ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

MDF-ის, GDI-ისა და TDI-ის ერთობლივი განცხადება "თავისუფალი ზონის" ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით

2014 წლის 30 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" ოფისზე ახალგაზრდული გაერთიანება „თავისუფალი თაობის" მხრიდან განხორციელდა ჯგუფური თავდასხმა, რის შედეგადაც ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს მიადგათ ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა ოფისის ინფრასტრუქტურა.

ხსენებული ფაქტი, გარდა იმისა, რომ დანაშაულებრივი ხასიათისაა, რეალური საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. გაუმართლებელია ყოველგვარი ძალადობა, რომელიც მიმართულია განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიძლება გახდეს თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველი. ქვეყანაში კონსტიტუციურადაა დაცული გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი აზრი სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს დაცული ყოველგვარი ძალადობისგან.

არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა და მათი საქმიანობის თავისუფლება არის სახელმწიფოს დემოკრატიულობის მთავარი ინდიკატორი. შესაბამისად, როდესაც საფრთხე ექმნება ასეთი ორგანიზაციების არსებობას და სახელმწიფო ინდიფერენტულია ამგვარი ფაქტების მიმართ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საქართველოს კონსტიტუციით დაცული ღირებულებები.

გარდა ამისა, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. ცნობილი იყო რომ თავისუფალი ზონის და მისი წევრების მიმართ ხორციელდებოდა მუქარა. მიუხედავად მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ „თავისუფალი ზონის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გაფრთხილებისა, მათ არ მიიღეს სათანადო ზომები თავდასხმის აღსაკვეთად. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სამოქალაქო წესრიგი და აღკვეთოს ძალადობა კერძო პირთა შორის.

"თავისუფალი ზონის” ოფისში მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციამ ზაზა დავითაიას ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავა. მოგვიანებით, დაკავებულების ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით,"დაკავებულ ფარნაოზ ჭკადუას და დავით გოგოხიას დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციამ სასტიკად სცემა. ონიანის ინფორმაციითვე, პატრულის საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაკავებულ გოგოხიას გაუპატიურებით ემუქრებოდა.”

მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, სასწრაფოდ გამოიძიოს დაკავებულების ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და მათი დადასტურების შემთხვევაში ადეკვატური ღონისძიებები გაატაროს პოლიციის თანამშრომელთა მიმართ.

 

ოქტ/1402