ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

TDI რელიგიური საკითხების შემსწავლელი კომისიის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N305 დადგენილებით  რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

კომისიაში, დებულების თანახმად, ხმის უფლებით წარმოდგენილია სხვადასხვა სამინისტროები მინისტრის მოადგილეების სახით, ხოლო კომისიის თავმჯდომარე რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრია. კომისიის გადაწყვეტილებით, მის შემადგენლობაში შესაძლოა შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებიც. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე, თავმჯდომარის მოწვევით, კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რელიგიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

დებულებაში მითითებულია კომისიის რამდენიმე ამოცანა. მიგვაჩნია, რომ ამ ამოცანების ფორმულირება არ არის მკაფიო და არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ:

 

1) რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ანალიზი

საქართველოს კანონმდებლობაში გვხვდება რამდენიმე ნორმა, რომლებიც დომინანტ რელიგიურ ჯგუფთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიურ გაერთიანებებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს დისკრიმინაციული ნორმების შეცვლაზე.

აქედან გამომდინარე, საჭიროა, ზუსტად განიმარტოს, ემსახურება თუ არა აღნიშნული ამოცანა რელიგიური უმცირესობებისთვის თანასწორუფლებიანი სამართლებრივი გარემოს შექმნას და იმთავითვე უნდა გამოირიცხოს მათთვის დამატებითი საკანონმდებლო ბარიერების დაწესების საფრთხე.

2) რელიგიური-საკულტო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შემუშავება

მიგვაჩნია, რომ რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის მარეგულირებელი სპეციფიკური სამართლებრივი ნორმების მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს და მშენებლობის პროცესი მშენებლობასთან დაკავშირებული საერთო რეგულაციების სივრცეში უნდა იყოს მოქცეული.

ამასთანავე, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ზედმეტი რეგულაციების დაწესებით უფრო გართულდება რელიგიური შენობა-ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები.

სამწუხაროდ, წლებია, რელიგიური უმცირესობები სხვადასხვა ტიპის სირთულეებს აწყდებიან რელიგიური დანიშნულების ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით. უმთავრეს პრობლემას, ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერის შექმნის გზით დისკრიმინაციული მოპყრობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით, კომისიის საქმიანობის ერთადერთი მისაღები ფორმა შეიძლება იყოს დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრაზე ზრუნვა.

3) რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საკითხის შესწავლა

რელიგიური გაერთიანებების სახელმწიფო დაფინანსების საკითხი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროს განეკუთვნება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ყოველწლიურად ბიუჯეტიდან და სახელმწიფო ფონდებიდან დოტაციური წესით ფინანსდება. სხვა რელიგიური გაერთიანებები კი მოკლებული არიან ყოველგვარ საბიუჯეტო დაფინანსებას.

აუცილებელია, დაფინანსების არსებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკას ბოლო მოეღოს და უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები თანაბრად იყოს გათვალისწინებული. მიზანშეწონილია, რომ თავად რელიგიური გაერთიანებების მონაწილეობით შემუშავდეს მათი დაფინანსების საუკეთესო მოდელი.

თუმცა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ რელიგიური გაერთიანებებს, განურჩევლად იმისა, უმრავლესობას წარმოადგენენ ისინი თუ უმცირესობას, სახელმწიფო არ უნდა აფინანსებდეს. ამ შემთხვევაში ავირიდებთ თავიდან როგორც დისკრიმინაციას, ასევე სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის სფეროში ჩარევის საფრთხეს.

გარდა ამისა, კატეგორიულად მიუღებელია, რომ კომისიის ზემოთ ხსენებული ამოცანა მიზნად ისახავდეს სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების შემოსავლებისა და მათი საფინანსო საქმიანობის გაკონტროლებას, რაც ასევე მკაფიოდ უნდა ყოფილიყო დებულებაში ასახული.

4) რელიგიური გაერთიანებების საკუთრების საკითხის შესწავლა

რამდენიმე რელიგიური გაერთიანება (სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკე ეკლესია, მუსლიმთა თემი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, იუდაური თემი) მრავალი წელია ითხოვს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების დაბრუნებას. ეს არის რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა.

უწყებათაშორისი კომისიის ამოცანა სწორედ აღნიშნული ქონების ისტორიული მესაკუთრისთვის უმოკლეს დროში დაბრუნებას უნდა ემსახურებოდეს და მისი მიზანი არ უნდა იყოს საკუთრების ფლობასა და შეძენასთან დაკავშირებული რაიმე ტიპის შეზღუდვების დაწესება.

5) საჯარო ღვთისმსახურებისა და საჯარო რელიგიური მსვლელობის საკითხის შესწავლა

გაუგებარია, რამ გამოიწვია ამ ამოცანის ფორმულირების აუცილებლობა და ამ კუთხით, რა შეიძლება იყოს კომისიის მუშაობის მიზანი. საჯარო რელიგიური მსვლელობების საკითხი რელიგიის თავისუფლების, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპებითაა გარანტირებული. ეს პუნქტი კი შესაძლებელია წავიკითხოთ ისე, თითქოს მთავრობას სურს საჯარო ღვთისმსახურებისა და მსვლელობისთვის შეზღუდვების დაწესება.

6) რელიგიური გაერთიანებების საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა

განათლების შესახებ პუნქტი ყველა სხვა პუნქტის მსგავსად, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. გაურკვეველია, რა ტიპის საგანმანათლებლო საქმიანობის შესწავლა შედის კომისიის ფუნქციებში, აპირებენ თუ არა, შეისწავლონ კერძო რელიგიური სკოლების საქმიანობა, ან მათთვის რაიმე ზოგადი სტანდარტები შეიმუშავონ და ჩაერიონ შინაარსობრივ მხარეში.

მეორე მხრივ, აღნიშნული ამოცანა არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ კომისია იმუშავებს რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და სისტემურ პრობლემაზე, რომელსაც საჯარო სკოლებში ვაწყდებით. საჯარო სკოლების უმეტესობა, მიუხედავად ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიერ დაწესებული აკრძალვებისა, წარმოადგენს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის, პროზელიტიზმის, ინდოქტრინაციისა და არააკადემიური მიზნით რელიგიური სიმბოლოების გამოფენის კერებს, რასაც სახელმწიფო, წლებია ვერ უმკლავდება.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ უწყებათაშორისი კომისიის წარმოდგენილი დებულება, მისი მიზნებისა და ამოცანების მოცემული ფორმულირებიდან გამომდინარე, შეიცავს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და სეკულარობის პრინციპის დარღვევის რისკებს.

ასევე, რელიგიურ უმცირესობებთან კონსულტაციისა და მათთან თანამშრომლობის გარეშე, ამა თუ იმ გადაწყვეტილების ექსკლუზიურად მიღებამ შეიძლება ზიანი მოუტანოს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ გაერთიანებებთან ნეიტრალობის პრინციპის დაცვასაც.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დააზუსტოს და მკაფიოდ წარმოაჩინოს კომისიის მანდატი და მისი საქმიანობის ამოცენები.

დეკ/1309