ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI მიტროპოლიტის მიერ ანტისემიტიზმის აღიარების შესახებ

დღეს, 8 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ასევე, ქუთაისი-გაენათის ეპარქიამ, გამოაქვეყნეს მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადება ეკლესიის სასულიერო პირების ანტისემიტური ქადაგებების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება “სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით”. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ მან დეკანოზ ილია კარკაძეს შენიშვნა გამოუცხადა და რომ დეკანოზი წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

განცხადებაში თავად მიტროპოლიტ იოანეს 20 დეკემბრის ანტისემიტური ქადაგების გამო სინანული არ არის გამოთქმული და ამას სასულიერო პირი კვლავ “მის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებულ კამპანიას” უწოდებს.

მივესალმებით მიტროპოლიტის მიერ დეკანოზ ილია კარკაძის ანტისემიტური განცხადებების კრიტიკულად შეფასებას და მივიჩნევთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადადგმული პირველი სწორი ნაბიჯია. თუმცა, ამავდროულად, ვთვლით, რომ აღნიშნული რეაგირება არასაკმარისია ეკლესიაში არსებული ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის დასაძლევად. სწორედ მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის 20 დეკემბრის ქადაგებამ დაუდო საფუძველი ანტისემიტიზმის ახალ ტალღას, რასაც შემდეგ დეკანოზ ილია კარკაძის განცხადებები მოჰყვა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მიტროპოლიტმა იოანემ შეაფასოს საკუთარი ქადაგების პრობლემურობაც და ბოდიში მოიხადოს ანტისემიტური შინაარსის განცხადებებისთვის.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, ეკლესიის სახელით მკაფიო პოზიცია გამოხატოს მიტროპოლიტ იოანესა და დეკანოზ ილიას ანტისემიტურ განცხადებებთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასოს ისინი. 

საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი და ებრაელებისა და უფლებადამცველების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები.

* * *

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 20 დეკემბერს, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადები გააკეთა; მოგვიანებით, იოანე გამრეკელის დასაცავად წარმოთქმულ ქადაგებაში დეკანოზმა ილია კარკაძემაც გააკეთა ანტისემიტური განცხადებები.

28 დეკემბერს  ამ ფაქტთან დაკავშირებით TDI-მ განცხადება გამოაქვეყნა და დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი.

იხილეთ TDI-ის 28 დეკემბრის განცხადება

საპასუხოდ, 2021 წლის პირველ იანვარს მიტროპოლიტმა იოანემ განცხადება  გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ TDI ცდილობს ,,შფოთი შემოიტანოს საქართველოს ეკლესიასა და ებრაელ ერს შორის საუკუნეების მანძილზე არსებულ კეთილ ურთიერთობებში”.

იხილეთ TDI-ის 5 იანვრის განცხადება: საეკლესიო ანტისემიტიზმი - შეფასებები და შეჯამება

საკითხის გარშემო მიმდინარე საჯარო დისკუსიას გამოეხმაურნენ დიპლომატები და ებრაული თემის წარმომადგენლები. შემაშფოთებელია  ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას შეფასება. 29 დეკემბერს ელჩმა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ქადაგების ანტისემიტიზმად შეფასება არის სასულიერო პირისა და ეკლესიის მიმართ ცილისწამება.

4 იანვარს საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა საგანგებო ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპისკოპოსის ქადაგება ,,სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია“.

3 იანვარს იოანე-გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა ებრაული ორგანიზაცია “ისრაელის სახლი” და მიტროპოლიტის ქადაგება ,,ანტისემიტიზმის გამოვლინებად, შუღლის გაღვივებისა და ზოგიერთი რადიკალური ჯგუფის წახალისების” მცდელობად შეაფასა.

 

 

 

 

 

იან/2108