ საკმარისი დრო ჰქონდათ უზარმაზარი გენეტიკური მრავალფეროვნების ჩამოსაყალიბებლად, რაც კანის ფერსაც ეხება. მკვლევრები, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ, ზოგჯერ მეგზურად აფრიკის ლინგვისტურ მრავალფეროვნებას იყენებენ - აქ 2,000-ზე მეტი ენაა.

კანის ფერების გამა აფრიკის კონტინენტზე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე სხვაგან. აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მოსახლეობა და აფრიკელი ამერიკელები გენეტიკური თვალსაზრისით უფრო მრავალფეროვანი არიან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხალხი დედამიწაზე.

დნმ-ს ხშირად ტექსტს ადარებენ, რომლის ასოებიც ქიმიურ ფუძეებს აღნიშნავს: "ა" - ადენინს, "გ" - გუანინს, "ც" - ციტოზინს და "თ" - თიმინს. ადამიანური გენომი სამი მილიარდი დაწყვილებული ფუძისგან შედგება - ერთი მეორის მიყოლებით "ა", "გ", "ც" და "თ" წყვილებისგან - რომლებიც დაახლოებით 20,000 გენად იყოფა. ცვლილება, რაც გამოიხატება აღმოსავლეთ აზიელების უფრო სქელი თმით, ერთ გენში ერთი ფუძის - "თ"-ს (თიმინის) "ც"-თი (ციტოზონი) შეცვლის შედეგია.

ანალოგიურად, მუტაცია, რომელმაც განაპირობა ევროპელების უფრო ღია ფერის კანი, ერთი ცვლილებაა ერთ გენში, რომელსაც SLC24A5 უწოდებენ და რომელიც 20,000 ფუძის წყვილისგან შედგება. იქ, სადაც სუბსაჰარელი აფრიკელების უმეტესობას "გ" (გუანინი) აქვს, ევროპელებს აქვთ "ა" (ადენინი).

უძველეს ადამიანთა ძვლებიდან აღებული დნმ-ის შესწავლისას პალეოგენეტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ დასავლეთ ევროპელებში "გ"-თი "ა"-ს ჩანაცვლება არცთუ დიდი ხანია, დაახლოებით, 8,000 წლის წინ მოხდა ახლო აღმოსავლეთიან მიგრირებული ადამიანების მიერ, რომლებმაც ევროპელებს ასევე ახალი ტექნოლოგია - მიწათმოქმედება გააცნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის მაშინდელი ბინადრები - მონადირე-შემგროვებლები, რომლებმაც კედლის ნახატები შექმნეს ლასკოს მღვიმეში, სავარაუდოდ, ყავისფერკანიანები იყვნენ და არა თეთრკანიანები. უძველესი დნმ გვაფიქრებინებს, რომ ბევრ მუქკანიან ევროპელს ცისფერი თვალები ჰქონდა, რაც დღეს იშვიათი კომბინაციაა. 

შესაბამისად, მეცნიერების უმრავლესობის მოსაზრებით, გენეტიკა გვიჩვენებს, რომ შერევა და ჩანაცვლება ხშირ–ხშირად ხდებოდა და ჩვენი წარსული წარმოდგენები რასობრივი სტრუქტურის შესახებ თითქმის ყოველთვის მცდარია. მართალია, საუკუნეების განმავლობაში იზოლაციამ განსხვავებები გააჩინა ხალხებს შორის, მაგრამ მიგრაციამ და შერევამ ეს განსხვავებები გააფერმკრთალა ან ზოგ შემთხვევაში წაშალა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური რასიზმი განვითარებულმა საზოგადოებამ დაგმო, სტრუქტურული რასიზმი არსად გამქრალა და სხვადასხვა ფორმით ისევ გვხვდება.

2020 წლის 25 მაისს აშშ-ში პოლიციელის მიერ შავკანიანი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ ამერიკასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ  რასიზმის გამო უამრავი შავკანიანი დღესაც უსამართლო, დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლია.

რასობრივი დისკრიმინაცია და რასიზმი დღეს

1965 წელს  შეიქმნა  გაეროს საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად. ამ კონვენციის მიხედვით, "რასობრივი დისკრიმინაცია" ნიშნავს ნებისმიერ გარჩევას,

განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე.

 რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI), აგრეთვე, ფართოდ განმარტა "რასობრივი დისკრიმინაცია", რომლის საფუძვლები მოიცავს  "რასას, კანის ფერს, ენას, რელიგიას, ეროვნებას ან ეროვნულ თუ ეთნიკურ წარმომავლობას". 

დღეს მთელ მსოფლიოში ძლიერდებიან რასისტული, ქსენოფობიური და ნეოფაშისტური ჯგუფები, რომლებიც თავს ესხმიან მიგრანტებს, ებრაელებსმუსლიმებს, სხვადასხვა რწმენისა და ეთნოსის ადამიანებს. მსგავსი მოძრაობები და დაჯგუფებები საქართველოშიც გვხვდება. მაგალითად, საქმის მასალებისა და მოწმეების ჩვენებით იკვეთება, რომ 2018 წელს 25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი სწორედ შეუწყნარებლობის საფუძველზე, მისი ებრაული წარმოშობის გამომოკლეს.

რასიზმი შეიძლება ვლინდებოდეს ინდივიდუალურად, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. ინსტიტუციური რასიზმის ამოცნობა ხშირად უფრო რთულია ხოლმე. მაგალითად, რასიზმია როდესაც კონკრეტული  ეროვნების, მოქალაქეობის ან წარმოშობის ადამიანებს უფრო ხშირად ეუბნებიან უარს ბინადრობის ნებართვის ან თავშესაფრის მიღებაზე, ვიდრე სხვებს.  კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები ზოგჯერ ბინას ვერ ქირაობენ განსხვავებული კანის ფერის თუ ეროვნების გამო; სკოლის სახელმძღვანელოებში მიჩქმალულია ქვეყნის ეთნიკურ–რელიგიური მრავალფეროვნება; არ ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ავტორებსა და მათ შემოქმედებას, მაშინ, როდესაც მათ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ან მიზანმიმართულად მალავენ ასეთი ადამიანების განსხვავებულ წარმომავლობას, ეთნოსს ან რელიგიას.  საქართველოში რასიზმის შემთხვევები ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში მომსახურების მიღებისას, პოლიციასთან ურთიერთობისას და ა.შ. (ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ TDI-ის ანგარიში)

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა – ბიოლოგიური რასიზმი გვხვდება ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში, მაგალითად, დავალებები და კითხვები მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურის დახასიათებაზე, ძველი კლასიფიკაციების გამოყენებასა და აღწერასთან დაკავშირებით. "ნეგროიდი", "მონღოლოიდი" და სხვა რასისტული კატეგორიები შეიძლება გეოგრაფიის სახელმძღვანელოში ამოიკითხოთ. აქ მნიშვნელოვანია, ითქვას, რომ რასების შესახებ თეორიებისა და ტერმინ "რასას" (ადამიანების კლასიფიკაციის მნიშვნელობით) ამოღება აუცილებელია არა პოლიტკორექტული მოსაზრებებით, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვე მეცნიერება განსხვავებული რასების არსებობას უარყოფს და თანხმდება, რომ რასები, როგორც უმეტესწილად ცალკეული და გეოგრაფიულად შემოსაზღვრული გენების ერთობლიობა, არ არსებობს.

P.S. რასიზმის, მისი წარმოშობისა და ფორმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ TDI-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო