ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
ოქტ/1431

სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების ანალიზი

2014 წლის ოქტომბერში ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მუსლიმებსა და სამართალდამცავებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირებისა და მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის შემთხვევები გამოვლინდა. აქცია, სადაც ადგილობრივი მუსლიმები მეჩეთის, ამჟამად სადავო შენობის დემონტაჟს აპროტესტებდნენ, შსს-ის თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დაშალეს. თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველები მუსლიმებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე უთითებენ  ინციდენტის დროს დაკავებული მუსლიმი მოქალაქეებიც. 26-27 ოქტომბერს TDI ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები მოისმინა.

ამჟამად, სადავო შენობაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. მუსლიმი თემი მის გადაცემას და მეჩეთის აღდგენას ითხოვს. ამავდროულად, შენობაზე პრეტენზიას  საქართველოს საპატრიარქო აცხადებს. მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა თქმით, XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო.[1]

26 ოქტომბერს სოფელ მოხეში რელიგიის საქმეთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ მუსლიმ თემთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სპეციალისტთა მონაწილეობით შეიქმნება კომისია, რომელიც სადავო შენობის წარმომავლობას შეისწავლის და ისტორიული მესაკუთრის ვინაობას დაადგენს.[2]

 

ფაქტობრივი გარემოებების აღწერა

სადავო შენობა

ამჟამინდელი მკვიდრი მუსლიმი მოსახლეობა სოფელ მოხეში 1975-80 წლებში დასახლდა. შენობა, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმები ითხოვენ, მათი კოლექტიური მეხსიერების ნაწილია, რადგან წინაპრების მიერ მეჩეთის აშენების ისტორიას დღემდე იხსენებენ. მუსლიმების თქმით, მეჩეთი სოფელ მოხეში 1927-34 წლებში მესხმა მუსლიმებმა ააშენეს. TDI-სთან საუბარში სოფლის უხუცესი, 74 წლის ეზიზ ბერიძე მამის მონაყოლიდან იხსენებს, რომ ოჯახი ყოველ კვირას პარასკევის ლოცვაზე მოხეს მეჩეთში სოფელ კიკიბოდან დადიოდა, რადგან იგი მეზობლად არსებული ერთადერთი მეჩეთი იყო. უხუცესის თქმით, მის დიდ ბაბუას მეჩეთის აშენებისთვის ფულის შესაწირად  ძროხაც კი გაუყიდია (იხ. ვიდეო). მუსლიმების თქმით, 40-იანი წლების დასაწყისში სტალინის მიერ მესხების მასობრივ გადასახლებამდე სოფელში მეჩეთი ფუნქციონირებდა.

მუსლიმების თქმით, ნანგრევებში შემორჩენილია მიჰრაბი - სალოცავი ნიშა მუსლიმურ საკულტო ნაგებობეში, რომელიც უჩვენებს მიმართულებას ქააბასკენ (ქიბლა), საითაც მლოცველი უნდა იყურებოდეს. იგი წარმოადგენს ორი ან მეტი სვეტით კედლისგან გამოყოფილ ნახევარწრიული აფსიდის ფორმის ჭრილს. მუსლიმების თქმით, შენობას აქვს მინარეთის ასასვლელის კვალიც.

1957 წლიდან შენობას კლუბის სტატუსი აქვს. საბჭოთა კავშირის დროს იგი დიდი ხნის განმავლობაში  საწყობად, ბიბლიოთეკად და სოფლის კლუბად გამოიყენებოდა. 2007 წლიდან კი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება. მუსლიმმა თემმა ყოფილი მეჩეთის შენობის კონსერვაციის ან რესტავრაციის თხოვნით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მათ თხოვნას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

2007 წლის 30 ოქტომბერს სოფელ მოხეს 22-მა მაცხოვრებელმა სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებით მიმართა (#1653-07), რომელშიც აღნიშავდნენ, რომ მუსლიმებმა შენობის შემოღობვა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან შეუთანხმებლად დაიწყეს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მუსლიმები განცხადებაში  ადგილობრივი ხელისუფლებისგან შენობის შემოღობვასა და რემონტს ითხოვდნენ.  განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეგზავნა.

2008 წლის 25 თებერვალს სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ წერილში გამგებელი ზ. ჩილინგარაშვილი აღნიშნავს, რომ „შენობა არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და მას მუნიციპალიტეტი შეაკეთებს.“

2014 წლის 27 მაისს სოფელ მოხეს მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა. მუსლიმების თქმით, საკითხის განხილვა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების გამო გადაიდო. მუსლიმთა მტკიცებით, დასავლეთ საქართველოს მუფტი ჯემალ პაქსაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეჩეთის პრობლემის გადაჭრას მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დაპირდნენ.

2014  წლის 8 ივლისს მუსლიმმა თემმა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძისგან მიიღო წერილი (#1019), სადაც იგი აღნიშნავს, რომ სადავო ქონება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანომ მხოლოდ საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება გამოიყენოს.

განცხადებაში აღნიშნულია: „სოფელ მოხეში არსებულმა კლუბმა რომ არ დაკარგოს თავისი ფუნქციური დანიშნულება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება შენობას ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი... და გაიხსნას მუსიკალური, ქორეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცენტრი.“

მუსლიმმა თემმა ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა და მეჩეთის დაბრუნების თხოვნით,  ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა. 16 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში შეკრებილ მუსლიმებს დაჰპირდა, რომ სადავო შენობის საკითხს ერთ კვირაში შეისწავლიდა.[3]

პრემიერის დაპირებიდან ორ დღეში, 18 ოქტომბერს სოფელში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დემონტაჟი დაიწყეს.[4] ადგილობრივმა მუსლიმებმა მშენებლებს სთხოვეს, რომ ნგრევა შეეწყვიტათ.  მშენებლებმა სოფელი მაშინვე დატოვეს, რასაც ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტიანები ამბობდნენ, რომ შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემასა და ამ ადგილას  მუსლიმური საკულტო ნაგებობის აშენებას არ დაუშვებდნენ. [5]

ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმების თქმით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათზე ზეწოლას ახორციელებდნენ. სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის თქმით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა აკაკი მაჭუტაძემ (რომელიც ჭელას მინარეთის დემონტაჟისას შს სამინისტროში მუშაობდა) რამდენიმე მუსლიმი დაიბარა და კატეგორიული ტონითა და მუქარით განუცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შენობას მუსლიმ მოსახლეობას არ დაუბრუნებდა.[6]

ამჟამად, სადავო შენობაზე პრეტენზიას საქართველოს საპატრიარქოც აცხადებს. ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის, მეუფე თეოდორეს განცხადება მედიაში 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა.[7] მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა თქმით,  XVI საუკუნეში აღნიშნულ ადგილას ქრისტიანული ტაძარი იყო, 1920-იან წლებში ეკლესიების ნგრევისა და მეჩეთების მშენებლობის შემდეგ კი, სადავო შენობის ადგილას მეჩეთის მშენებლობა დაიწყო. თუმცა, მუსლიმთა თქმით, ქრისტიან მოსახლეობას მანამდე არასდროს განუცხადებია, რომ სადავო შენობა ეკლესია იყო და ეს მოთხოვნა საჯაროდ, მხოლოდ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ წამოაყენეს.

მართლმადიდებელი სასულიერო პირების პოზიციას ახმოვანებენ სოფელ მოხეში მცხოვრები ქრისტიანები. ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედი მუსლიმური სალოცავი არასდროს ყოფილა, რადგან მეჩეთის მშენებლობა არ დასრულებულა. ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით კი, ქრისტიანები მეჩეთის აშენების წინააღმდეგი იქნებიან იმ შემთხვევაშიც, თუ კომისია დაადგენს, რომ შენობის ადგილას ქრისტიანული სალოცავი არასდროს იდგა. წინააღმდეგობის მოტივს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ბეჟან რეხვიაშვილი განმარტავს: „წინააღმდეგი ვარ [რომ მეჩეთი აშენდეს], ქართული მიწა-წყალია! ქრისტიანი ვარ და არ უნდა ვიყო წინააღმდეგი? ჰო აქვთ მეჩეთი? ერთი, ორი... რად უნდათ კიდევ?“.  ადგილობრივი ტარიელ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ მეჩეთის აშენებით, მუსლიმი ქრისტიანს „აგდებს გარეთ, და თვითონ შემოდის ჩემს ოჯახში.“

მართლმადიდებელი მრევლის დისკურსში აშკარად ჩანს საჯარო სივცრის მონოპოლიზების მცდელობა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები კი გვიჩვენებს, რომ საქართველოში მუდმივად იზღუდება რელიგიური უმცირესობების კონსტიტუციური უფლება საჯარო სივრცეში გააცხადონ თავიანთი რწმენა, გაავრცელონ რელიგია და შეასრულონ რელიგიური რიტუალები. ხელისუფლების წარმომადგენლები კი, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან ლეგიტიმაცია, ვერ ახერხებენ, დაიცვან რელიგიური უმცირესობების ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მიერ საერთო საჯარო სივრცით სარგებლობა.

სოფელ მოხეში სადავო შენობის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტი რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის აუცილებლობაზე მიუთითებს. 2014 წელს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, საქართველოში რელიგიური გაერთიანებების საჭიროებების შესახებ აღნიშნულია, რომ საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია რელიგიური გაერთიანებების ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო  ავტოკეფალურ  მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები (მოქმედი და არამოქმედი), მათი ნანგრევები, აგრეთვე მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინია განლაგებული“, საპატრიარქოს საკუთრებად გამოცხადდა.[8] მაგრამ ანალოგიური ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოს არც ერთ სხვა რელიგიურ გაერთიანებასთან მიმართებით არ გადაუდგამს; სახელმწიფოს არ მიუღია კანონი რესტიტუციის შესახებ; უმცირესობათა რელიგიურ გაერთიანებებს არ დაუბრუნდა არა მარტო ის ნაგებობები, რომლებზეც საპატრიარქოს პრეტენზია ჰქონდა გაცხადებული, არამედ ისინიც, რომლებიც საპატრიარქოს ინტერესთა სფეროში არ შედიოდა და სახელმწიფოს  ინტერესის საგანს წარმოადგენდა. მართალია, სადავო საკულტო ნაგებობების წარმომავლობისა და ისტორიული მესაკუთრის დადგენის მიზნით, ფორმალურად, სამთავრობო ან ინტერრელიგიური კომისიები რამდენჯერმე შეიქმნა, მაგრამ მათ რეალურად არასდროს უმუშავია. უმცირესობების ისტორიული მემკვიდრეობის დაბრუნებაზე „დავა“ რელიგიურ გაერთიანებებს, ხელისუფლებას და საპატრიარქოს შორის წლებია გრძელდება და სახელმწიფოს მხრიდან რელიგიურ-ეთნიკური ნიშნით სისტემური დისკრიმინაციის თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს.

 

სამართალდამცავთა მხრიდან ძალის სავარაუდო გადამეტებისა და მუსლიმთა უფლებების დარღვევის შემთხვევები

2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში მშენებლებმა მეჩეთის დემონტაჟი განაახლეს.[9] მუსლიმების წინააღმდეგ, რომლებიც ხელისუფლების მოულოდნელ და რეპრესიულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და უხეშად დაარღვია მუსლიმთა უფლებები.

ინციდენტის დროს, სოფელ მოხეში პოლიციამ 14 პირი დააკავა: 11 მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლებით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის  კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებული ქმედებებისთვის,  ხოლო სამი პირი - სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევისთვს.

23 ოქტომბერს სასამართლომ სამი მუსლიმი - თეიმურაზ მიქელაზე, ოთარ მიქელაძე და მალხაზ ბერიძე ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა (თუმცა, გამოძიება გრძელდება),[10] ხოლო 11 დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და თითოეულს 250 ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ათი მათგანი აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს.

თვითმიხლველთა თქმით, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებისას მუსლიმებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ზოგიერთმა დაპირისპირებისას სხეულის დაზიანება მიიღო. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, TDI-მ მუსლიმთა შეფასებები ჩაიწერა.

მუსლიმთა ახსნა-განმარტებები:

TDI-ის მიერ გამოკითხულ მუსლიმთა აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ 22 ოქტომბერს მეჩეთის შენობასთან მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციის თანამშრომლები მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და „თათრებს“ უწოდებდნენ. ინციდენტის დროს დაშავდა 59 წლის ქალი, შურა მიქელაძე, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა ადიგენის საავადმყოფოში გადაიყვანა.[11]  შინაგან საქმეთა სამინისტრო ფიზიკური ძალადობის ფაქტებს უარჰყოფს.

ოთარ მიქელაძე: 22 ოქტომბერს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებული ოთარ მიქელაძე TDI-სთან საუბარში სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

მიქელაძე ამბობს, რომ მან საპროტესტო აქციის დროს, პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტული შეკითხვებით მიმართა: „მე ვკითხე არის თუ არა რელიგიის თანასწორუფლებიანობა გამოცხადებული ქვეყანაში, გვაქვს თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონი, და გვინდა ევროპაში გაწვერიანება თუ არა, რაზეც მიპასუხეს - „კი“. მერე ვკითხე: ასეთი მეთოდებით გინდათ? რაზეც გასცეს ჩემი დაკავების ბრძანება.“

ოთარ მიქელაძის განმარტებით, დაკავების მომენტში მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა იგი ავტომანქანაში ჩასვეს, მიქელაძემ დაკავების შესახებ ოჯახს ტელეფონით შეატყობინა.  მისი თქმით, ამის შემდეგ პოლიციელებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მიქელაძის დაკავებას მოჰყვა მასშტაბური პროტესტი. მუსლიმებმა მანქანას გზა გადაუკეტეს და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაპირისპირებისას რამდენიმე მუსლიმს, რომლებიც ინციდენტის გადაღებას ცდილობდნენ, სამართალდამცავებმა ჩამოართვეს და გაუნადგურეს მობილური ტელეფონები.

თეიმურაზ მიქელაძე: სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დაკავებულ თეიმურაზ მიქელაძეს ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობა. მიქელაძის განცხადებით, პოლიციის წარმომადგენლები მას დაკავებისას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ადიგენის რაიონის პოლიციის განყოფილებაში წაყვანის შემდეგ კი, იგი სამართალდამცავებმა კაბინეტში სასტიკად სცემეს. ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადასტურებენ სხვა დაკავებული მუსლიმები, რომლებიც კაბინეტის გვერდით იმყოფებოდნენ. „ყვირილის ხმები გვესმოდა“ - ამბობს მუსლიმი გოჩა ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულების ფიზიკურ დაზიანებებზე საუბრობს სახალხო დამცველიც. კერძოდ, სახალხო დამცველის 26 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები[12].

 

ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებები სადავო ნაგებობის გადაცემასა და სამართალდამცველთა ქმედებებთან დაკავშირებით

27 ოქტომბერს TDI ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაქარია ენდელაძეს, გამგებლის მოადგილეს, მინდია ჯელიასა და საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარეს იმედა მღებრიშვილს შეხვდა.

გამგებლის თქმით, 22 ოქტომბერს მუსლიმების დაკავებას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი. „არ შეიძლება ძალადობრივი მეთოდებით საკუთარი სურვილის მიღწევა... მუსლიმები ძალადობდნენ პოლიციაზე. მათ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც ისჯება კანონით. ...რასაც პოლიცია ვერ აგვარებს სიტყვით, შემდეგ მას ეძლევა საშუალება გამოიყენოს ფიზიკური ძალა.“ გამგებელმა ფაქტობრივად გაამართლა კონკრეტულად თეიმურაზ მიქელაძეზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობაც: - „კითხეთ მიქელაძეს, თუ რატომ სცემეს...“

ენდელაძის თქმით, იგი მუსლიმ თემს  სოფელ მოხის სადავო შენობის გადაცემას არასდროს დაპირებია. კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლებას მუსლიმებისთვის საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების გადაცემაზე ემსჯელა, გამგებელმა განაცხადა, რომ „კარგი იქნება დათმობას ადეკვატური შედეგი მოჰყვებოდეს, მაგრამ სურვილი და ის მადა, რომელიც არსებობს, ამით არ იქნება დაკმაყოფილებული. დათმობ ერთს, მეორე მოუნდებათ...“
გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლების განცხადებით, შენობაზე პრეტენზიას აცხადებს საქართველოს საპატრიარქოც: „რადგან კარში არ გვივარდებიან და გადმოცემას არ ითხოვენ, არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ აქვთ.“

გამგებლის თქმით, რეგიონში 100-ზე მეტი ქრისტიანული წარმოშობის ობიექტია, რომლის საკუთრების უფლებით გადაცემასაც საპატრიარქო ითხოვს. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილის თქმით, „მუსლიმთა უფლებები არ ილახება, პირიქით, ჩვენი ხალხი ხშირად უფრო იჩაგრება ხოლმე.“

 

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებები

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, არაადეკვატური და დისკრიმინაციულია ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობის საჯარო განცხადებები. 23 ოქტომბერს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ  „სოფელში უკვე არის ერთი მეჩეთი და მუსლიმებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ“.[13] პრემიერს არაფერი უთქვამს, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე და პასუხისმგებლობა მთლიანად მუსლიმ თემს დააკისრა. მუსლიმების მიერ პოლიციის მიმართ ძალადობაზე გაამახვილა ყურადღება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნარსიამაც. მან ასევე დასძინა, რომ მათ „ინტერესებს ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია.“[14] შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ღიად დაუჭირა მხარი  შენობაში კულტურული ცენტრის განთავსებასთან დაკავშირებით.[15] მთავრობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, პოზიტიური და ადეკვატურია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოხმაურება მოხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უმცირესობების საკითხში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას სოფლის ცენტრში მდებარე შენობაში კულტურის ცენტრის განთავსების გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. მისი თქმით, კონფლიქტის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, ტენდერის შედეგები უნდა გაუქმდეს.   ხელისუფლებამ კი მომავალში მსგავსი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით,  რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს.

 

რეკომენდაციები

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა საქართველოში რელიგიური გაერთიანებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ამავდროულად რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სამართალდარღვევაზე სამართალდამცველების რეაგირება არაეფექტური და უმეტეს შემთხვევაში, არაადეკვატურია.  გამოვლენილია შემთხვევები, როცა შეუწყნარებლობლობის საფუძველზე თავად სამართალდამცველები ძალადობენ და არღვევენ მორწმუნეთა უფლებებს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრობლემური, სისტემური და მასშტაბური გახდა მუსლიმების დევნა. დღემდე გამოუძიებელია 2012-2013 წლებში სოფელ  ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში  მუსლიმთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. ძიება არ დაწყებულა 2013 წლის 26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისა და ადგილობრივი მუსლიმების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების მხრიდან მუსლიმთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის აშკარა მაგალითს წარმოადგენს.

რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის რიცხვის მკვეთრი მატება სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია, რაც ხელისუფლების მხრიდან ამ ტიპის დანაშულის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებასა და რელიგიური უმცირესობების უფლებების უხეშ დარღვევაში ვლინდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა გაითვალისწინონ  შემდეგი რეკომენდაციები:

საქართველოს მთავარ პროკურატურას:

  • დროულად და ეფექტურად გამოიძიოს 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში შსს-ის წარმომადგენლების მიერ მუსლიმებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

საქართველოს მთავრობას:

  • ადეკვატური და სამართლიანი შეფასება მისცეს მუსლიმთა რელიგიური ნიშნით დევნის შემთხვევებს, უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების ადეკვატური მოქმედება და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა.
  • საჭიროა, მთავრობამ გაითვალისწინოს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია[16] რესტიტუციის საკითხთა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელშიც ასევე წარმოდგენილი იქნებიან სახალხო დამცველისა და დაინტერესებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები. კომისიამ მოკლე დროში უნდა შეიმუშავოს  საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების ისტორიული მემკვიდრეებისთვის დაბრუნების კონკრეტული სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი დროული და ეფექტური იმპლემენტაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს

  • დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი და უზრუნველყონ ყველა მოქალაქისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა
     

]

 

              

   

 

 

[1] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/302158-meufe-theodore-mizanshetsonilad-miichnevs-sofel-mokheshi-sadao-shenoba-sapatriarqos-gadaeces.html?ar=A

[2] http://newposts.ge/?l=G&id=53823-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%94,%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%20%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90

[3] http://sknews.ge/index.php?newsid=4435#.VEjX_xbVfIU

[4] http://www.tabula.ge/ge/story/88780-muslimebi-sofel-moxeshi-dzveli-mechetis-demontazhs-aprotesteben

[5] http://sknews.ge/index.php?newsid=4433#.VFDJbzSUfp5

[6] http://sknews.ge/index.php?newsid=4445#.VejTgRbVfIU

[7] http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/302158-meufe-theodore-mizanshetsonilad-miichnevs-sofel-mokheshi-sadao-shenoba-sapatriarqos-gadaeces.html?ar=A

[8] კონსტიტუციური შეთანხმება, მუხლი 7. 1-2.

[9] https://www.youtube.com/watch?v=lLkWQib5jnc&feature=youtu.be

[10] http://sknews.ge/index.php?newsid=4484#.VFCpszSUfp4

[11] http://sknews.ge/index.php?newsid=4463#.VFILczSUfp6

[12] http://www.ombudsman.ge/ge/news/sofel-moxeshi-ganvitarebuli-movlenebi-xelisuflebis-mxridan-adekvatur-reagirebas-sachiroebs.page

[13] http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120937/

[14] http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120929/

[15] http://9arkhi.wordpress.com/2014/10/23/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90-%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/

[16] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში