ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI რელიგიური გაერთიანებების სახელით მანიპულირების შესახებ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას მხარს უჭერს 8 რელიგიური გაერთიანება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ გაკეთებული განცხადება, სულ მცირე, ორი რელიგიური გაერთიანების ნების გარეშე, მათი სახელის გამოყენებით არის ხელმოწერილი.

განცხადებით ირკვევა, რომ 8 რელიგიური გაერთიანება დადებითად აფასებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას და სახიფათო ტენდენციად მიიჩნევს რელიგიურ თემებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკას. მაგრამ, მოგვიანებით, ევანგელურ-ბაპტისტურმა და კათოლიკე ეკლესიებმა გამოხატეს პოზიცია, რომლის მიხედვით, მათ სააგენტოს მხარდამჭერ პრესკონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც განცხადების სულისკვეთებას იზიარებენ.

TDI ეჭვქვეშ არ აყენებს ზოგიერთი რელიგიური გაერთიანების დამოკიდებულების გულწრფელობას სააგენტოს საქმიანობისადმი, მაგრამ ამასთანავე, უაღრესად დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ, მინიმუმ, ორი რელიგიური გაერთიანების ნების დადასტურების გარეშე, მათი სახელით, თვითნებურად გავრცელდა აღნიშნული განცხადება.

ყოველივე ამასთან ერთად, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ სააგენტოს საქმიანობისა და მანდატისადმი მთელი რიგი რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ დამოკიდებულებაზე სახელმწიფო არაჯანსაღად რეაგირებს; ხდება მანიპულირება რელიგიური გაერთიანებების სახელით, რითაც საზოგადოებას მიზანმიმართულად მიეწოდება მცდარი ინფორმაცია.

რელიგიურ გაერთიანებებს არაერთხელ გამოუხატავთ კრიტიკული დამოკიდებულება სააგენტოს დაფუძნების, მისი მანდატის, ფუნქციონირების, სტრატეგიისა და რელიგიის თავისუფლების საკითხებზე სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გამოთქმული შეხედულებების შესახებ.

TDI მიიჩნევს, რომ ხელისუფლების, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხედვა და ქმედებები არ პასუხობს რელიგიური ორგანიზაციების წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს, რითაც ართმევს მათ შესაძლებლობას თანასწორუფლებიან და უსაფრთხო პირობებში ისარგებლონ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით.

ამის სანაცვლოდ, ხელისუფლება სააგენტოს მეშვეობით მუდმივად ცდილობს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სამართლებრივიდან პოლიტიკურ განზომილებაში გადაიტანოს და  ამ ფონზე, სააგენტოს საქმიანობა უმცირესობებზე კონტროლის გაძლიერებისა და მათი სამოქმედო არეალის შეზღუდვაზე ორიენტირებულ მექანიზმად აქციოს.

TDI მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მთელი რიგი რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკული პოზიციების და რეკომენდაციებს გათვალისწინებით, პლურალისტული დისკუსიის ფორმატში განიხილოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოქმედი მანდატი და მისი არსებობის მიზანშეწონილობა. აუცილებელია, მთავრობამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც რელიგიური გაერთიანებებისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება და, ამასთან, ხელს შეუწყობს ტოლერანტობასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.

დეკ/1615