ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებით

2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით დაფუძნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო,  თუმცა, მიგვაჩნია, რომ ახლადშექმნილი სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია. კერძოდ:

- სააგანტო დაფუძნდა და მისი მანდატი განისაზღვრა იმგვარად, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე წინასწარი კონსულტაციები მთავრობას სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაუვლია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა სააგენტოს მიზნების და უფლებამოსილების უკეთესად გააზრებას;

- რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში ცენტრალიზებული სახელმწიფო დაწესებულების შექმნა, რომელიც არ არის წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს;

- სააგენტოს შექმნის მიზნები, ისევე, როგორც მისი უფლებამოსილებები სრულად არ ასახავს რელიგიის თავისუფლების,  თანასწორუფლებიანობისა და სეკულარიზმის დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს;

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, მისი არსებობის მიზანშეწონილობა, ასევე მისი საქმიანობის სტრატეგია, მიზნები და მანდატი  დამატებით საჯარო განხილვასა და გადასინჯვას მოითხოვს. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია განხილვის  პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ყველა რელიგიური ორგანიზაციისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მანამდე გადაწყვეტს სააგენტოს თავმჯდომარის დანიშნავს, მიგვაჩნია, რომ სააგენტოს ლეგიტიმურობისთვის არსებითია შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა რელიგიურ ორგანიზაციებთან და სხვა შესაბამის აქტორებთან აქტიური კონსულტაციისა და კონსენსუსის გზით, ღია პროცესების ფარგლებში წარიმართოს.

განცხადებას ხელს აწერენ:

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
ქართველ მუსლიმთა კავშირი
სახარების რწმენის ეკლესია
მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი
საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია
კრიშნას ცნობიერების საზოგადოება
ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი
 

არასამთავრობო ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
მედიის განვითარების ფონდი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 

 

მაისი/1405