ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

სიახლეები
TDI
თებ/2420

სააპელაციო სასამართლომ აბიტურიენტების საქმეზე რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

19 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და დააკმაყოფილა TDI-ის სააპელაციო საჩივარი: მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრი ორი აბიტურიენტის მიმართ დაადგინა რელიგიის ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაცია და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა - სიმბოლურად, თითო ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მოთხოვნა დისკრიმინაციის დადგენასა და მორალური ზიანის სიმბოლურ კომპენსაციასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 2020 წლიდან იცავს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრი ორი აბიტურიენტის ინტერესებს.

მათ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს და მოითხოვეს, 18 ივლისს, შაბათს დანიშნული გამოცდა ცენტრს მათთვის სხვა დღეს გადაეტანა, რადგან, რელიგიური მრწამსის გამო, არ შეეძლოთ, შაბათ დღეს გამოცდაში მონაწილეობა მიეღოთ. 

ცენტრმა უკანონოდ და გაუმართლებლად უარყო განმცხადებლების მოთხოვნა, რითაც დაარღვია მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, განათლებისა და თანასწორობის უფლებები.

TDI-მ 2020 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა. განცხადებით მოთხოვნილი იყო, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავალებოდა, ეს აბიტურიენტები დაეშვა გამოცდაზე 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შედეგად, აბიტურიენტებმა შეძლეს გამოცდის სხვა დღეს ჩაბარება.

ამის შემდეგ, TDI-მ 2020 წლის 24 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა აბიტურიენტების სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო დისკრიმინაციის დადგენა რელიგიის ნიშნით, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა უარის შესახებ სადავო აქტის ბათილად ცნობის გზით და დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანისათვის სიმბოლური ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.

2022 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სტუდენტების მოთხოვნა. სასამართლომ ბათილად ცნო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული სადავო აქტი, რომელიც აბიტურიენტებს გამოცდის თარიღის შეცვლის შესაძლებლობას უზღუდავდა. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისა და მორალური ზიანის სიმბოლური კომპენსაციის ცენტრისათვის დაკისრების მოთხოვნები. 

2022 წლის აგვისტოში TDI-მ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა შედგა 2024 წლის 5 თებერვალს, ხოლო გადაწყვეტილება 19 თებერვალს გამოცხადდა. საქმეს განიხილავდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები  ნანა დარასელია (კოლეგიის თავმჯდომარე), დიმიტრი გვრიტიშვილი და ილონა თოდუა.  სასამართლომ დააკმაყოფილა TDI-ის სააპელაციო საჩივარი: აბიტურიენტთა მიმართ რელიგიის ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა - სიმბოლურად, თითო ლარის ოდენობით.

აღნიშნულ საქმეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეცედენტული მნიშვნელობა აქვს. გარდა კონკრეტული აბიტურიენტების ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფისა, ეს საქმე მნიშვნელოვანია საქართველოში რელიგიური უმცირესობების რწმენისა და რელიგიის თავისუფლების, თანასწორობისა და განათლების უფლების უზრუნველყოფის კუთხით. 

ვიმედოვნებთ, რომ მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრი აბიტურიენტების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიერ მათი დღესასწაულებითა და უქმე დღეებით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად როგორც შრომით, ისე საგანმანათლებლო სივრცეში. 

 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სტრატეგიულ სამართალწარმოებას ახორციელებს  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, პროექტის „რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში.