ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

რელიგია და განათლება ქართულ სკოლებში

ავტორი: ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე 

„ფობია“ არის რაიმე საგნის, მოვლენის, ადამიანის, საქმიანობის პანიკური შიში. როგორც წესი, ფობიები მიმართულია უცნობ და უცხო მოვლენებისა თუ ფენომენის მიმართ. ამ ფონზე, როდესაც ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი საზოგადოება მძიმედაა დასნეულებული სხვადასხვა ტიპის ფობიით, ყველაზე საჭირო და აუცილებელი საშუალება არის განათლება, ცნობიერების ამაღლება, უცნობისა და უცხოს დაახლოება. 

რელიგიური შეუწყნარებლობა და მიუღებლობაც, ძირითადად, გაუცხოებისა და დაბალი ცნობიერებისაგან იღებს სათავეს. რაც არ იცი, არც ენდობი და საფრთხედაც მოიაზრებ. ამდენად, რელიგიური განათლება არის ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება.

რელიგიური განათლების საჭიროებისა და აუცილებლობის ინიციატივას, რომელიც დღევანდელ, 2018 წლის საქართველოში განათლების სამინისტროში, საპატრიარქოში, არასამთავრობო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებაში ასე აქტიურად განიხილება, სკეპტიკურად ვუყურებ.

საქმე ის არის, რომ ათ წელზე მეტია რელიგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის სწავლება სასწავლო გეგმიდან ამოღებულია იმ მიზეზის გამო, რომ ამ საგნის იმ ფორმით არსებობა ვერ უზრუნველყოფდა სკოლაში არადისკრიმინაციულ და ნეიტრალურ გარემოს, სადაც კანონის მიხედვით იკრძალება „სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება“ (კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, მე-13 მუხლი).   კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ უზრუნველყოფს სკოლა­ში ანტიდისკრიმინაციული გარემოსა და თანასწორობის პრინციპის დაცვას. დაუშვებელია სასწავლო პროცესის დროს რელიგიური მრწამსის ქადაგება. ნეიტრალურობის პრინციპის დაცვის მიზნით სკოლაში აკრძალულია რელიგიური სიმბოლოების განთავსება, თუ ისინი არ ემსახურება აკადემიურ მიზნებს.

ამ ყველაფერზე ფიქრისას, ნება მიბოძეთ გაგიზიაროთ ჩემი შვილის მიერ დაწერილი ერთ მოხსენებიდან ამონარიდი:

„...ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს მოხდა ისეთი რამ, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მაშინ 10-11 წლის ვიქნებოდი. ვიჯექი გაკვეთილზე, მასწავლებელი კი ჰყვებოდა ამბავს, როგორ გადაარჩინა მართლმადიდებლობამ ჩვენი ქვეყანა. უცებ მოწკურული თვალები მოავლო კლასს და იკითხა: „არის კლასში არამართლმადიდებელი მოსწავლე? თუ არის, ადგეს ფეხზე“. მე ვიჯექი, დავცქეროდი საკუთარ ხელებს, გული გამალებით მიცემდა, თავი ჩაქინდრული მქონდა და ვცდილობდი, არ შემეხედა თვალებში არც მასწავლებლისა და არც კლასელებისათვის. მეგონა, რომ თუკი მათ არ შევხედავდი, ისინი ვერ მიხვდებოდნენ, რომ მე ვიტყუებოდი. ეს იყო ყველაზე გრძელი და ყველაზე საშინელი წამები ჩემს ცხოვრებაში. პირველად ვიგრძენი, რომ ჩემს საუკეთესო მეგობრებს საიდუმლოს ვუმალავდი. გაკვეთილი ისე გაგრძელდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, თუმცა ჩემთვის იმ გაკვეთილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მე ვიცოდი, რომ ჩემი ოჯახი, პროტესტანტი ქრისტიანები, საქართველოსთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო; და ვიცოდი, რომ ბევრ ადამიანს ეს არ მოსწონდა. ამიტომ ვიცოდი, რომ თუკი ჩემი ან ჩემი ოჯახის შესახებ ვინმე ცუდს იტყოდა, მე ხმა უნდა ამომეღო, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დავდექი, სკამიდანაც კი ვერ წამოვდექი. მე ვკითხულობდი ამბებს ადამიანებზე, რომლებიც ძალადობას, უსამართლობას აპროტესტებდნენ, სწირავდნენ თავს იმისათვის, რისიც სჯეროდათ. და ისინი ჩემი გმირები იყვნენ. გაკრული მქონდა მათი პოსტერები კედლებზე... და უცებ აღმოვაჩინე, რომ მე ვუღალატე საკუთარ თავს და ვუღალატე ჰარი პოტერს, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა. ნუთუ ვერაფერი ვისწავლე მისგან? ჰარი პოტერმა გაილაშქრა ვოლდემორის წინააღმდეგ. მე კი რა გავაკეთე?.. შინ დაბრუნებულმა მშობლებს მოვუყევი იმ დღის ამბავი, მოვუყევი ჩემი საქციელის შესახებ, არადა, როგორ მინდოდა მეთქვა, რომ მე ისინი დავიცავი და მამაცურად ვიდექი... ახლა, როცა მეშინია ხოლმე, ვიხსენებ იმ დღეს და 10 წლის გოგოს გრძნობებს. და ეს მშველის...“

დღეს ეს გოგო 21 წლისაა და გაცვლითი პროგრამით უფსალის უნივერსიტეტში სწავლობს და როდესაც პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინა იმაზე, თუ რამ შეცვალა მისი ცხოვრება, აი, ეს ამბავი გაიხსენა. სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, ჩემი შვილი ამ ამბავზე საუბრობს, არ მისცა უფლება იმ შიშნარევ დღეს, ფობიად ჩამოყალიბებულიყო და მთელი ცხოვრება ჰქონოდა საკუთარი რელიგიური იდენტობის მალვის პრობლემა. სამაგიეროდ, ჩვენ, რელიგიური თემების ადამიანებს, გვინახავს უამრავი ატირებული ბავშვი, რომლებიც ჩუმად დაატარებენ სულიერ ჭრილობებსა და შიშებს. როდესაც საქმე მიდგება რელიგიურ იდენტობაზე, ისინი ჩუმდებიან და ვეღარ ენდობიან ვერც თავის მეგობრებს და ვეღარც საყვარელ მასწავლებლებს. და იმიტომ კი არა, რომ ეს ბავშვები მშიშრები არიან, იმიტომ კი არა, რომ რცხვენიათ თავიანთი რწმენისა, არამედ იმიტომ, რომ ყოველ ნაბიჯზე _ უმთავრესად კი სკოლაში _ აწყდებიან არატოლერანტულ გარემოსა და დისკრიმინაციას.

რელიგიური განათლების დღევანდელი ინიციატივისადმი ჩემს სკეპტიციზმს მხოლოდ ჩემი შვილის ამბავი არ განაპირობებს. სახალხო დამცველის ოფისთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელიც 2005 წლიდან არსებობს და დღეს უკვე ოცდაათამდე რელიგიურ თემს აერთიანებს, წლებია მუშაობს რეკომენდაციებზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის არის შემუშავებული. რეკომენდაციების პაკეტის პირველი ვერსია ჯერ კიდევ 2012 წელს შეიქმნა და წარედგინა ადრესატებს, მაგრამ მაშინ ხელისუფლება შეიცვალა _ ძველმა ვერ მოასწრო რეკომენდაციებზე რეაგირება, ახალს კი სხვა პრიორიტეტები ჰქონდა. რეკომენდაციების მეორე ვერსია უკვე 2017 წელს შემუშავდა და განათლების სამინისტროსთან არაერთი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ იმის შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ, რელიგიური გაერთიანებები, რელიგიური განათლების საკითხს ჩვენს საზოგადოებაში.

სამწუხაროდ, ამ შეხვედრებიდან ყველაზე კეთილგანწყობილი და ყველაზე იმედისმომცემი შეხვედრაც კი შეხვედრად დარჩა. სამაგიეროდ, საკმარისი შეიქნა პატრიარქის ერთი საკვირაო ქადაგება, რომ განათლების მინისტრი ორიოდ დღეში გამოსულიყო და დაეანონსებინა რელიგიის სწავლების სკოლებში დანერგვის ამბავი. აი, სწორედ ეს განწყობა და ის, რომ ამ ინიციატივაზე საუბრების მთავარი ვექტორი მიდის არა სკოლებისაკენ ან განათლების სამინისტროსაკენ, არამედ დომინანტი რელიგიური თემისკენ, მაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ინიციატივა ძალიან შორსაა „განათლების შესახებ“ კანონში არსებული ნეიტრალურობის, არადისკრიმინაციულობისა და მრავალფეროვნების წახალისების სტანდარტებისაგან.

განსხვავებით იმ ინიციატივისაგან, რომელზეც ჩვენ ახლა ვმსჯელობთ, რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციებში საუბარია არა სკოლებში რელიგიის საგნის შეტანაზე, არამედ დირექტორების, პედაგოგებისა და მომავალი პედაგოგების გადამზადებაზე, მათთვის მრავალფეროვნების მართვისა და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნის, ინტერკულტურული თუ ინტერკონფესიური სწავლების კომპეტენციებისა და უნარების გამომუშავებაზე, პროაქტიული ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებაზე, რაც ხელს შეუწყობს რელიგიების შესახებ იმ ცოდნის უნარებში გადმოტანას, რაც უკვე არის ინტეგრირებული სხვადასხვა დისციპლინაში; ხოლო, თუკი კონკრეტული სახელმძღვანელოს შემუშავებაზე მიდგება საქმე, ამასთან დაკავშირებითაც აქვს საბჭოს ნაფიქრი და ნამუშევარი:

  • ტოლერანტობის კულტურის განვითარების, კულტურული და რელიგიური დიალოგის ხელშესაწყობად სასურველია, მოსწავლეები გაეცნონ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა წვლილს ქართულ კულტურაში (მაგ., კათოლიკეების, პროტესტანტების, მუსლიმანების წვლილს საქართველოს ისტორიაში). როგორც გამოკვლევები ადასტურებს, ასეთი სწავლის მეთოდები ეფექტიანია ურთიერთშემწყნარებლობის კულტურის განვითარებისათვის.
  • არაკონფესიური რელიგიის სახელმძღვანელოზე მუშაობისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები, ქართველი ექსპე­რტების გამოცდილება და, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკა.
  • არაკონფესიური რელიგიის სწავლების მოდულისა და სახელმძღვანელოს მომზადე­ბაში უნდა ჩართულ იქნენ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ შერჩეული ექსპერტები.
  • საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლება უნდა მიმდინარეობდეს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროცედურული და მეთოდოლოგიური გაიდლაინის მიხედვით, განათლების სამინისტროს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არსებობის პირობებში.
  • არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სასურველია, რომ ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნე­ბის გაცნობა მოხდეს უკვე მომზადებული სახელმძღვანელოებით და, განსაკუთრებით, არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტებით (გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები).

იმ ფონზე, როდესაც დიდი მიღწევაა ის ფაქტი, რომ განათლების სამინისტროსთან არ გვიწევს იმისი მტკიცება და დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, რომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და ბულინგის ფაქტები გვხვდება სკოლებში, საეჭვოდ მიგვაჩნია შესაძლებელი გახდეს ძალიან სერიოზული ფინანსური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების მობილიზება იმგვარად, რომ მოხერხდეს არადისკრიმინაციული, ტოლერანტული და მრავალფეროვნების მიმართ მგრძნობიარე სახელმძღვანელოსა და სასწავლო პროცესის შექმნა.

და ბოლოს, კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია _ ინიციატივა რელიგიური განათლების შესახებ ახალმა განათლების მინისტრმა გააჟღერა ინტერვიუში, სადაც აქცენტი კეთდებოდა სკოლებში არსებული აგრესიისა და ძალადობის ფაქტების გახშირებაზე. მინისტრმა რელიგიური განათლება დაასახელა როგორც სამინისტროს სტრატეგია არსებული პრობლემის მოგვარების საქმეში. საფიქრალია, რამდენად შეძლებს ბულინგისა და დისკრიმინაციის უდიდესი რისკების მატარებელი ინიციატივა არსებული აგრესიული ფონის შეცვლას. ვშიშობ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რაც დაამძიმებს არსებულ ვითარებას.

თუ გვინდა, გვყავდეს თავისუფალი საზოგადოება, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდობა,  მთელი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის ფინანსური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები უნდა მივმართოთ იქით, რომ საბჭოური განათლების სისტემა, რომელიც საბჭოური რეჟიმისათვის შესაფერის საზოგადოებას ძერწავდა, შევცვალოთ ახალი სისტემით. ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად, ანალიტიკურად  მოაზროვნე, ინფორმირებული, საზოგადოება, რომელსაც ინტერნეტისა და Google-ის სამყაროში ვეღარ გააკვირვებ თარიღებისა და ფაქტების დამახსოვრებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოებით. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს პედაგოგთა გილდიაზე, რომლებიც კონვეიერული სისტემით მუშაობენ და მათი მიზერული ხელფასი დამოკიდებულია ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობაზე; სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასწავლებლებზე, რომლებსაც უწევთ გაკვეთილების მერე უამრავი სრულიად უსარგებლო დოკუმენტის შევსება და არავის რჩება თვითგანვითარებისა და პროფესიული ცოდნის ამაღლების არც დრო და აღარც მოტივაცია.  ამაზე დაიხარჯოს დღეს განათლების სამინისტრო და დანარჩენი ყველაფერი ძალიან მარტივად მოგვარდება.

 

სტატია მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის "ინტერრელიგიური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამით" (PITA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის, საქართველოს გაეროს ასოციაციის ან TDI-ის შეხედულებებს. 

2018 წლის 6 თებერვალს გაიმართა დისკუსია თემაზე "რელიგია და საჯარო სკოლა".