ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
აგვ/1518

MDF, GDI და TDI თურქოფობიული პუბლიკაციის გამო გურია News-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივიან

მედიის განვითარების ფონდმა - MDF, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ - GDI და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა- TDI 18 აგვისტოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ინტერნეტ პორტალ გურია News-ის მიერ გამოქვეყნებული თურქოფობიული პუბლიკაციის გამო მიმართეს.

განმცხადებელთა აზრით, 2015 წლის 8 აგვისტოს გურია news-ის ვებ-პორტალზე გამოქვეყნებული სტატია „თურქული კულტურის ექსპანსია გრძელდება" თურქოფობიული ხასიათისაა და შეუწყნარებლობას აღვივებს. „ავტორი არა სერიალის მხატვრულ ღირებულებას მიმოიხილავს, არამედ ეთნიკური და გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ისტორიული ფაქტების თანამედროვე ვითარებაში კონტექსტუალიზაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პუნქტის დარღვევას ხდიან სადაოდ, რომლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".