ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
მაისი/2114

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ

12 მაისს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის რელიგიის თავისუფლების ანგარიში საქართველოს შესახებ.

ანგარიში მიმოიხილავს რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკას და მათზე სახელმწიფოს რეაგირებას, COVID-19 პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს საპატრიარქოს პრივილეგიებს, საეკლესიო ანტისემიტიზმის შემთხვევებს, რელიგიური უმცირესობების მიმართ კანონმდებლობაში არსებულ უთანასწორობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ ბარიერებს, რელიგიური დანიშნულების ნაგებობების მშენებლობისას შექმნილ დაბრკოლებებსა და საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, საჯარო სასწავლო დაწესებულებებში რელიგიური ნეიტრალობის დარღვევებს, სიძულვილის ენის გამოვლინებებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მათ შორის ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პოზიცია საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით.

 

რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა და გამოძიება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს შემცირდა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა, რაც შესაძლოა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, საჯარო აქტივობებზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდეს. მითითებულია, რომ წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია 22 რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძვლით წარდგენილი საქმე, 2019 წელს კი აღნიშნული საფუძვლით გამოძიებულ საქმეთა რიცხვი 44 იყო. სახალხო დამცველის ოფისში წლის მანძილზე რელიგიური ნიშნით მოტივირებულ დანაშაულებსა და დისკრიმინაციის საქმეებზე შვიდი საჩივარი შევიდა. წარდგენილი განცხადებიდან ორი ძალადობას მოიცავდა.

ანგარიშში ასევე საუბარია იეჰოვას მოწმეების მიმართ შემცირებულ თავდასხმებზე. რელიგიური ორგანიზაციის მითითებით, აღნიშნული, COVID-19 პანდემიისას აქტივობების ონლაინ ფორმატში გადატანას უკავშირდება. იეჰოვას მოწმეებმა წლის მანძილზე ჯგუფის, მათ წევრებსა და დარბაზებზე თავდასხმის რვა შემთხვევაზე განაცხადეს, საიდანაც ერთი ძალადობას მოიცავს.

ანგარიში ასევე მიუთითებს TDI-ის განცხადებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევებზე ძირითადად სწორი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ. TDI-ის თქმით, ისევ პრობლემურია პროკურატურის მიერ დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და ინდივიდებისთვის ბრალის წარდგენა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძვლით.

 

კოვიდ-19 პანდემია და სახელმწიფოს პოლიტიკა რელიგიური გაერთიანებების მიმართ

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მაშინ როდესაც კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს არადომინანტურმა რელიგიურმა ჯგუფებმა შეწყვიტეს საჯარო რელიგიური საქმიანობა პირისპირ ფორმატში, პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უმოქმედობას ავლენდა და არ აწვდიდა აუცილებელ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ რელიგიური საქმიანობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი საგანგებო მდგომარეობის დროსაც, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ მინიჭებული პრივილეგიებით სარგებლობდა, მათ შორის 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე.

 

საკანონმდებლო უთანასწორობა

ანგარიშში მიმოხილულია ,,რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის” ინიციატივა და რელიგიურ ორგანიზაციათა პოზიციები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და ზოგიერთი რელიგიური გაერთიანება მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას. მათი თქმით, კანონი შეძლებდა დაერეგულირებინა რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის, სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების საკითხები. თუმცა რელიგიურ ორგანიზაციათა ფართო სპექტრმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს და უარყოფითად შეაფასეს. მათი თქმით, კანონის მიღება რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის შეზღუდვის არაერთ რისკს შეიცავდა, ასეთი კანონი სახელმწიფოსთვის რელიგიური უმცირესობების დიფერენცირებისა და მათზე გავლენის მოხდენის საფუძველს შექმნიდა.

ანგარიშში ნახსენებია რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებები. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ნორმები, რომლებიც  საქართველოს საპატრიარქოს ანიჭებდა პრივილეგიებს და რელიგიური გაერთიანებებისთვის უთანასწორო გარემოს ქმნიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შემდგომ, საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ვადა, ექვსი თვე, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად შეეცვალა სადავო ნორმების შინაარსი და მათი მოქმედება თანაბრად გაევრცელებინა ყველა რელიგიურ ორგანიზაციაზე. თუმცა, პარლამენტს არ მიუღია შესაბამისი ზომები საკანონმდებლო ცვლილებების განსახორციელებლად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 13 მაისს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი. კონსტიტუციური სარჩელით რელიგიური ორგანიზაციები ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის საფუძველზეც, არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე ქონების გადასახადისგან მხოლოდ ერთი რელიგიური გაერთიანება, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია არის გათავისუფლებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება. სასამართლოში საქმის განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში ასევე გრძელდება რელიგიური გაერთიანებების მეორე სარჩელის განხილვა სახელმწიფო ქონების კანონის დისრკიმინაციული ნორმების შესახებ, რომლითაც მხოლოდ მართლამდიდებელ ეკლესიას აქვს უფლება სახელმწიფოსგან შეიძინოს ქონება.

ანგარიშში ასევე საუბარია, საკონონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთვის ეკლესია–მონასტრების გარშემო ტყეების საკუთრების უფლებით გადაცემას ითვალისწინებს.

TDI-მ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციული ცვლილებები, რომლებიც კიდევ ერთ ექსკლუზიურ პრივილეგიას ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას.

 

რელიგიურ ორგანიზაციათა ავტონომიაში ჩარევა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუსლიმი თემი უკმაყოფილებას გამოთქვამს სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანების ავტონომიაში ჩარევის თაობაზე,  უნდობლობას  უცხადებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და აკრიტიკებს რელიგიური ლიდერების დანიშვნის წესს.

 

რელიგიურ ორგანიზაციათა საკუთრების უფლება და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია

ანგარიშში საუბარია რელიგიური ორგანიზაციების მიერ ქონების ფლობასთან დაკავშირებულ ბარიერებზე.

2020 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას არ დაუკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სომხური ტაძრის საპატრიარქოსთვის გადაცემას ეხებოდა. საჯარო რეესტრმა ,,თანდოიანცის” ეკლესია 2017 წლის 28 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენის გარეშე დაურეგისტრირა საკუთრებაში (TDI-ის შენიშვნა: აღნიშნული ეკლესიის დაბრუნებას სომეხთა სამოციქულო ეკლესია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ითხოვს). სომეხთა სამოციქულო ეკლესია წლის განმავლობაში განაგრძობდა მიმართვას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის, თბილისში ხუთ და ახალციხეში ერთ ეკლესიაზე საკუთრების რესტიტუციის თაობაზე, რომლებზეც აგრეთვე საპატრიარქომ განაცხადა პრეტენზია და რომლებიც სახელმწიფო საკუთრებად არის აღრიცხული. რელიგიის საკითხთა სააგენტოს ოფიციალურად არ უპასუხია ეპარქიის მიმართვებზე.

ანგარიშში ხაზგასმულია რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის პრობლემა. ეს საკითხი აქტუალურია მუსლიმი თემისთვისაც, რომელიც წლის განმავლობაში დავობდა ქვემო ქართლში, ადიგენსა და აჭარაში მეჩეთების საკუთრების უფლებით ფლობის საკითხზე.

ანგარიშში მიმოხილულია ბათუმის მეჩეთის საქმე და სასამართლო განხილვები. 2019 წელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.  მერია ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმებას. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ივლისში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე მეორე სხდომა (TDI-ის შენიშვნა: 2021 წლის 13 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც დაადგინა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარი უკანონოა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სასამართლომ, ასევე, მოსარჩელეების მიმართ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობაც დაადგინა. ეს არის ეროვნული სასამართლოების ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წლების განმავლობაში მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების ხელყოფის  დისკრიმინიაციული პრაქტიკას აღიარებს და მათი უფლებებისა და ღირსების აღდგენის სამართლებრივ წინაპირობებს ქმნის.)

 

რელიგიის თავისუფლება და განათლება

ანგარიშში საუბარია საჯარო სკოლებში დისკრიმინაციისა და რელიგიური ნეიტრალობის დარღვევის შემთხვევებზე.

კოვიდ პანდემიის პირობებში, საჯარო სკოლები ონლაინ სწავლების რეჟიმში გადავიდნენ, შესაბამისად, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები ვერ აღირიცხებოდა. TDI-ის თქმით, მოსწავლეები ასევე თავს იკავებდნენ რელიგიური დისკრიმინაციის შემთხვევებზე საუბრისგან, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციისა და სხვა მოსწავლეების განაწყენების შიშით. TDI-ის განცხადებით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს განათლების სამინისტროს მიერ სახელმძღვანელოების რევიზიისა და შეფასების პროცესში ადამიანის უფლებების ექსპერტების ჩართვა.

2020 წელს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ. ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, შაბათის გარდა, სხვა დღეს ჩაებარებინათ ინგლისური ენის გამოცდა. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებს კი, მათი რელიგიური მრწამსის გამო, არ შეეძლოთ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს.

TDI-ის მიმართვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა, რომ ორ აბიტურიენტს, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ შაბათ დღეს დანიშნულ ინგლისური ენის გამოცდაში, გამოცდა გადაეტანა სხვა დღეს. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციით დაცულ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა. სასამართლომ რწმენისა და რელიგიის თავისუფლების და განათლების უფლების მნიშვნელობაზე იმსჯელა.

TDI-ის მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველმაც მიმართა განათლების სამინისტროს ზოგადი წინადადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში გაითვალისწიონოს რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ჯგუფების საჭიროებები.

 

რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო დაფინანსება

2020 წელს მთავრობამ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, 25 მილიონი ლარი გამოუყო საპატრიარქოს, ხოლო დამატებით ოთხ რელიგიურ გაერთიანებას ჯამში 3,5 მილიონი ლარი.  არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ბუნდოვანია მთავრობის მიერ რელიგიური ჯგუფების შერჩევისა და დაფინანსების გაცემის კრიტერიუმები.

 

რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები და მათი აღსრულების პრობლემა

2020 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ წარმოადგინა რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომლებიც შემდეგ საკითხებს მოიცავს: რელიგიის თავისუფლების საკანონმდებლო რეგულირება, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები, რელიგიის თავისუფლების სახელმწიფო პოლიტიკა, ქონებრივი საკითხები, რელიგიური ლიტერატურის იმპორტი, პოლიციის საქმიანობა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, განათლება, სიძულვილის ენა, ანტიდასავლური პროპაგანდა და სხვა. აღინიშნა, რომ რეკომენდაციები წლიდან წლამდე მეორდება და არ შეინიშნება სახელმწიფოს მხრიდან მათში განხილული პრობლემების გადაჭრის ტენდენცია.

 

რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობაზე. იეჰოვას მოწმეებს კვლავ ექმნებოდათ პრბოლემები დე ფაქტო ხელისუფბების მხრიდან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას და მსახურების ჩატარებას. საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, რელიგიურ დღესასწაულებზე დასასწრებად გალის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას კვლავაც უწევდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ჩასვლა.

მთავრობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის განაცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობდა მართლმადიდებლური ნაგებობების დაზიანებას და ისტორიული კვალის წაშლას. საპატრიარქოს განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება განაგრძობს ზეწოლას ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რომ შეუერთდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.

 

სიძულვილის ენა და ანტისემიტიზმი

2020 წელს მედიის განვითარების ფონდმა რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის 30 განცხადება აღრიცხა, რომლებიც ტელევიზიით, ონლაინ სივრცესა და ბეჭდურ მედიაში ვრცელდებოდა. განცხადებების ავტორები მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. კეთდებოდა ანტი-ისლამური და ანტი-თურქული განცხადებებიც.

ანგარიშში საუბარია საეკლესიო ანტისემიტიზმის შემთხვევებზეც. 2020 წლის 20 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქადაგებისას ანტისემიტური შინაარსის განცხადებები გააკეთა. მან იქადაგა ამბროსი მედიოლანელის ცხოვრების შესახებ და მოყვა რამდენიმე ეპიზოდი. ებრაელებს კი უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”.

იოანე გამრეკელმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.” მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. მიტროპოლიტის ანტისემიტურ განცხადებებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი გამოეხმაურა.

TDI-ის საპასუხოდ, ისრაელში საქართველოს ელჩმა დაიცვა მიტროპოლიტის განცხადება და თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა განმარტებული და სასულიერო პირმა უბრალოდ ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება და დაგმო ანტისემიტიზმი (TDI-ის შენიშვნა: საპატრიარქო არ გაემიჯნა და არ დაუგმია მიტროპოლიტ გამრეკელის ანტისემიტური ქადაგება).