ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საეკლესიო ანტისემიტიზმი - შეფასებები და შეჯამება

საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპისის, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ანტისემიტურ განცხადებებსა და უფლებადამცველების უსაფუძვლო კრიტიკას. მიტროპოლიტის ქადაგებას მოჰყვა სხვა სასულიერო პირის, დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური შინაარსის საჯარო ქადაგებაც (იხ. ქვემოთ).

დღემდე საქართველოს საპატრიარქო არ აღიარებს, რომ მიტროპოლიტის ქადაგება შეიცავდა ანტისემიტურ შინაარსს და ამ განცხადებების გამო ბოდიში არავის მოუხდია. მიტროპოლოტ იოანეს განმარტების მიხედვით, “ურწმუნო მოდგმაში” მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილი უფლებადამცველები იგულისხმებიან, ხოლო მის მიერ ქადაგებაში მოყვანილი რელიგიური ანტისემიტიზმის მაგალითები მხოლოდ “ისტორიული ფაქტებია.”

მიტროპოლიტის 20 დეკემბრის ქადაგებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. 28 დეკემბერს  ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოვაქვეყნეთ განცხადება და დავგმეთ საეკლესიო ანტისემიტიზმი.

TDI-ს პოზიციით, ქადაგება იმეორებს ებრაელების შესახებ გავრცელებულ საშიშ რელიგიურ სტერეოტიპს, რომლის თანახმად მთელი ებრაელი ერი, კოლექტიურადაა პასუხისმგებელი ქრისტეს ჯვარცმის გამო და ქრისტიანთა მდევნელად წარმოჩნდება, რაც საუკუნეების განმავლობაში, ინსტიტუციური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე მყარი საფუძველი იყო[1].

30 დეკემბერს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გამოქვეყნდა მიტროპოლიტის პირველი საპასუხო წერილი. იოანე გამრეკელმა აღნიშნა, რომ ქადაგება სინამდვილეში არ იყო ანტისემიტური და მას ეთნიკური ნიშნით არ გამოურჩევია ებრაელები. მისი თქმით, ისტორიულ წარსულში იუდაურ თემსა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტს „რელიგიური ელფერი“ ჰქონდა, ყველაფრის საფუძველი კი „ვერრეალიზებული ამბიცია“ იყო. ამავე წერილში, გარდა იმისა, რომ მიტროპოლიტი უსუსური არგუმენტებით ამართლებს საკუთარ ანტისემიტიზმს, ასევე ,,თეთრკანიანების მიმართ ზოგიერთი აფროამერიკელის აგრესიასთან“ პარალელით ავრცელებს რასისტულ სტერეოტიპებსაც. იმის ნაცვლად, რომ საკუთრი პოზიცია კრიტიკულად გადაეაზრებინა, მიტროპოლიტმა, სრულიად უსაფუძვლოდ ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა უფლებადამცვლები და კონკრეტული ადამიანები, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და დეკანოზი ბასილ კობახიძე.

2021 წლის პირველ იანვარს ქუთაის-გაენათის ეპარქიამ TDI-ს შესახებ მიტროპოლიტის მეორე  განცხადება  გამოაქვეყნა. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ცდილობს ,,შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში.“ მისი თქმით, “ქადაგება რამდენიმე ისტორიული ფაქტის გარდა შეეხო არა ებრაულ თემს, არამედ თანამედროვე საქართველოში მოქმედ TDI-ის ფორმატის ორგანიზაციებს.”

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრირქოს ეპისკოპოსის ანტისემიტურ ქადაგებაზე პოზიცია არ გამოუხატავს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა თავის ოფიციალურ გვერდზე მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ზემოთხსენებული განცხადება გამოაქვეყნა, რითაც ის ფაქტობრივად, მიტროპოლიტის ქადაგების ფორმასა და შინაარსს იზიარებს. ამ საკითხის გარშემო მიმდინარე საჯარო დისკუსიას გამოეხმაურნენ დიპლომატები და ებრაული თემის წარმომადგენლები.

შემაშფოთებელია  ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას შეფასება. 29 დეკემბერს ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება. მან მიტროპოლიტის ანტისემიტურ ქადაგებაში მონათხრობს 1600 წლის წინანდელი “კონკრეტული არასასიამოვნო ფაქტი” და ამბროსი მედიოლანელის მეფესთან დიალოგის ციტირება უწოდა; ასევე საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთა მიტროპოლიტის სიტყვებს ,,ურწმუნო მოდგმის” შესახებ და თქვა, რომ ეს განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე, მარკოზის სახარების მიხედვით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ელჩი არ უნდა აკეთებდეს ანტისემიტური ქადაგების მხარდამჭერ განცხადებას, უნდა ჰქონდეს სეკულარული პოზიცია და საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს იცავდეს.

4 იანვარს საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის ქადაგება ,,სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია“. მისი თქმით, „იმედისმომცემი იყო“ 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული წერილი, სადაც ,,მან განმარტა თუ რა იყო ნაგულისხმევი მის სიტყვაში, და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ.“

ელჩმა რან გიდორმა მეორე განცხადებაც გააკეთა ამ საკითხზე და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღის მისალოც ტექსტში აღნიშნა, რომ პატრიარქის, როგორც სულიერი წინამძღვრის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია “ახლახან რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე”.

3 იანვარს იოანე-გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა ებრაული ორგანიზაცია “ისრაელის სახლი”. მისმა დამაარსებელმა იციკ მოშემ მიტროპოლიტის ქადაგება ,,ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების” მცდელობად შეაფასა.  “ისრაელის სახლის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას პოზიცია _ „ის გვერდს უვლის მიტროპოლიტის ანტისემიტურ გამონათქვამებს და ცდილობს მას პასუხისმგებლობა ააცილოს გაუგებარი განმარტებებით“.

მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ქადაგების შემდეგ სოციალურ მედიაში გაჩნდა არაერთი ანტისემიტური შინაარსის კომენტარი. ქუთაისი-გაენათის ეპარქიის სხვა სასულიერო პირმა, დეკანოზმა ილია კარკაძემ კი იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში ასევე გააკეთა ანტისემიტური განცხადებები.[2]  მღვდელი ამბობს, რომ არის სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც "მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას", თუმცა, ასევე არიან მოსეს რჯულის ებრაელებიც, რომლებიც მათ "არ ერწყმიან". ილია კარკაძის თქმით, მიტროპოლიტი იოანე საკუთარ ქადაგებში ფაქტებს ყვებოდა: “აი მე რომ წავიკითხო მაგალითად, აბელის წინასწარმეტყველება ხო, და აბელს უწერია რომ ურიებიო, დაგესლავენ რუსეთსო და ფაქტია, ეს რომ ასეა კაცო”.

დეკანოზი ამბობს, რომ საბჭოთა პერიოდში ებრაელებს დიდი გავლენა ჰქონდათ, სტალინზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, მათი დაჯგუფებები რევოლუციას აწყობდნენ.[3]  დეკანოზი ილია კარკაძე საბჭოთა დროს  ებრაელების გავლენებზე საუბრიდან გადადის ფინანსურ გავლენებზე საუბარზე: ,,დღევანდელი მთელი ბანკური სისტემა [იგულისხმება საბანკო სისტემა] ვის ხელშია ჩაპყრობილი? მე არ დავიწყებ ამ საუბარს, გადახედეთ და მიხვდებით”. მისი თქმით, სტალინის მოტყუება ვერ მოახერხეს, რადგან ,,დიდი გენია” იყო, დღეს კი საქართველო და რუსეთიც ამ ძალების მიერ დაპყრობილია “ოფშორული ფულით”.[4] ყველაფრის სათავეში ადვილი მისახვედრია ,,რა ძალები არიან” - ,,ამეების ხელშია დღეს ბერკეტები ფინანსური”- ამბობს დეკანოზი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუწყნარებლობისა და ანტისემიტიზმის ნებისმიერი გამოვლინება, მით უფრო თუკი ის გავლენიანი ინსტიტუციის მხრიდან ვრცელდება, ქმნის სიძულვილისა და  ძალადობის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს საპატრიარქომ მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანეს განცხადებასთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს იგი. საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

 

 

[1] იოანე გამრეკელი ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ ქადაგებაში ყვება ამბავს, როდესაც ქრისტიანებსა და იუდაურ თემს შორის დაპირისპირებისას, რიცხობრივი უპირატესობის წყალობით, ქრისტიანებმა სძლიეს ებრაელებს და სინაგოგა დაანგრიეს. მოგვიანებით, კი სინაგოგის აღდგენაზე ქრისტიანებმა მათ ფაქტობრივად უარი უთხრეს. რადგან მმართველის თქმით, ებრაელები საუკუნების მანძილზე ქრისტიანებს აწამებდნენ, ამიტომ ჯერ ამის ფასი უნდა გადაეხადათ. ამ მაგალითის საფუძველზე მიტროპოლიტმა ებრაელთა დისკრიმინაცია _ სალოცავის დანგრევა გაამართლა, შემდეგ კი ,,ურწმუნო მოდგმის“ შესახებ შეფასება იმ ადამიანებზე განაზოგადა, რომლებიც ზოგადად საპატრიარქოს აკრიტიკებენ (,,აი, ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, აქ, ეს არ არის - ეთნიკური საზღვრებით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა - ეკლესიის წინააღმდეგ.”)  

იოანე გამრეკელი ამავე ქადაგებაში ახსენებს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კონსპირაციულ, ანტისემიტურ მითს, რომ ებრაელები განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ „მეფის კარზე“ მაშინ და ახლაც.

[2] დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური ქადაგების ვიდეო თავდაპირველად გამოქვეყნდა 2021 წლის 4 იანვარს, მისსავე ფეისბუქ გვერდზე, ხოლო მას შემდეგ, რაც მის განცხადებებს საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა, 6 იანვარს ვიდეო წაიშალა. ვინაიდან საკითხის მიმართ მაღალია საზოგადოების ინტერესი, ასევე, რადგან ეკლესიას ამ დრომდე კრიტიკულად არ შეუფასებია ანტისემიტიზმის შემთხვევები,TDI-მ აღნიშნული ვიდეო youtube-ზე გამოაქვეყნა.

[3] “ბევრ წყაროებში ვხედავთ ჩვენ, მაგალითად, ლენინი ვინ იყო? ტროცკი ვინ იყო? ზინოვიევი ვინ იყო? სვედლოვი ვინ იყო? გადახედეთ, ასეთი დოკუმენტური ფილმია სტალინზე "მესიის მახვილი". 28 დაჯგუფება იყო და 28 დაჯგუფებაშივე მთლიანად ებრაელები იყვნენ, რომლებმაც რევოლუცია მოაწყვეს".

[4] “ამიტომ არის რომ როცა ის პროცესები ხდება და ამდენი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ და რომლებიც ასე ცილს სწამებენ, ამიტომ რეალურად გადახედეთ თქვენ, დღევანდელი მთელი ბანკური სისტემა ვის ხელშია ჩაპყრობილი, მე არ დავიწყებ ამ საუბარს, გადახედეთ და მიხვდებით. ყველა, ადრე თუ იყო კომუნისტების პერიოდში, რომ ეს ბანკური სისტემა ერთ სათავეში იყო და აი, ძალიან კარგი არის რომ როგორ უნდოდათ მოტყუება, მაგრამ ვერ მოახერხეს სტალინის ... იმხელა გენია იყო ამ საქმეში, და მერე და მერე დაიპყრეს რუსეთი. და შენ არ იფიქრო, დღეს საქართველო დაპყრობილია, რუსეთიც დაპყრობილია”.

იან/2105